"თახვის "ქოხი" საინჟინრო ნაგებობაა" - კვირის პალიტრა

"თახვის "ქოხი" საინჟინრო ნაგებობაა"

"თახვების აშენებული ნაგებობები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ქალაქებსაც კი ეძახიან"

"თახვი ხის ტოტებისა და მიწისგან 2,5 მეტრის სიმაღლის "ფაცხებსა" და ჯებირებს აშენებს. კონსტრუქცია იმდენად რთულია, რომ გამოცდილ მშენებლებსაც აკვირვებს. როგორც წესი, თახვი მდორე მდინარეზე აშენებულ პატარა ქოხში ცხოვრობს, რომელიც მაქსიმალურად არის დაცული"

მასიური სხეული, მოქნილი კუდი და ხავერდოვანი, ძვირფასი ბეწვი, რომელიც უმეტესად ღია წაბლისფერი, ან მურაა - ასეთი გახლავთ თახვი, ცხოველთა სამყაროს მოუსვენარი წარმომადგენელი. ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს გამოთქმა "თახვივით მშრომელი" და ასე გამრჯე ადამიანს ამკობენ. ამ საინტერესო ცხოველის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ვესაუბრეთ.

- თახვი დიდი ზომის მღრღნელია, რომელსაც მრავალი საინტერესო და უჩვეულო თვისება აქვს. ცხოველი საკმაოდ დიდია, მისი წონა 30 კილოგრამს აღწევს, ხოლო სხეულის სიგრძე 1 მეტრია. შესანიშნავად ცურავს, რაშიც აგებულება და ბრტყელი კუდი ეხმარება. თახვი მდორე მდინარეებში ცხოვრობს, თუმცა საცხოვრებლად ჭაობებსაც არ იწუნებს.

- მის თვისებებს შორის რომელს გამოარჩევთ? - თახვები არასოდეს რჩებიან მარტო - ისინი კოლონიებად ცხოვრობენ. რაც მთავარია, თახვები აგებენ უზარმაზარ წყალსაცავებს. ისინი ხეებს ყველა მხრიდან ღრღნიან, რომ წააქციონ და საშენ მასალად გამოიყენონ. თახვის "ქოხი" ძალიან საინტერესო საინჟინრო ნაგებობაა, თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში სწორედ ეს მშენებლობები გახდა თახვების გადაშენების მთავარი მიზეზი.

- რატომ? თახვები ადამიანებს ხელს უშლიდნენ? - დიახ, თავისი "ბუდის" ასაშენებლად თახვი მდინარეს აგუბებს, ხეებს ანადგურებს და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანი მას ყოველთვის ებრძოდა. საქართველოშიც ეს გახდა თახვის გადაშენების ერთ-ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი მისი ძვირფასი ბეწვია. ციმბირსა და იმ ადგილებში, სადაც ცივი ამინდები და დაბალი ტემპერატურაა, თახვებს ძალიან მაღალი ხარისხის ბეწვი აქვთ, რომელიც მათ ყინვისგან იცავს. ცნობილია, რომ ცხოველებს შორის თახვს ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ბეწვი აქვს.

- საქართველოს რომელ ნაწილში ბინადრობდა თახვი? - ვარაუდობენ, რომ ეს ცხოველი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, კოლხეთის დაბლობზე ცხოვრობდა, მაგრამ ზუსტად როდის და როგორ გადაშენდა, უცნობია. როგორც ჩანს, ჭაობების ამოშრობამ და იმ ცვლილებებმა, რაც ამ მოვლენას მოჰყვა, თახვის საარსებო გარემო გაანადგურა და ისინიც გაქრნენ. სხვადასხვა ვერსია შეიქმნა, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია, თუ რატომ გადაშენდა თახვი საქართველოდან, არ არსებობს.

- ახლა თუ ცხოვრობენ ჩვენს რეგიონში თახვები? - თახვი მარტო საქართველოში კი არა, მთელ ჩვენს რეგიონშია გადაშენებული - როგორც სამხრეთ, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში. მხოლოდ რუსეთში შემორჩა ევროპული თახვი. ბევრი ბინადრობს ამერიკაშიც. სულ ეს ორი სახეობაა ცნობილი: ევროპული და ამერიკული. მათ შორის განსხვავება თითქმის არ არის, ამიტომ ამ ორი სახეობის გარჩევა ერთმანეთისგან რთულია, ოღონდ ამერიკული თახვი უფრო დიდია - ეს მთავარი განმასხვავებელი ნიშანია.

- ვინ არის თახვის ყველაზე საშიში მტერი?

- ცხოველებს შორის თახვის უპირველესი მტერი არის მგელი. როცა დიდი ცხოველების რაოდენობა იკლებს, მგელი საკვებს ვეღარ პოულობს და თახვებზე გადაერთვება. თახვის მტრებს შორის წავიც სახელდება. არსებობს მოსაზრება, რომ წავი მის წყალსაცავებს შლის და ამით თახვების გამრავლებასა და არსებობას აფერხებს. თავისთავად ცხადია, რომ თახვის ყველაზე დიდი მტერი ადამიანია: ზოგან დინამიტითაც კი აფეთქებენ თახვის აგებულ წყალსაცავებს, რადგან მათ გამო შეიძლება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბოროს. თახვებს თავგამოდებით ებრძვიან, მაგრამ ისინი თავიანთ საცხოვრებლებს მაინც აშენებენ. ხშირად თახვების მიერ აშენებული ნაგებობები იმდენად შთამბეჭდავია, რომ ქალაქებსაც კი ეძახიან.

- ძნელი ცხოვრება ჰქონია თახვს...

- როგორც ყველა ცოცხალი არსება, ისიც უამრავ დაბრკოლებასა და დიდ სირთულეებს აწყდება. თახვი თვალში საცემად ცვლის გარემოს, ამის გამო ბუნებისთვის აუცილებელი არსებაა. სამწუხაროა, რომ ადამიანი წლების განმავლობაში ანადგურებდა ამ სასარგებლო და საჭირო ცხოველს.

- ბოლო ხანებში ზოგიერთ ქვეყანაში თახვებს ხელოვნურად ამრავლებენ... - ყოველთვის ასე ხდება: როცა ესა თუ ის ცხოველი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, მერე იწყებენ მასზე ზრუნვასა და მის მომრავლებას. თახვის შემთხვევაშიც ასეა - დღეს ამ ცხოველს ძალიან ბევრ ქვეყანაში იცავენ და ხელოვნურადაც ამრავლებენ.

- ტრადიციული შეკითხვა უნდა დაგისვათ: ზოოპარკში თუ გყავთ თახვები? - ჯერჯერობით არ გვყავს, მომავალში კი ვნახოთ. სხვათა შორის, ეს ცხოველი ძალიან ცოტა ზოოპარკს თუ ჰყავს, რადგან ის ჯიუტად ცდილობს, თავისი საცხოვრებელი ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ პირობებში ააშენოს. ამიტომ თახვისთვის საჭირო გარემოს შექმნა ადვილი არ არის. ამ ცხოველს აუცილებლად სჭირდება წყალი, მისთვის აუცილებელია ხეების ღრღნაც, რადგან ეს მისი საკვებია, ამიტომ ზოოპარკში მისი მოვლა და შენახვა რთული ამოცანაა.

"კარაბადინში" თახვის ქონი სამკურნალო საშუალებად არის დასახელებული

თახვის ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელს ძალიან დიდი ფასი ჰქონდა, ამიტომ მის ტყავს ზოგიერთ ქვეყანაში ფულის ნაცვლადაც იყენებდნენ. მეცნიერები მიუთითებენ იმ სარგებლობაზე, რომელიც თახვის საქმიანობას მოაქვს, მაგალითად, წყლის დაგუბება მას სისუფთავეს უნარჩუნებს და მრავალი ცოცხალი ორგანიზმისთვის ქმნის სასიცოცხლო პირობებს. იქ, სადაც თახვი ცხოვრობს, იცვლება ლანდშაფტი, ნიადაგი, ფლორა და მთლიანად ბუნება, ჩნდება ახალი, ნორჩი ტყეები... ზოგი იმასაც ამბობს, რომ თახვების გაკეთებული საგუბრები ნიადაგს იცავს და გვალვის შედეგებს ამცირებს. არქეოლოგიური მასალების მიხედვით ადგენენ, რომ ამ ცხოველის ქონს საპატიო ადგილი ეჭირა ძველ ქართულ მედიცინაში: კერძოდ, საკაჟიას გამოქვაბულში იპოვეს ცხოველის ქონისა და ძვლის ტვინისგან დამზადებული სამკურნალო მალამო. ძვლების მიხედვით დადგინდა, რომ ის თახვისა ყოფილა. თახვი ძველ ქართულ სამკურნალო წიგნებშიც მოიხსენიება, მათ შორის, ზაზა ფანასკერტელის "კარაბადინში", სადაც თახვის ქონი სხვადასხვა დაავადების სამკურნალო საშუალებად არის დასახელებული. გარდა ძვირფასი ბეწვისა, ზოგიერთ ქვეყანაში თახვის ხორცს საკვებადაც იყენებდნენ, ამიტომ ნადირობა ამ ცხოველზე არასოდეს შეუწყვეტიათ. ამის გამო XIX-XX საუკუნეებში მსოფლიოს ბევრ რეგიონში თახვები საერთოდ ამოწყდნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე