ფრინველები ბათუმურ "დერეფანში" - კვირის პალიტრა

ფრინველები ბათუმურ "დერეფანში"

"ზოგჯერ არწივის ფრთებით გაპობილი ჰაერის შხუილსაც გაიგონებთ"

ბათუმის საემიგრაციო დერეფანი, იგივე "ბათუმის ძაბრი", რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამეა გადამფრენი ფრინველების ტევადობით, მეოთხე მსოფლიო ფესტივალისთვის ემზადება. ფესტივალზე დედამიწის ყველა კუთხიდან ჩამოვლენ იმ საოცარი სიამოვნების მისაღებად, როცა სულ ახლოდან შეგიძლია დაინახო არწივების ან შევარდნების ირაო.

იყო წლები, როცა ფრინველთა გადაფრენაზე დასაკვირვებლად მიმავალ ჯიმშერ მამუჩაძეს უცნაური ღიმილით ხვდებოდნენ, რაც ნიშნავდა, რა იყო, შე კაცო, ცაში ყურების გარდა, ნუთუ საქმე არ გაქვსო? თუმცა მას არ სწყინდა: ჯერ ერთი, ზოოლოგია და ფრინველებზე დაკვირვება პროფესიით ევალება. მერეც, მხოლოდ მან და მისმა მეგობრებმა იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, რომ ფრინველთა უნიკალურ დერეფანს აქაურებისთვის სიკეთეც მოეტანა. გააკეთეს კიდეც - დღეს ბათუმური "ძაბრის" სანახავად ტურისტები ისევე დადიან, როგორც ამერიკის ან ისრაელის "ფრინველთა ძაბრებში".

ჯიმშერ მამუჩაძე: - ფრინველთა სამხრეთში გამოსაზამთრებლად გადაფრენას მილიონობით წლობით გამომუშავებული ინსტინქტები ახლავს - მიფრინავენ იმიტომ, რომ სიცივეში შიმშილით არ დაიხოცონ, მიფრინავენ სვენებით და ლივლივით. ათასობით კილომეტრის გადალახვა იოლი არ არის, ამიტომ ისეთ ადგილებს ირჩევენ გადასაფრენად, სადაც დროდადრო დასვენება შეიძლება. აჭარა-გურიის შედარებით დაბალი ქედები კი ამისთვის მისწრებაა.

ამიტომაც არის, რომ აღმოსავლეთ ევროპის ყველა გადამფრენი ფრინველი ბათუმის დერეფნით ხვდება სამხრეთის ქვეყნებში.

ამიტომაც ითვლება "ბათუმის ძაბრი" ამერიკისა და ისრაელის საფრენი დერეფნების შემდეგ სიდიდით მესამედ. აგვისტოს შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე აქ საოცარი სილამაზის მომსწრე გახდებით. მით უფრო, თუ ქედებზე ახვალ და ახლოდან დააკვირდები გადაფრენას. ულამაზესია მტაცებლების გადაფრენა - ყოველ წელიწადს ბათუმის ქედებს ასიათასობით არწივი, შევარდენი, თუ ქორი გადაუფრენს და ზოგჯერ იმდენად ახლოს, რომ შეიძლება არწივების ფრთებით გაპობილი ჰაერის შხუილიც გაიგონო.

- ასე ახლოს მიფრინავენ?

- ზოგჯერ 50 მეტრზეც კი. თუკი დღე მზიანია, მაშინ ზეცაში საოცარი სილამაზე იშლება, მით უფრო, თერმალის თავზე.

- თერმალი რა არის?

- დედამიწიდან აორთქლებული წყალია, რომელსაც ფრინველები მყისიერად შეიგრძნობენ, ჩერდებიან და თერმალის ენერგიით "იკვებებიან". ამ დროს ასეულობით ფრინველი ზამბარისებრ ირაოს აკეთებს, ანუ ერთიმეორის მიყოლებით ლივლივით დგება "ზამბარაში", რომლის "წვერი" მზისკენ მიემართება, მერე კი დაშლას იწყებენ - ზამბარას რომელიმე ერთი ფრინველი გამოაკლდება და მას სხვებიც მიჰყვებიან.

- ადვილი წარმოსადგენია, რა ლამაზი იქნება.

- არწივის გადაფრენას ვერაფერი შეედრება, სამ მეტრამდე გაშლილი ფრთებით თითქოს მთელი ზეცა მიაქვს... ამ სილამაზეს მსოფლიოში მილიონობით მოტრფიალე ჰყავს, მაგალითად, ინგლისში ფრინველთა დაცვის საზოგადოება მილიონ-ნახევარ ადამიანს აერთიანებს და ყველა მათგანი საწევროს იხდის ფრინველთა დასაცავად, ჩვენ კი მხოლოდ ბოლო წლებში დავიწყეთ ჩვენი უნიკალური დერეფნის გამოყენება. როცა ჩვენი უცხოელი მეგობრები პირველად ჩამოვიდნენ და ეს დერეფანი ნახეს, გაოცდნენ, მით უფრო, რომ აქ გადაიფრენენ ის ფრინველები, რომლებიც შეიძლება სხვა დერეფნებში ვერ ნახო, მაგალითად, კავკასიური ბექობის არწივი, რომელიც მხოლოდ ჩვენთან ბინადრობს.

ეთერ ერაძე