"საკალმახის მოწყობა ჩხაკაურას მთის წყარომ გადამაწყვეტინა" - კვირის პალიტრა

"საკალმახის მოწყობა ჩხაკაურას მთის წყარომ გადამაწყვეტინა"

"თუ წინასწარ არ იტყვი, რომ ეს საქმე არ გამოგივა და ტყუილად რატომ უნდა იშრომო, ყველაფერი გამოგივა!" - ამ სიტყვებს გამომშვიდობებისას აუცილებლად გეტყვით ჩხაკაურელი მეკალმახე ოთარ გიორგაძე. თავად საქმე მართლაც ნულიდან დაიწყო და მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობით წამოდგა ფეხზე. ჩხაკაურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომლის მიღმა უკვე ბახმაროს მთები იწყება. აქ განუმეორებელი სილამაზეა, თუმცა იმდენი ხალხი წავიდა, რომ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ 6 კომლი იყო დარჩენილი. ოთარ გიორგაძეც მათ შორის იყო, მას სოფლის სამუდამოდ დატოვება არასოდეს უფიქრია, სადაც უნდა წასულიყო, ბრუნდებოდა და იმაზე ფიქრობდა, რა საქმე წამოეწყო, რომ სოფელშიც ეცხოვრა და შემოსავალიც ჰქონოდა. ამგვარად მივიდა საკალმახის მოწყობის აზრამდე - მიუხედავად იმისა, რომ საქმის წამოსაწყებად თითქმის არაფერი გააჩნდა.

- ალბათ, ვერავის გავაკვირვებ იმის თქმით, რომ შემოსავლის ძიებაში ჩემი სოფელიც ნელ-ნელა დაიცალა. თუმცა, მე ძალიან გამიჭირდებოდა სამუდამოდ წასვლა იქიდან, სადაც ჩემი მამა-პაპანი ცხოვრობდნენ. ის კი არა, წლების წინ სახლი დამეწვა და ამანაც ვერ მაიძულა გადასახლება, ახალი სახლი იქვე, სოფელშივე ჩავდგი, ძველი სახლიდან 400-500 მეტრში. მშიერი არასოდეს ვყოფილვარ, ოჯახში პირუტყვი ოდითგან გვყავს (დღესაც 12 სული ძროხის პატრონი ვარ), მაგრამ მეტი მინდოდა. შემეძლო და რატომ არ უნდა მეკეთებინა! მოკლედ, საკალმახის მოწყობა გადავწყვიტე. ეს ჩემი ძველი ნამოსახლარის ახლოს ჩამოდენილმა მთის წყარომ გადამაწყვეტინა - იმდენი წყალი მოქუხს, საკალმახეს კი არა, მთელ ტბას მომაწყობინებდა. მანამდე მეკალმახეებთან ნასაუბრები ვიყავი და ვიცოდი, რომ სწორედ მთის წყაროს წყალზე გაზრდილ კალმახზეა მოთხოვნა, რადგან ძალიან გემრიელია. მოკლედ, საქმეში ჩემზე გამოცდილი ადამიანი შევიამხანაგე და მართლაც თავდაუზოგავად ვშრომობდი. ასე ვიყავი 2005 წლამდე. შემდეგ პარტნიორები გავიყავით და ისევ ნულიდან მომიხდა საქმის დაწყება - არანაირი დანადგარი აღარ მქონდა, სამაგიეროდ, მყავდა ადამიანები, რომლებიც მენდობოდნენ და ხშირად ნისიად მატანდნენ ყველაფერს. მყავდნენ ძველი კლიენტებიც, რომლებმაც იცოდნენ, რომ არ დავაღალატებდი. ჰოდა, ქვირითიდან დავიწყე. Mმოვიტანე ქვირითი და მოვაყოლე სპეციალური შავი ცელოფანი, რომ კარგად გამოჩეკილიყო.

- შავი რატომ? - იმიტომ, რომ ქვირითის გამოჩეკას ერთნაირი ტემპერატურის წყალი სჭირდება, მე კი შენობა არ მქონდა, სადაც ამ ტემპერატურას დავიცავდი. ამიტომაც ქვირითიანი ავზი მზით გათბობისას შავი ცელოფანით უნდა დამეცვა. მთავარი იყო, ლიფსიტა გამოჩეკილიყო, თორემ მოვლის გამოცდილება მქონდა.

- ეს საინტერესო პროცესი იქნება. - ძალიან. სიცოცხლის განვითარებას უყურებ, რომელიც ისევეა მოსავლელი, როგორც ყველაფერი ჩვილი. თავიდან ცოტა თავკომბალებივით უშნოები არიან, მაგრამ ძალიან სწრაფად ლამაზდებიან. მთავარია, რამე არ გამოგრჩეს, რომ ზრდაში ხელი არ შეეშალოთ. შეიძლება 1000 ახალგამოჩეკილ ლიფსიტაში 50 "გოლიათი" გამოერიოს, რომლებიც აუცილებლად სხვა ადგილას უნდა გადაიყვანო, რადგან სხვებს დაჩაგრავენ ან სხვები დაჩაგრავენ მათ. სხვა უამრავი ნიუანსიც არის გასათვალისწინებელი. მთელი ეს წლები არ გავჩერებულვარ, კალმახის გაზრდაზეც ვშრომობდი და მის გაყიდვაზეც, ძირითადად, ჩემი თავის იმედად ვიყავი.

- ყველაზე ძნელი ამ საქმეში რეალიზაციაა, ამას როგორ ახერხებდით? - თავად დამქონდა კალმახი ჩოხატაურში, სამტრედიასა და ქუთაისში, სადაც წლების განმავლობაში სტაბილური კლიენტურა შევიძინე. ყველაფერი ნდობაზეა აწყობილი.

- თქვენ მარტო მუშაობდით. არადა, ასეთ საქმეებს სოფლის მეურნეობის დამხმარე ორგანიზაციები აფინანსებენ და ეხმარებიან. - გულახდილად ვიტყვი, რომ ამის იმედი არ მქონდა, ამიტომ არც დავინტერესებულვარ ამ ორგანიზაციებით. თუმცა ერთხელაც ახლობელმა მითხრა, მიდი ჩოხატაურის გამგეობაში, იქნებ შენც მოგეხმაროს ვინმეო და მეც მივედი. მითხრეს, ისეთი საქმე გქონია წამოწყებული, დაფინანსება ნამდვილად გეკუთვნისო. მოკლედ, მოვიდნენ, ნახეს, რას ვაკეთებდი და მითხრეს, ყველაფერი უფრო გაგიადვილდება, თუ კოოპერატივს შექმნი, დაგაფინანსებთ და რაც კალმახის გაზრდისთვის გჭირდება, შეიძენთო. 5-კაციანი კოოპერატივი ჩამოვაყალიბეთ და 2015 წელს დაგვაფინანსეს. ახლა 10 საკალმახე ტბორი გვაქვს, ქვირითის დასაჩეკი შენობა და კარგი ტრანსპორტი თავისი მაცივრით კალმახის გადასატანად. მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ ვხედავ, რომ ჩემს სოფელში კიდევ მეტის გაკეთებაც შეიძლება, ვერ ვახერხებ და ამაზე მტკივა გული.

- მაინც რა? - ტურიზმის განვითარება. ჩემი სოფელი მიწიერი სამოთხეა და დარწმუნებული ვარ, გზა რომ იყოს, ტურისტი არ მოგვაკლდება, ამით ხალხიც დაბრუნდება და ჩვენც გავძლიერდებით. მაგრამ რაც მთავარია, ის არ გვაქვს - გზა! არადა, ჩვენი სოფელი ტრასიდან 2 კილომეტრშია. აქ სიარული ადამიანსაც უჭირს და მანქანასაც, საკალმახემდე ორხიდიანი მანქანის გარეშე ვერ ახვალ. კიდევ კარგი, ორხიდიანი მანქანა მყავდა შემორჩენილი, თორემ არც საკალმახე იქნებოდა და არც არაფერი. არადა, ტურიზმის განვითარების იმედით რამდენიმე წლის წინ ხის კოტეჯი ავაშენე. ახლა ველოდები ტურისტებს... ვიცი, ზოგი არც უგზოობას შეუშინდება, მაგრამ ალალბედზე ხომ არ მოვლენ?! გარშემო ვერც ტურისტულ კომპანიებს ვხედავ, რომ დაგვეხმარონ და ამ ხალხს გეზი მისცენ ჩვენი სოფლისკენ! ეთერ ერაძე