"საქართველოში ხამონის წარმოების დაწყება ჩემთვის ხელახლა დაბადებაა" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ხამონის წარმოების დაწყება ჩემთვის ხელახლა დაბადებაა"

ცოტა ხნის წინ "ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის" ფარგლებში ხორცპროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა, რომელიც "საპარტნიორო ფონდმა", ქართულ-ესპანურმა კომპანია "Native Georgian"-მა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ერთობლივად მოაწყვეს. აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში უნიკალური ჯიშის ქართული ღორის ხორცპროდუქტებისგან დამზადებული კერძები გასინჯეს სპეციალისტებმა, მეცნიერებმა, კულინარებმა, შეფმზარეულებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდის - "DeRaza Iberico S.L"-ისა და "საპარტნიორო ფონდის" შვილობილი კომპანია "Native Georgian"-ის დამფუძნებელი რეხინო დიაზ დელ რიოსა და ლუის სანს კასადო.

"ქართული მთის ღორის მოშენების პროექტი" მოიცავს საქართველოში იბერიკოს ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენებას, ასევე ქართული ხამონისა და სხვადასხვა სახეობის ხორცპროდუქტების წარმოებას, მსოფლიოს ბაზარზე მის გატანას. პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში საქართველოში მოძიებული 25 უნიკალური ჯიშის ქართული მთის ღორისგან სელექციით, სტერილურ პირობებში, 500-მდე ღორი მოაშენეს. ესპანეთში ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ ქართული მთის ღორის მახასიათებლები ესპანური იბერიკოს ჯიშის ღორის მახასიათებლებს უტოლდება, მისგან დამზადებული ხამონი და სხვა ხორცპროდუქტები კი უმაღლესი ხარისხის ნაწარმია. ჩვენ ვესაუბრეთ კომპანია "DeRaza Iberico S.L"-ისა და "Native Georgian"-ის დამფუძნებელ რეხინო დიაზ დელ რიოსას. ქართული უნიკალური ჯიშის ღორი მან საქართველოში ორი წლის წინ, კახეთში აღმოაჩინა, როდესაც მეგობრის ოჯახში პირველად დააგემოვნა ქართული სამზარეულო, კერძოდ, კახური ღორის მწვადი.

რეხინო დიაზ დელ რიოსა: - მწვადის გასინჯვისას მივხვდით, რომ ღორის ამ ჯიშს საუკეთესო ხორცი ჰქონდა. ამ ღორების მოძიება მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყეთ. ყველა რეგიონი მოვიარეთ, მაგრამ ძალიან ცოტას მივაგენით. მათგანაც ერთნაირი არც ერთი არ ყოფილა. დასახმარებლად სოფლის მეურნეობის კვლევით ცენტრს მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ ეს ჯიში მცირე რაოდენობით მათაც ჰყავდათ და სელექციასაც აწარმოებენ. სწორედ ამ დროს ჩავებით ჩვენ პროცესში. მათ საძებრად სოფელ-სოფელ დავდიოდით, ფეხითაც გავდიოდით კილომეტრებს. თუმცა, რაც მეტი წინააღმდეგობა გვხვდებოდა, მეტად ვინტერესდებოდით. ამ მოგზაურობისას ძალიან შეგვიყვარდა საქართველო და ქართველი ხალხი. აქაურობის სიყვარულმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა შემდგარიყო. ყველაფერთან ერთად, ამ წამოწყებას სოციალური დატვირთვაც აქვს და უამრავი ადამიანის დასაქმებას ითვალისწინებს.

- სელექციის პროცესი გრძელდება? - დიახ. პროექტი 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და ხუთი ეტაპისგან შედგება. ამჟამად პირველი ეტაპი მიმდინარეობს - უნდა აშენდეს ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებასა და მათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სპეციალიზებულ ფერმაში გადაყვანას გულისხმობს.

პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობაა 750.000 აშშ დოლარი, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა 350.000 აშშ დოლარია. მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე დედა ღორის მოშენება და ფერმების მშენებლობა საქართველოს 90 რეგიონში. მეორე და მესამე ეტაპი სოციალური ნაწილია - მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას გულისხმობს და ფერმერებისგან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად 23 კგ-ზე მეტი წონის ღორების გადაცემას ითვალისწინებს, 100 კგ-დან 150 კგ-მდე წონის ღორებს კი კომპანია უკან, დადგენილი თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს. მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამმუშავებელი საწარმოს შექმნა და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების რეალიზაციაა, მეხუთე ეტაპი კი ქართული ხამონისა და რაჭული ლორის დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს გულისხმობს. ევროპული სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის პირველი ფერმა რაჭაში, სოფელ ღარში შენდება.

- "საპარტნიორო ფონდს" როგორ დაუკავშირდით? - როცა "საპარტნიორო ფონდის" გენერალურმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ამ პროექტის შესახებ გაიგო (ის წარმოშობით რაჭიდან არის, იცნობს რაჭულ ღორს), ესპანეთში გვეწვია და ჩვენი ინდუსტრია დაათვალიერა. დავით საგანელიძე ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ პროექტს მხარი დაუჭირა და მან ჩვენთან ერთად შემოიარა საქართველოს რეგიონები. ქართული ღორი ტყეში, ბუნებრივ ნობათზე იზრდება, თვითგადარჩენის უნარიც აქვს, ეს ყველაფერი კი მის ხორცზე აისახება. ასეთი ტიპის ღორს აქვს მაღალი ხარისხის ცხიმი, რაც ღორში დღეს პრობლემაა. ეს ყველაფერი უნდა აღდგეს და როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე დაიმკვიდროს ადგილი. ეს დაეხმარება ტურიზმსაც, რადგან მოგეხსენებათ, ესპანეთში ხამონისა და იბერიკოს საჭმელად ბევრი ადამიანი დადის... 67 წლის ვარ, ჩემი მშობლები ამ სექტორში მუშაობდნენ, ბაბუაც. 14 წლისა ჩავერთე ამ საქმეში. ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში იბერიკოს ხამონის ყველაზე დიდი საწარმო შექმნა... ეს საქმე ძაAლიან გვიყვარს, საქართველოში პროექტის დაწყება კი ხელახლა დაბადებას ნიშნავს. დიახ, ახლა მეც ამ პროექტთან ერთად ვიბადები. მოგზაურობა არ მიყვარს, თუმცა საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გამომგზავრებისას, თავად ვეხმარები ჩემს ცოლს ჩემოდნის ჩალაგებაში. ხოლო, როდესაც საქართველოდან ვბრუნდები, მეუბნება, ყურებამდე იღიმიო. მინდა, ყველაფერი წარმატებამდე მივიყვანო, ხალხი კმაყოფილი და გაძლიერებული იყოს. აი, მაშინ კი ბედნიერი დავამთავრებდი კარიერას. ლალი ფაცია