ჩუმლაყში ატამი ხარობს, ფერმერი - ხეირობს - კვირის პალიტრა

ჩუმლაყში ატამი ხარობს, ფერმერი - ხეირობს

კახეთში ატმის კრეფის სეზონი გახურდა. ბოლო წლებში ატმის ექსპორტი ნელ-ნელა იზრდება, რასაც ატმის ბაღების ფართობების ზრდაც მოჰყვა. ამაღლდა ატმის მოვლის კულტურაც, თუმცა, ისეთ მოსავალს როგორიც ტრადიციულად სოფელ ჩუმლაყში მოდის, კახეთში ვერც ერთი სოფელი ვერ დაიკვეხნის, - ჩუმლაყში მთელი გურჯაანის ატმის 55% მოჰყავთ, აქ ატმის ბაღები…დაახლოებით 1100 ჰექტარზეა გაშენებული. თუ ვიანგარიშებთ, რომ 1 ჰექტარზე საშუალოდ 7 ტონა ატამი მოდის, ძნელი არ არის დათვლა, რამდენი ატამი იკრიფება ამ სოფელში. ჩუმლაყელი ფერმერი ბაჩუკი რუაძე პროფესიონალი აგრონომია და სოფელში სხვა ხილის ბაღებიც აქვს, თუმცა ძირითად შემოსავალს მაინც ატამი აძლევს. ის დროც ახსოვს, როცა კახეთში ატამს საოჯახო ხილად რგავდნენ, დღეს კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო კულტურად ითვლება.

ბაჩუკი რუაძე: - კარგად მახსოვს დრო, როცა კახეთში ძალიან ცოტა ატმის ხეს ნახავდი. საქართველოში ატამი ძველთაგან იყო, - ვისაც უყვარდა, რგავდა; ცოტ-ცოტა გლეხებსაც დაჰქონდათ ბაზარში გასაყიდად. მერე კი, დაახლოებით 1975 წლიდან, ჯიშთა სადგურებმა ატმის ახალი ჯიშები შემოიტანეს და აღმოჩნდა, რომ ის საუკეთესოდ ქართლსა და კახეთში ხარობს. იმიტომ რომ, სწორედ აქ არის მისთვის საუკეთესო ნიადაგი. მართალია, ატამი დასავლეთ საქართველოშიც უდგათ, მაგრამ უფრო ოჯახებისთვის, რადგანაც მის კარგად გავრცელების საშუალებას ნიადაგი არ იძლევა. საქმე ის არის, რომ ატამს არ მოსწონს ჭარბტენიანი და მარილოვანი ნიადაგები, ის ფხვიერ, ქვიშოვან მიწაზე ხარობს, სადაც წყლის გადინება და გამტარობა ბუნებრივად კარგად არის აწყობილი. მოკლედ, ატამს ქართლ-კახეთი მოეწონა და შედეგსაც ვხედავთ. თუმცა ჩვენს სოფელ ჩუმლაყში მისთვის საუკეთესო პირობები აღმოჩნდა, - აქ, რომ იტყვიან, ატმის კულტურის მთავარი ცენტრი და ბაზარია. ამ ბაზრიდან გადის ძირითადად ჩვენებური ატამი ექსპორტზე. Aარადა, შეიძლება, სოფლიდან სულ რამდენიმე კილომეტრით გახვიდე და ატამი ვერ ახეირო.

- უცნაურია. ამას რა განაპირობებს? - ქართული მიწის მრავალფეროვნება. ჩვენ ხომ ყაზახეთი არ ვართ, სულ ტრამალებზე ვიყოთ გაშლილი და ყველგან ერთნაირი ნიადაგი გვქონდეს. ზოგან მთა-გორები გვაქვს, ზოგან დაბლობები და ზოგან ჭაობები. ამ ადგილებში სულ სხვადასხვანაირად გროვდება ნიადაგში ნივთიერებები და წყლები. აAმას წინათ ბაკურციხეში ვიყავი, თვალის შევლებითაც მიხვდები, რომ ჭარბტენიანი ნიადაგია და ატმის ბაღების გაშენება არ გამოვა. ჩუმლაყში კი ნებისმიერი ატმის ჯიში ხარობს.

ბოლო წლებში ატმის ძველი ჯიშების ახლებით ჩანაცვლება ხდება, მსხმოიარობისა თუ გამძლეობის მიხედვით. მაგალითად, ახლა აქ იშვიათად იპოვით ვენახის ატამს; ახალი ჯიშებით ჩანაცვლდა გავაზური და ხიდისთაური;…მათ ნაცვლად კი გაჩნდა ზებრა, ყვითელი ატამი, ნექტარინიც, იგივე ვაშლატამა. თვეების მიხედვით სულ სხვადასხვა ჯიშის ატამს ვკრეფთ. კრეფის სეზონი მაისიდან იწყება და სექტემბერ-ოქტომბერშიც გრძელდება.

- თუმცა, მაისის ატამი ნაკლებად გემრიელია.

- მაგას თავისი კანონი აქვს, - რაც უფრო მეტად რჩება ნაყოფი დედახეზე, მით მეტად ისრუტავს მზის სითბოს და მეტად შაქრდება. სამაგიეროდ, მერე მოდის ერთმანეთზე გემრიელი ატმის ჯიშები. ჩუმლაყში კალიფორნიელი სპეციალისტი გახლდათ, ატმის ბაღების მოვლის შესახებ კონსულტაციებს გვიწევდა და გულახდილად გვითხრა, - მეგონა, კალიფორნიულ ატამს გემოთი ვერც ერთი ატამი ვერ ჯობდა, არადა, ქართულ ატამთან ახლოს ვერ მივაო.

- მაგრამ ატმის გაყიდვა კახეთში მუდამ პრობლემაა, წლეულს როგორ არის? - საბედნიეროდ, გაყიდვის პრობლემა ჯერჯერობით არ გვაქვს. პირადად მე, სეზონის დასაწყისში 1 კილოგრამ ატამს 3 ლარადაც ვყიდდი. ამ ეტაპზე ჩასაბარებელი ფასი 1 ლარია და ეს სულაც არ არის ცუდი ფასი. რაც შეეხება ჭარბი მოსავლის დალპობას, ამას დაუგეგმაობაც განაპირობებს. ქართველებმა გეგმიანობა ვერ ვისწავლეთ. მქონია უცხოელ ფერმერებთან საუბარი და უთქვამთ: თუ ვიცით, 60 ტონა მოსავლის კლიენტი გვყავს, ვცდილობთ ამაზე მეტი არ მოვიყვანოთ, ხოლო თუ მოვიყვანთ, გასაღების ბაზარიც წინასწარ უნდა ვიცოდეთ, ან სახელმწიფოსთან უნდა გვქონდეს ხელშეკრულება, რომ კომპენსაციას მოგვცემსო. ჩვენ კი რას ვაკეთებთ, - როცა გავიგებთ, რომ რომელიმე კულტურა წლეულს კარგად გაიყიდა, გადავჩეხავთ მომავალ წელიწადს ბაღებს და იმას დავრგავთ. ასე მოვიქეცით ვაშლატამაზეც, - ხალხმა რომ გაიგო, კარგად იყიდებაო, სულ მისი ბაღები გააშენა. ამან ვაშლატამას ჩაწოლა გამოიწვია. ახლა ზოგიერთი იძულებულია ვაშლატამას ბაღები აჩეხოს. ატმის ბაზარზე ვითარება მაცივრების აშენებამაც გამოასწორა, - ბოლო ხანს რამდენიმე კერძო მაცივარი გაკეთდა, სადაც ატამი რამდენიმე თვით ინახება. ცხადია, ეს ატმის ფასს მაღლა სწევს.

- დღეს სად გადის კახეთის ატამი? - ნაწილობრივ, ადგილობრივ ბაზარზე. ძირითადად კი საზღვრებს გარეთ. მიაქვთ იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენს ატამს იცნობენ - უკრაინაში, ყაზახეთში, სომხეთში, რუსეთში, ბელორუსიაში. მაცივარ-ტრაილერებით შემოდიან და ჩვენი ატამი ადგილზე მაღალი ხარისხით ჩააქვთ.

ეთერ ერაძე