ირაკლი ექიმია და მორჩა!.. - კვირის პალიტრა

ირაკლი ექიმია და მორჩა!..

"ჩემს ძაღლს "გრაფი" ჰქვია, ჰასკი სიცხეს ძნელად იტანს, საცოდაობაა მისი ბინაში ცხოვრება, ამიტომაც წამოვიყვანე რაჭაში. პირველად რომ თოვლი დაინახა, ჭკუიდან ლამის შეიშალა, სიხარულით ხტოდა"

27 წლის ვეტექიმი ირაკლი სამხარაძე რაიონში არა მარტო ცხოველების, ადამიანების გაჭირვების ტალკვესიც არის. რა დროც უნდა იყოს, თუ დაურეკავენ, დახმარება გვჭირდებაო, მაშინვე მათკენ მიეშურება. მეზობელ სოფლებში ფეხით კილომეტრებს გადის თოვლის, წვიმისა თუ ქარის მიუხედავად. რაც ქალაქიდან სოფელში ჩავიდა, კარ-მიდამო და ვენახი გააცოცხლა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო და კერას, რომელიც დაუძლურებული ბებია-ბაბუის ხელში მინავლულ-მიძინებული იყო, სიცოცხლე დაუბრუნა.

მეოთხე წელია, ირაკლი ონის რაიონის სოფელ ღარს დაუბრუნდა. აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე, რაჭაში წავიდა საცხოვრებლად და შვეიცარიულ-ქართულ კომპლექსში ვეტერინარად მოეწყო, მერე კი ონის რაიონის ვეტსამსახურში გადავიდა, სადაც დღემდე მუშაობს. მერე რა, რომ ვეტექიმია - ხანდაზმული თანასოფლელებისთვის ირაკლი ექიმია და მორჩა!

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შემეძლო, თბილისის ვეტერინარულ კლინიკებში მემუშავა, თუმცა რაიონში დაბრუნება ვარჩიე. აქ მოხუცი ბებია-ბაბუა მყავს. ქალაქში არ წამოვიდოდნენ საცხოვრებლად, არადა, ყურადღება სჭირდებოდათ, ჰოდა, მათ გავუწიე ანგარიში.

რაჭას ანდამატივით მიმზიდველობა აქვს. ჩვენთან ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, თანაც, რეგიონში იმატა მეცხოველეობით დაინტერესებამ, გაჩნდა ფერმერული მეურნეობები და მიმაჩნია, რომ აქ ვარ საჭირო. სასიხარულოა, რომ ნელ-ნელა ვითარდება მსხვილი მეურნეობის კულტურა.

- რამდენ სოფელს ემსახურები?

- მთელ რაიონს ზოგს ტელეფონით ვაძლევ რჩევას, ზოგს მანქანით მივყავარ ავადმყოფ პირუტყვთან. ხშირად მეზობელ სოფლებში ფეხითაც მივდივარ. შუაღამითაც წავსულვარ მშობიარე პირუტყვთან ან ტრავმული დაზიანების შემთხვევაში. ამას წინათ ცხენი გადავარჩინე სიკვდილს. რომ დამეგვიანა, სისხლისგან დაიცლებოდა.

როცა მუშაობა დავიწყე, ყველაფერი ადვილად მეჩვენებოდა, მაგრამ ჩემი პროფესია მეტად რთულია. ადრე თუ უფროს თაობას სერიოზულად არ მიაჩნდა ძაღლებისა და კატების მოვლა-მკურნალობა, დღეს ახალგაზრდებში გაჩნდა ტენდენცია, ჰყავდეთ ჯიშიანი ძაღლები, კატები. უვლიან, რჩევასაც მეკითხებიან და პროფილაქტიკურ აცრებსაც ვუკეთებთ. რაიონში არ არის ვეტერინარული კლინიკა, ამიტომ როგორც შემიძლია, ისე ვაკეთებ ოპერაციებს.

- პროფესიის არჩევა ცხოველების სიყვარულმა განაპირობა?

- ცხოველები ბავშვობიდან მიყვარდა. ჩვენმა ახლობელმა ვეტერინარმა გია სამხარაძემ გამაცნო ეს სფერო და დამეხმარა პროფესიის არჩევაში. ბევრი შემძინა გამოცდილება-პრაქტიკამ. მუდმივად ვეცნობი ლიტერატურას, სიახლეებს, ინტერნეტით ოპერაციებს ვუყურებ...

- შენ თუ გყავს ცხოველები?

- კი, მყავს კატა, ჰასკის ჯიშის ძაღლი და ორი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ჩემს ძაღლს "გრაფი" ჰქვია, ძალიან საყვარელია. ზაფხულში ყოველდღე მდინარეზე დამყავს საბანაოდ. იქ არის დაგუბებული ადგილები, ჩახტება და წყლიდან ამოსვლა აღარ უნდა. ზამთარში სიცივეს ვერ გრძნობს, თოვლი უყვარს. ჩემს ძმას აჩუქეს რუსთავში. ამ ჯიშის ძაღლი სიცხეს ძნელად იტანს, საცოდაობაა მისი ბინაში ცხოვრება, ამიტომაც წამოვიყვანე რაჭაში. პირველად რომ თოვლი დაინახა, ჭკუიდან ლამის შეიშალა, სიხარულით ხტოდა. ჰასკი ძალიან თბილია, გრაფი რომ დამინახავს, თუ არ მივეფერე, პატარა ბავშვივით მებუტება.

- ადამიანისგან განსხვავებით, პირუტყვი ვერ შემოგჩივლებს, რა აწუხებს, ამიტომ რთულია მათი გაგება და დიაგნოზის დასმა.

- როცა პაციენტთან მივდივარ, პატრონის დახმარებით ვაგროვებ ანამნეზს, მერე კლინიკურ ნიშნებს ვამოწმებ, ვუსინჯავ ტემპერატურას, პულსაციას, ვუსმენ ფონენდოსკოპით. ანამნეზითა და კლინიკური ნიშნებით ირკვევა, რა სჭირს ცხოველს. სწორი დიაგნოზის შემდეგ მკურნალობაც იოლია.

- ბოლო ხანს რაჭის ტყეებში მობინადრე მტაცებლები სოფლებსაც შეეჩვივნენ და ოთხფეხა საქონელსაც ხშირად ესხმიან თავს.

- დიახ, მყოლია მტაცებლებისგან დაგლეჯილი პაციენტები. როცა სოფლები იცლება, მტაცებლებიც ტყეებიდან უშიშრად შემოდიან სოფლებში. მგლის ან დათვის დაგლეჯილი პირუტყვის პატრონებსაც მოუმართავთ. სამწუხაროდ, ბევრი სოფელი გატყევდა და მტაცებლები რაჭის ზოგიერთ სოფელში ბეღლებსა და ფერმებსაც კი სტუმრობენ. სამომავლოდ მეც მინდა ფერმერული მეურნეობის შექმნა, მინდა ბევრი რქოსანი პირუტყვი მოვაშენო, მაგრამ ამას დიდი თანხა სჭირდება. მანამდე, ალბათ, მეფრინველეობით დავიწყებ. ის შედარებით ნაკლებ ხარჯს ითხოვს.

- რას ნიშნავს შენთვის საკუთარი პროფესია და ბედნიერი ხარ არჩევნით?

- უმწეო არსების დახმარება მართლაც ბედნიერებაა. ხშირად წინააღმდეგობას არ გიწევს და ისეთი თვალებით მოგჩერებია, ვერ აგიწერთ. რა თქმა უნდა, ისიც ხვდება, გრძნობს, რომ ეხმარები... მათი პატრონებიც მადლიერი არიან, როცა ოჯახის ერთადერთ მარჩენალ ძროხას გადაურჩენ. თითქოს მეორედ ვიბადები, როცა მერე ეს ადამიანები მხვდებიან, მადლობას მიხდიან და მეფერებიან. მომარაგებული მაქვს პირველადი დახმარების საშუალებები, მედიკამენტები და ცხოველებს ჩემი წამლებით ვმკურნალობ. სოფლად ბევრს უჭირს, განსაკუთრებით - მოხუცებს და როგორც შემიძლია, ვცდილობ, დავეხმარო. ხშირად კილომეტრებიც გამივლია მათ სახლამდე. ქირურგიული იარაღი აწ გარდაცვლილმა ვეტექიმმა ნოე ჭელიძემ მაჩუქა.

ცხოველები მგრძნობიარე არიან, მკურნალობის შემდეგ თუ დამინახავენ, ჩემკენ იწევენ და მეალერსებიან, როგორც მათ მშველელს.

- შენი პროფესია რისკთანაც არის დაკავშირებული. მკურნალობისას თუ დაუკბენიხარ, ან სხვა ზიანი თუ მოუყენებიათ ცხოველებს?

- აგრესიული განსაკუთრებით ძაღლები არიან, მაგრამ მიდგომა უნდა იცოდე და მათ არავითარ შემთხვევაში შიში არ უნდა დაანახო. ვაქცინის გაკეთებისას უნდა იცოდე, რომელი მხრიდან იმუშაო. მაგალითად, თუ ძროხას კუნთში უკეთებ ნემსს, გვერდიდან არ უნდა მიუდგე, გვერდზე იქნევს ფეხს; ცხენი პირიქით - ფეხს უკან იქნევს და გვერდიდან უნდა დაუდგე. არის იმის საშიშროებაც, რომ როცა 500-600-კილოიან ხარს მანიპულაციას უკეთებ, ყველაფერი მარცხით დამთავრდეს - დაგეჯახოს და დაგაზიანოს. მათთან ურთიერთობისას სიფრთხილე აუცილებელია. საჭიროების შემთხვევაში ცხოველებს გადასხმებსაც ვუკეთებ. ზოგი ცხოველი მშიშარაა და ცდილობს, დაგემალოს. მაგალითად, კატა და ძაღლი გრძნობენ ექიმს, მაგრამ თუ ყოჩაღი პატრონი ჰყავს, შეუძლია გამოიტყუოს.

ჩემთვის ყველაზე საყვარელი მაინც ძაღლი და ცხენია. ძაღლი მყავს, ცხენს ბევრი მოვლა სჭირდება და დრო არ მაქვს. არ მინდა, ვიყოლიო და ვერ მოვუარო.

- ირაკლი, ვიცი, რომ სოფლის მეურნეობას მიჰყავი ხელი. სოფლის ცხოვრება სამეურნეო საქმიანობის გარეშე ხომ წარმოუდგენელია...

- ბაბუაჩემის ვენახი აღვადგინე - მოხუცდა და თვითონ ვეღარ უმკლავდებოდა. ბაბუას სიხარულს საზღვარი არ აქვს. ონელებს არც ისე დიდი ვენახები გვაქვს, მაგრამ იმდენი ყურძენი კი მოგვდის, ოჯახების საკმარისი ღვინო გვქონდეს და რაც მთავარია - ნატურალური. გარდა ამისა, ნაკვეთში ბლისა და კაკლის ნერგები ჩავყარე. შემოდგომით კიდევ 20 ძირი კაკლის დარგვას ვაპირებ. რაჭულ ნიგოზს ფასი აქვს და მინდა, დამატებითი შემოსავალი გავიჩინო. მრავალძალში კარტოფილი მომყავს. ეს სოფელი ალპურ ზონაშია, კარგი მიწაა და მოსავალიც შესანიშნავი მოდის. იქაურ კარტოფილს სულ სხვა გემო აქვს. სასუქსა და ნიტრატებს არ ვიყენებთ. ჩემთვის მიწაზე მუშაობა და ცხოველებთან ურთიერთობა განტვირთვის საშუალება და ერთგვარი თერაპიაა. ამ დროს პრობლემები გავიწყდება და სიყვარულით ივსები. ათმაგად სასიამოვნოა ეს ყველაფერი, როცა შრომა გიფასდება. სხვაგვარად ახალგაზრდა კაცი გულს აიცრუებ ყველაფერზე.

ონში უთბილესი ხალხი ცხოვრობს. ვინმეს რამე თუ სჭირდება, ადამიანების დასახმარებლადაც მზად ვარ. ონში რომ მივდივარ, მოხუცები ხან რას მაბარებენ, ხან - რას. შეშის დაჭრაც ვისწავლე და ვცდილობ, მოხუცებს რაღაცაში გამოვადგე. აღდგომის წინა დღეებში ახალგაზრდებმა მოვინდომეთ და მთელი სასაფლაო და მიმდებარე ტერიტორია გავწმინდეთ, ნაგავი გავიტანეთ - იქაურობა პოლიეთილენის პარკებით იყო მოფენილი. დავასუფთავეთ ის საფლავებიც, რომელთაც მიმხედავი არ ჰყავს - ბალახი და ეკალბარდი მოვაშორეთ.

ყოველ 2-3 თვეში დავივლით ხოლმე სოფელს და ვასუფთავებთ. ახალგაზრდები ძალიან აქტიურობენ. გაზაფხულიდან რაჭის სოფლები ივსება. ღარში 80-90 კომლი ცხოვრობს, ახალგაზრდობაც, სხვა სოფლებთან შედარებით, მეტია.

თბილისურ ხალხმრავლობას, ბობოქარ ცხოვრებასა და ხმაურს მიჩვეულს, თავიდან გამიჭირდა შეგუება - დიდ სამეგობროს მოვწყდი და სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდი... თავიდან მაკლდა ეს ყველაფერი, მერე თანდათან შევეგუე. არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას. რომ მენანა, აქამდე უკან დავბრუნდებოდი. აქ ხალხის ყურადღება, სითბო და სიყვარული დავინახე. მიყვარს ჩემი კუთხე, სოფელი, მიწა და ცხოველები, ამიტომაც ვარ აქ. როცა დროს გამოვნახავ, ქალაქსაც მოვინახულებ ხოლმე. ჩემი ორი ბავშვობის მეგობარიც დაუბრუნდა რაჭას. იმედია, ბევრი სხვაც მოგვბაძავს. მთავარია, საქმე იპოვონ. დასაქმების პრობლემა რომ არა, მგონია, ბევრი რაჭველი დაბრუნდებოდა. არადა, დაიცალა ეს ულამაზესი კუთხე. კარგი იქნებოდა, "აწარმოე საქართველოში" მსგავსად, ახალგაზრდებისთვის პროგრამები თუ ამოქმედდებოდა. იქნებ დააინტერესონ რამით, თორემ ახალგაზრდები მიდიან სასწავლებლად და უკან აღარ ბრუნდებიან. იმედი მაქვს, სიკეთისკენ შეიცვლება ყველაფერი.

ნანა ფიცხელაური