"...და დრო ვარდებთან პაემანისა" - კვირის პალიტრა

"...და დრო ვარდებთან პაემანისა"

"ბევრი ჯიშის ვარდი მაქვს - ხვიარები, ბუჩქოვანები, ფლორიბუნდები, ჯუჯები და ნიადაგმფარავები... ალბათ, 100 სახეობაზე მეტი"

გლდანის ბოლოში, ბერთუბნის ქუჩაზე სახლ-კარი, ხეხილითა და ყვავილებით სავსე ბაღი ჩვენი მკითხველის ხელით არის შექმნილი. ციური ჭაღალიძე და მის მეუღლე ოთარ დავითაძე იქ 1992 წელს დასახლდნენ და სააგარაკე ტერიტორიაზე ბაღის გაშენება დაიწყეს. აქვთ ბოსტანი, ვენახი და ყვავილების ულამაზესი ბაღი. ყველაფერი მოჰყავთ, მაგრამ ყვავილები მათი გატაცებაა, განსაკუთრებით - ქალბატონი ციურისთვის.

მათ ეზოში, როგორც თვითონ ამბობენ, ვარდები "აფეთქდა". ძნელია უამრავი მცენარის მოვლა, მაგრამ ქალბატონი ციური მათ პატრონობას როგორღაც აუდის. ჩანაწერების რვეულში ყველაფერს აღნუსხავს, რა დარგეს, როგორ გაიხარა, რა შედეგი მოიტანა...

ციური ჭაღალიძე: - ბევრი ჯიშის ვარდი მაქვს - ხვიარები, ბუჩქოვანები, ფლორიბუნდები, ჯუჯები და ნიადაგმფარავები. ვარდების ყვავილობა, ალბათ, სხვა ყვავილებისგან გამორჩეულია. ამჟამად ვარდის 100 სახეობაზე მეტი მაქვს, მათ შორის ბევრია ჯუჯა ვარდი, რომლებიც სხვებს არაფრით ჩამოუვარდება. ისინი განსაკუთრებით უხვადმოყვავილეები არიან. მაქვს ერთჯერადად მოყვავილეებიც, იმდენად უხვად, რომ მათ ჩემს ეზოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ვარდის ყვავილობა მაისში რომ დაიწყება, ყინვებამდე გრძელდება. განსაკუთრებით ბევრი ყვავილი ახლა აქვს. შემდეგი ყვავილობა შედარებით ხანმოკლეა და ყვავილიც ნაკლებია - ზაფხულში სიცხეების დროს ცოტა უჭირს. შემდეგ განსაკუთრებით აქტიური სექტემბერშია და კარგი ყვავილიც აქვს. ვარდს სიგრილე უყვარს და არა სიცხე.

- როგორც ვხვდები, მხოლოდ ერთი ფერის ვარდს არ ანიჭებთ უპირატესობას. - არა, ყველა ფერის ვარდი მაქვს, რაც არსებობს. მაქვს ორფერი, ჭრელი ვარდებიც. ძალიან მომწონს ეს ფერთა სიუხვე. დარგვისას ფერებს საგანგებოდ ვაკონტროლებ - ფერთა გამა შეხამებული რომ იყოს. ბოლო დროს ოსტინის ვარდზე გავამახვილე ყურადღება, ხვიარებია, უკვე რამდენიმე ჯიშის შევიძინე, სურნელოვანია და ბუჩქოვანი. ისე, უპირატესობას ძველი ჯიშის ვარდს ვანიჭებ.

- როგორც ვიცი, ძველი სახეობის ვარდები მართლაც სურნელოვანია, რითაც თანამედროვე სახეობები ვერ დაიკვეხნის. - დიახ, ყველა სურნელოვანია, ახალგამოყვანილ ჯიშებს კი ასეთი სურნელი არა აქვთ, თუმცა მათშიც არის ისეთი, რომელიც სურნელით გამოირჩევა. ისინი ბუჩქოვანებია და არომატით ჩემი ბებიის ვარდებს ვამსგავსებ. როცა ყველა ერთად "ფეთქდება", ამ დროს მართლა საოცრება ხდება. ამას "აფეთქების პერიოდს" ვეძახი. ყოველ დილას, თვალს გავახელ თუ არა, დავდივარ და თითოეულ გაშლილ ვარდს, კვირტს, კოკორს ვუყურებ - რამდენად გაიშალა, როგორ იცვლის ფერს. როცა იშლება, სხვა ფერია, გაშლის შემდეგ - სხვა და რომ იყვავილებს, კიდევ სხვა. ეს საოცრებაა. მათი ეზოში მოშენება 15-20 წლის წინ დავიწყე. პირველად ხვიარები შევიძინე ღობის გასალამაზებლად. ისინი ერთჯერადად მოყვავილეები აღმოჩნდა, მაგრამ დღემდე ამშვენებს ჩემს ღობეს და ულამაზესია. შემდეგ უკვე ბუჩქოვანი ვარდები შევიძინე, საქართველოში ფართოდ გავრცელებული... ჩვენს ეზოში ვარდი თითქმის მუდმივად ყვავის.

- როგორ უვლით, თანაც ამდენ სახეობას?

- გასხვლას თებერვლიდან ვიწყებ, გრძელ ტოტებს ვაცილებ. ძველი ფოთლები თუ შერჩენილი აქვს, იმასაც ვაშორებ, ვკრეჭ, ვწვავ ამ ყველაფერს, რომ თუ რამე დაავადება აქვს, მოისპოს, შემდეგ ვამუშავებ ნიადაგს. თებერვლის ბოლოდან ან მარტის დასაწყისიდან დაავადებების საწინააღმდეგოდ პირველი წამლობა იწყება. ყველაფერი უნდა ჩამოირეცხოს და დამუშავდეს.

- ამისთვის რას იყენებთ? - მცენარეთა დაცვის მაღაზიაში ვყიდულობ ყველაფერს. ბევრი პრეპარატია შემოსული. პირველი წამლობა მარტის დასაწყისში იწყება, შემდეგ უკვე ორ კვირაში ერთხელ. ეს აუცილებელია. უამისოდ ძალიან ბევრი დაავადება უჩნდება, განსაკუთრებით - ახალ ჯიშებს.

- შემოდგომით რატომ არ სხლავთ? - შემოდგომით გასხვლა შეიძლება, მაგრამ თუ მკაცრი ზამთარი იქნება, შესაძლოა, მოიყინოს. თებერვლის შუა რიცხვებიდან ამინდის პროგნოზის მიხედვით ვმოქმედებ. თუ ყინვებს ველოდებით, შეიძლება, თავი შევიკავო და თებერვლის ბოლომდე არ გავსხლა. ეს ვარდების ბაღი ჩემი შრომის საუკეთესო შედეგია - ჩემი ეზოს სავიზიტო ბარათი. უამრავი მცენარე მაქვს, მაგრამ ვარდი შეუცვლელია.

- რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც ახალი დაწყებული აქვს ეს საქმე? ან სად შეიძინონ, რას მიაქციონ ყურადღება? - როცა საკუთარი ხელით დააკალმებ ნერგს, შენი ხელით დააფესვიანებ და გამოიყვან, ძალიან სასიამოვნოა. ვინ იცის, რამდენი ტოტი მაქვს აჭრილი. დავაფესვიანებ და 10 წელია, ეზოში ხარობს. გარდა ამისა, ახალ ჯიშებს სხვადასხვა სანერგესა და მაღაზიაში ვყიდულობ. ასევე არის ოჯახები, რომლებიც მევარდეობას მისდევენ. ბევრი მყნობით ახარებს. მათგანაც ვიძენ სასურველ ფერს. ასე რომ, არ შეშინდნენ, დაიწყონ ვარდის მოშენება, ეს სიკეთეს მოუტანთ. ვარდი პატრონს შრომას არ უკარგავს, თავისი ლამაზი ყვავილობით ახარებს და ახალისებს. ლალი ფაცია