"ფაროსნული ომები" დასავლეთის ფრონტზე - კვირის პალიტრა

"ფაროსნული ომები" დასავლეთის ფრონტზე

"დღევანდელი მონაცემებით, 67 ათასი ჰექტარი თერმული ნისლით შეიწამლა, 2500 ჰექტარი კი "მოიზიდე და გაანადგურეს" პრინციპით, ანუ წერტილოვანი დარტყმებით"

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა არა მხოლოდ ხელისუფლების, მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. შარშანდლისგან განსხვავებით, წლეულს სახელმწიფომ რესურსების მაქსიმალური მობილიზება მოახდინა - დასავლეთ საქართველოში უკვე ორ თვეზე მეტია ხუთი საველე შტაბი მუშაობს, რომლებსაც აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული ცენტრალური შტაბი უწევს კოორდინაციას. სულ ქვეყანაში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებისთვის 140 ერთეული სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და სახელმწიფო ტერიტორიები, ასევე კერძო სავარგულები, სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება, აქტიურად იწამლება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მავნებელთან ბრძოლისთვის ოთხი ძირითადი მიმართულება შეიმუშავა: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები და სამეცნიერო საქმიანობა. არის თუ არა საკმარისი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ეს სტრატეგია მავნებელთან საბრძოლველად და რამდენად აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში მოსახლეობა, ამის გასარკვევად სამეგრელოს ვესტუმრეთ.

"ჩვენც უნდა გავისარჯოთ"

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გაჩნდა და სხვა მცენარეულ კულტურებთან ერთად, თხილის მოსავალიც დააზიანა. სოფელ პირველი მაისის მკვიდრი, ფერმერი თამარ გეგეშიძე გვიყვება, რომ წლეულს მოსახლეობა სახელმწიფოსთან ერთად ბევრად აქტიურად არის ჩართული მავნებელთან ბრძოლაში. "თხილი ჩვენი სოფლის მთავარი შემოსავლის წყაროა. ყოველწლიურად 2 ტონამდე ვყიდდი, თუმცა შარშან თითქმის მთელი მოსავალი დამილპა. ფაროსანას გარდა, სხვა დაავადებებიც აღმოჩნდა ნაყოფში. ინფორმაციაც ნაკლებად გვქონდა, როგორ გვებრძოლა მავნებელთან. წლეულს სახელმწიფომ წამლები დაგვირიგა, რომლებითაც ერთხელ უკვე შევწამლე სახლისა და თხილის პლანტაციის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ვიცი, რომ თხილი სოკოს საწინააღმდეგო წამლებითაც უნდა შეიწამლოს. ყველაფერს სახელმწიფოს ვერ მოვთხოვთ, ჩვენც უნდა გავისარჯოთ, მით უმეტეს, როდესაც საქმე ჩვენს ფერმას ეხება. შარშან ასეთი გამოცდილება არ გვქონდა, მოსახლეობაც პასიურობდა, ახლა ერთმანეთს შევძახებთ ხოლმე მეზობლები, თუ სადმე ფაროსანას შევნიშნავთ და სწრაფად ვიწყებთ მის განადგურებას. პირადად მე წლეულს არა მხოლოდ თხილი, ხეხილი, ვაზი, ციტრუსი და კარტოფილიც შევწამლე, სახელმწიფოს ჯგუფებმა კი ორჯერ დაამუშავეს სოფლის გარე პერიმეტრები, გზები... თუ ასე, ერთობლივად არ შევუტიეთ ფაროსანას, გაგვინადგურდება მოსავალი, არადა, ხომ უნდა ვიარსებოთ?!"

"სიზარმაცის დრო არ გვაქვს!"

შარშან ფაროსანას სამიზნე სიმინდიც გახდა. მოსახლეობის თქმით, მავნებლის მესამე თაობამ არა მხოლოდ სიმინდის ფოთლები, ნედლი ტაროებიც შეჭამა და ჩალაც კი უვარგისი გახდა. ნორიოელმა ფერმერმა გრიშა გეგეშიძემ წლეულს კუთვნილი მიწის ჰექტარ-ნახევარზე მეტი სახელმწიფოს დახმარებით შეწამლა.

"ფაროსანამ შარშან განსაკუთრებით შეგვაწუხა, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯგუფი დამეხმარა და მეურნეობა შემიწამლეს. მართალია, მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ მცირე მაინც გადავარჩინეთ. წლეულს ფხიზლად ვართ - ჯერ ფაროსანა არსად შემიმჩნევია, მაგრამ მიწის დამუშავებისა და დათესვის პერიოდში უკვე გამოვიყენე მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატები. ასე უნდა მოიქცეს ყველა ფერმერი. სახელმწიფოც ვალდებულია, დაგვეხმაროს და ტყის ნაპირები, გზების პერიმეტრი შეწამლოს. ჩვენს კარ-მიდამოს, მეურნეობას კი ჩვენ უნდა მივხედოთ, მით უმეტეს, რომ შესაწამლ პრეპარატებს გვირიგებენ. ახლა სიზარმაცის დრო არ გვაქვს, მოსავალი უნდა გადავარჩინოთ".

"დეცისი" ფუტკარს არ ვნებს!"

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფაროსანას წინააღმდეგ იყენებს ქიმიურ პრეპარატს, რომელიც მწერის სიკვდილიანობას 97%-ით ზრდის, ფუტკრისთვის კი, პრაქტიკულად, უსაფრთხოა. საგვაზაოელი მეფუტკრე ირაკლი ჯოლია შეწამვლის შემდეგ აქტიურად აკვირდება ფუტკრის ოჯახებს. "როგორც მე, ისე შტაბის წევრები ყოველდღე ვაკვირდებით ფუტკრებს, თუმცა პრეპარატი უვნებელი ჩანს. სამწუხაროდ, შარშან მცენარეები ეზოში შევწამლე და ფუტკრის 15 ოჯახი დამეღუპა. წლეულს ქიმიური პრეპარატი შეცვალეს და ჯერჯერობით უვნებელია. ფაროსანას საწინააღმდეგო საველე შტაბმა მაინც გაგვაფრთხილა, გზის პერიმეტრის შეწამვლას ვგეგმავთ, ამიტომ ფუტკრები სკებში ჩაკეტეთო. ვერ მოვასწარით - ფუტკარი საშოვარზე იყო წასული და გვიან მოვიდა და მეც გადავრჩი და ჩემი ფუტკრებიც. შეწამვლის შემდეგ შტაბიდან მოდიან და ლაბორატორიულად იკვლევენ ფუტკრებს. როგორც ჩანს, წლეულს ბევრად უსაფრთხო ქიმიურ პრეპარატს იყენებენ, როგორც მითხრეს, "დეცისს", რომელიც არაერთხელ შემოწმდა ლაბორატორიულად და ის ფუტკარს არ ვნებს".

"მოიზიდე და გაანადგურე", ანუ წერტილოვანი დარტყმების პრინციპი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე: - მარტის ბოლოდან მავნებელთან ბრძოლისთვის აუცილებელი საშუალებები დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გადანაწილდა. აქ მოქმედ ხუთ საველე შტაბს კოორდინაციას აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბი უწევს. ეკიპაჟები მუშაობენ მთელ დასავლეთ საქართველოში, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია თავს იყრის შტაბში, მისი გაანალიზებისა და დამუშავების შემდეგ კი საველე სამუშაოები იგეგმება. აქცენტი გავაკეთეთ მონიტორინგზე - ცენტრალურ შტაბში ავტომატურად მოგვდის ინფორმაცია. თუ ფერომონზე 15-20-ზე მეტი ფაროსანა აღირიცხა, მაშინვე ვიწყებთ მოქმედებას. ფერომონი წებოვანი ფურცელია, რომელიც მავნებელს იზიდავს. ფერომონზე აღმოჩენილ ფაროსანაზე შტაბში შDეტყობინების მოსვლის შემდეგ, სპეციალური პროგრამით დეტალური ინფორმაცია ეგზავნებათ სოფლის რწმუნებულებს, ჯგუფებს, ეკიპაჟებს. შეწამვლაში ერთვებიან სოფლის რწმუნებული, მერი, გუბერნატორი თუ თვითმმართველობის სხვა პასუხისმგებელი პირები. მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილების შემდეგ, რომ იგეგმება ტერიტორიის თერმული ნისლით შეწამვლა და ფანჯრები უნდა დახურონ, ვიწყებთ საჭირო ღონისძიებებს. მუდმივად გვაქვს ინფორმაცია ქარის მიმართულებასა თუ ტემპერატურის ცვლილებაზე, რაზეც მავნებლის გააქტიურებაა დამოკიდებული. თუ მაღალი ტემპერატურაა, გაორმაგებული ძალით ვმუშაობთ.

ინფორმაციის მიღება მიმდინარე სამუშაოს შესახებ ნებისმიერ მსურველს ონლაინრეჟიმში შეუძლია საიტზე წწწ.ფაროსანა.გე. აქ რეალურ დროში ჩანს, სად არიან ჩვენი ჯგუფის მანქანები და რომელ სოფელში მიმდინარეობს შეწამვლა.

- როგორც ვიცი, ვერ შედიხართ ტყეში, არადა, ძირითადად, სწორედ ტყეებში ბუდობს მავნებელი. ასევე საინტერესოა, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის თერმული ნისლი, რითაც გზისა და ტყის პირებს ამუშავებთ? - საქართველოს კანონმდებლობით, ტყის შეწამვლის უფლება არ გვაქვს, რადგან მავნებელთან ერთად, შესაძლოა ტყისთვის სასარგებლო მწერებიც დავაზიანოთ. ამიტომ ვერ ვიყენებთ ტყეში ვერტმფრენსაც. ვერტმფრენის გამოყენების შეგვიძლია მხოლოდ სიმინდის მასივებში. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, სატყეო პერიმეტრზე მუშაობს პრინციპი "მოიზიდე და გაანადგურე", რომელიც ყოველ 50 მეტრში ხაფანგების დადგმას გულისხმობს. დასავლეთ საქართველოში ყველა ტყე შემოსაზღვრულია ფაროსანას მოსაზიდი ხაფანგებით - თითო სოფელს მინიმუმ 15-20 ცალი ხაფანგი დაურიგდა, რომელთაც შემდეგ ცივი შესხურების დანადგარითა და თერმული ნისლით ვამუშავებთ. თერმული ნისლი აბსოლუტურად უვნებელია როგორც ფუტკრისთვის, ისე ადამიანისთვის, ამისთვის არაერთი ლაბორატორიული კვლევა ჩავატარეთ.

- რა ფართობი შეიწამლა ორ თვეში და თუ გაქვთ განსაზღვრული ე.წ. წითელი ზონები? - დღევანდელი მონაცემებით, 67 ათასი ჰექტარი თერმული ნისლით შეიწამლა, 2500 ჰექტარი კი "მოიზიდე და გაანადგურეს" პრინციპით, ანუ წერტილოვანი დარტყმებით. ფაროსანა მას შემდეგ აქტიურდება, რაც ზედიზედ სამი დღის განმავლობაში 22 გრადუსზე მაღალი ტემპერატურაა. როგორც კი მავნებელი სახლიდან გამოდის, გამრავლებას არ ვაცდით. ამ პერიოდში ნიმფები არიან და დაახლოებით ხუთი კვირის შემდეგ უჩნდებათ ჯავშანი. სწორედ ამ ხუთ კვირაში ვასწრებთ სოფლების შეწამვლას. რა თქმა უნდა, 100%-იან შედეგს ვერ მივიღებთ, მაგრამ ზარალი და მავნებელი მინიმუმამდე უნდა შევამციროთ. ამ მხრივ აქტიური ფაზა აგვისტოში იქნება.