ფაროსანამ უკან დაიხია?! - კვირის პალიტრა

ფაროსანამ უკან დაიხია?!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. იმისათვის, რომ თავად დავრწმუნებულიყავით, რთულად დასამარცხებელი მავნებლის პოპულაციის შემცირებაში დასავლეთ საქართველოს ვეწვიეთ. აზიურ ფაროსანას მნიშვნელოვნად შემცირებას "კვირის პალიტრასთან" საუბარში ადასტურებენ ფერმერები და ადგილობრივი მოსახლეობაც. შარშანდლისგან განსხვავებით, თხილის პლანტაციებში ამ მავნებლის მოძებნა უკვე თითქმის შეუძლებელია. თუმცა მეთხილე ფერმერებისთვის წელსაც გამოწვევად რჩება თხილის სოკოვანი დაავადებები, რომლებიც მოსავალს მნიშვნელოვნად აზიანებენ, თუ დროულად არ ჩატარდა წამლობა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში შეიწამლა ფართობები, რაც საერთო ჯამში 160 ათას ჰექტარზე მეტია (შედარებისთვის: გასულ წელს მთელ სეზონზე 110 ათასი ჰექტარი დამუშავდა). ტერიტორიების დამუშავება საჭიროების შესაბამისად გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის განმარტებით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის საკადრო, ფინანსური და ტექნიკური სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ავიაციაც: "პოზიტიური შედეგი, რომელსაც ფაროსანასთან ბრძოლაში მივაღწიეთ, სწორმა და თანამიმდევრულმა სახელმწიფო პოლიტიკამ განაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ შემცირდა მავნებლის პოპულაცია და მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაფართოვდა.

მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას, რომელმაც სახელმწიფოსთან ერთად კარგად გაითავისა საკუთარი როლი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში. თითოეული ადგილობრივის აქტიური ჩართულობის გარეშე, მხოლოდ სახელმწიფო ასეთ შედეგს ვერ მიაღწევდა.

ტერიტორიების დამუშავება გაგრძელდება. ივლისის შუა რიცხვებიდან მავნებლისგან სიმინდის დაცვის მიზნით დაგეგმილია დიდი საყანე ფართობების დამუშავება."

მიღებული შედეგის მიუხედავად, ზურაბ ჩეკურაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას მაღალი ჩართულობისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ აუცილებელია, ფერმერებმა ბაქტერიულ და სოკოვან დაავადებებსაც მიაქციონ ყურადღება, სპეციალისტებისგან მიიღონ საჭირო რეკომენდაციები და გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები. კარგი მოსავლისა და შესაბამისად, შემოსავლის მისაღებად ეს აუცილებელი პირობაა.

თხილის სხვადასხვა დაავადებაზე საუბრობენ მცენარეთა დაცვის სპეციალისტებიც და საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ ფერმერებს. აგრონომ რევაზ შონიას განმარტებით, წელს დასავლეთ საქართველოში თხილის პლანტაციებში აგროტექნიკური სამუშაოები გააქტიურებულია. აზიური ფაროსანა პრობლემა აღარ არის, თუმცა პრობლემად რჩება სხვა დაავადებები, რომლებთან ბრძოლაც აუცილებელია.

-"აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სახელმწიფო ღონისძიებები მაღალ დონეზე ტარდება. თუმცა აუცილებელია თავად ფერმერებმა იაქტიურონ და შეწამლონ თხილის ნარგავები. წლის განმავლობაში 4-5-ჯერ შეწამვლით ძალიან კარგ შედეგს მიიღებენ. შეწამვლა მავნებლის გააქტიურებამდე უნდა მოხდეს, თორემ როცა შეესევა და დააზიანებს, უკვე ძალიან დაგვიანებულია.

ფერმერების დიდი ნაწილი წელს სწორედ ასე მოიქცა და ფაროსანას პრობლემა ჩვენი გამოწვევა აღარაა.

ამჯერად სხვადასხვა სახეობის სოკოვან დაავადებებთან ბრძოლაა საჭირო. შარშან 12 სახის სოკო დაფიქსირდა. არიან სხვა მავნებლებიც, მაგალითად, ხარაბუზა და ამბროზიის ხოჭო", - განმარტავს რევაზ შონია.

მისივე განმარტებით, კარგი მოსავლის მისაღებად აუცილებელია მექანიკური ღონისძიებების გატარება, რაც ჩამოცვენილი ტოტებისა და ნარჩენების დროულად გატანას გულისხმობს. ნიადაგში არ უნდა დაიწყოს ლპობა, რადგან სწორედ აქედან მოდის ბევრი პათოგენი, რომელიც მერე მცენარეზე ადის და ნაყოფის ლპობასაც იწვევს. ნარჩენების გატანის შემდეგ თხილი უნდა შეიწამლოს. შემდეგი შეწამვლა იწყება გაზაფხულზე, კვირტში გამოსვლის პერიოდში. ზუსტი თარიღები გარემო პირობებზე, ტემპერატურასა და ტენიანობაზეა დამოკიდებული.

მცირე ფერმერი ამელი გოგიშვილი სოფელ პირველი მაისის მკვიდრია. თხილი 2004 წელს გააშენა და მას შემდეგ ეს მისი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა. კარგი მოსავლის შემთხვევაში წლიურად 2 ტონამდე თხილს იღებს. როგორც ამელი გოგიშვილი აღნიშნავს, მართალია, სახელმწიფო აზიურ ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს, მაგრამ საკუთარი რესურსითაც უწევს წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეწამვლა სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ.

- "თხილს ფაროსანასა და დანაცვრის საწინააღმდეგოდ ვწამლავ. მეც და ჩემი თანასოფლელებიც ვიღებთ საჭირო ინფორმაციასა და რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვუაროთ თხილს. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, რომ შეწამლონ ნარგავები. ეს უკეთესი მოსავლის და შემოსავლის მისაღებად აუცილებელია. საბოლოოდ კი ეს აისახება არა მხოლოდ ჩვენი ოჯახების, არამედ სახელმწიფოს კეთილდღეობაზე. მე პირადად მოსავლის აღების შემდეგ გავსხალი ნარგავები და გავასუფთავე ფართობი, შემდეგ კი ხეები შევწამლე. შეწამვლის შემდეგი ეტაპი - ნაცართან და სიდამპლესთან ბრძოლა თებერვლიდან დავიწყე. 4-ჯერ უკვე შევწამლე. გაზაფხულიდან იწამლება კირით, ბორდოთი და სხვა პრეპარატებით.

მნიშვნელოვანია, რომ კვირტში არ გაფუჭდეს ნაყოფი. ფოთოლი ზრდას რომ დაიწყებს, ნაცარზე უნდა შეწამვლა. საერთო ჯამში ამ დროისთვის კარგი შედეგი გვაქვს. თხილი არაა დანაცრული და არც ფაროსანა ჩანს", - განმარტავს ამელი გოგიშვილი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემუშავებული აქვთ სქემა, რომელიც 5 კომპლექსურ შეწამვლას მოიცავს. სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის თქმით, თუ თითოეული ფერმერი ამ სქემას მიჰყვება და შესაბამის დაცვით ღონისძიებებს გაატარებს, კარგ მოსავალსაც მიიღებენ.

"მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებები დროულად და სწორად ჩატარდეს. აუცილებელია სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება.

არიან ფერმერები, რომლებიც ამბობენ, რომ 3-ჯერ შეწამლეს, მაგრამ ფოთოლი მაინც დანაცრულია. ამ შემთხვევაში აღმოჩნდება ხოლმე, რომ წამლობა გვიან დაიწყეს. როცა სიდამპლე უკვე მაღალ დონეზეა, იქ დამუშავებას აზრი აღარ აქვს. ღონისძიებების თავის დროზე ჩატარებაა აუცილებელი".

ნანა მღებრიშვილი