"მარადიული" ვარდის კანონი - კვირის პალიტრა

"მარადიული" ვარდის კანონი

ვინაიდან ვარდობისთვეა და ყვავილების მეფის ყვავილობის ჟამი, ალბათ, ამ თემაზე წერა სწორედ ახლაა უპრიანი. ვარდი მარინა ფალავანდიშვილის განსაკუთრებული სიყვარულია. ამ საქმეს უკვე 10 წელია უძღვება მეუღლის დაარსებულ კომპანიაში, რომლის ფუნქცია ბაღების, ეზოების გაფორმება და დეკორატიული მცენარეების გამრავლებაა. ამიტომაც მიმართა მას ერთმა ქალბატონმა ვარდის კალმით გასამრავლებლად და საოცარი ამბავიც მოუთხრო.

- ვარდს, რომლის დაკალმებაც მთხოვეს, პირობითად "მამულაშვილის ვარდს" ვეძახი. ყვავილი ძალიან ასაკოვანია და თავადაც ხანში შესული ვარდის პატრონი ნერვიულობდა, ეშინოდა, არ გამხმარიყო. მისი გადარჩენის იმედით კალმებზე ეს ქალბატონი არავის ეუბნებოდა უარს და კარგა ხანს მთელი უბანი ვარდის გამრავლებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ...

60-იან წლებში, როცა ვარდის პატრონი პატარა გოგონა იყო, მამამ, რომელიც მიხეილ მამულაშვილთან მეგობრობდა, მიიყვანა მამულაშვილის ბაღში. გამომშვიდობებისას ბატონმა მიხეილმა გოგონას ვარდის ნერგი აჩუქა და დასძინა, ამ ულამაზეს ვარდს რამდენჯერაც შეხედავ, გაგახსენდებიო...

საბედნიეროდ, ვარდის გამრავლება ჩვენ შევძელით და მას გაქრობა აღარ ემუქრება, მაგრამ კითხვები მაინც დარჩა. რა ვარდია? ჩამოტანილია? ხომ არ მუშაობდა ბატონი მიხეილი ვარდების სელექციაზეც? ბატონი მიხეილი მიჩნეულია პირველ ქართველ დეკორატორად, მაგრამ ცნობები მისი მოღვაწეობის შესახებ მაინც მწირია. მამულაშვილის ბაღი დღეს თითქმის აღარ არსებობს! ჩვენ თვალწინ წაიშალა ისტორიის კიდევ ერთი ლამაზი სურათი!

- რა ვარდია ასეთი, რომ მისი გამრავლება სხვებმა ვერ შეძლეს?

- არადა, ძნელად გასამრავლებელი არ არის. ის ქალბატონი თბილისში ცხოვრობს და ქალაქელებმა მისი გამრავლება ვერ შეძლეს, ალბათ შეცდომით ჩაატარეს პროცესი. მის ეზოში ვარდს უზარმაზარი ფართობი უჭირავს - სახლის მთელი წინა ფასადი. გამრავლებისას ტრადიციული მეთოდი გამოვიყენე. პერლიტში, ორგანულ ნაერთში ვაკალმებთ, ბაქტერიებისგან რომ უფრო დაცული იყოს, ვიდრე მიწაშია. სანამ გამრავლდება, ნიადაგში შეიძლება ბევრი ბაქტერია იყოს, რომლებმაც, შესაძლოა, მცენარეს ავნოს. მოკლედ, ვარდი გაცოცხლდა...

- რამხელაა ახლა თქვენი ვარდი?

- ტალღებად მოყვავილეა, წელიწადში სამჯერ ასწრებს ყვავილობას, თან, ჯერ პატარაა. რომ გაიზრდება, თანდათან ყვავილობას მოუმატებს. წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ მთლად პატარა ნერგმა სამჯერ იყვავილა. სურნელოვანია, ფერი მზის ინტენსივობაზე რეაგირებს. ნაღების ფერით დაწყებული, ვარდისფრის სხვადასხვა ტონსაც კი იღებს. როცა ჩრდილი ჭარბობს, მოვარდისფრო ფერებია, მზეზე კი გაცრეცილ ყვითელში გადადის.

- თქვენი ვარაუდით, რა ვარდი შეიძლება იყოს, რომ ასე ხანგრძლივად ცოცხლობს?

- ამის დადგენა ძნელია, რადგან არ ვიცით, მამულაშვილის გამოყვანილია თუ არა. სელექციურ სამუშაოებთან დაკავშირებით მებაღის ჩანაწერები არსებობს, მაგრამ კატალოგიზებული არ არის. შესაძლებელია, არსებობდეს კიდეც ინფორმაცია ამ ვარდის შესახებ. ბატონი მიხეილის შვილიშვილმა მითხრა, ცნობილია, რომ მამულაშვილმა თავისი მაღაზია გახსნა და ვარდის სახელი - "სოლედო" უწოდაო. მაგრამ ეს ვარდი არ არის სოლედო. მამულაშვილს უყვარდა ვარდი და სულ ჰქონდა, მათ შორის - ფრანგულიც, მაგრამ ეს ვარდი შემოტანილია, თუ მისი სელექციის შედეგად მიღებული, ჯერ ვერ დავადგინე. არსებობს ვარდი "ნონა," რომელიც მან გამოიყვანა და ცნობილ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს მიუძღვნა.

- მსოფლიოში 300 ათასი სახეობის ვარდი არსებობს და ალბათ ესეც ართულებს მისი ჯიშის დადგენას.

- მართლაც, როგორ შეიძლება ამდენ სახეობაში სურათის მიხედვით იპოვო და დაადგინო, რომელია ჩვენი ვარდი. თუმცა მაინც ვცდილობთ...

გული მწყდება, რომ მამულაშვილის ბაღი მცხეთაში ასე მიატოვეს. საზღვარგარეთ პატარა ქალაქებშიც კი ასეთ ბაღს თავისი მუზეუმი ახლავს, ჩვენ კი ვერ მოვუარეთ. ბავშვობაში სკოლიდან იქ ექსკურსიაზე დავყავდით. შესანიშნავი ადგილი იყო. ეს ადამიანი კი იქ საოცრებებს სჩადიოდა...

ლალი ფაცია

P.S. იქნებ ამ ვარდის სახეობა ვინმემ იცნოს და მოგვაწოდოს ინფორმაცია, ველით თქვენს გამოხმაურებას.