"იმხელა სტაჟი ჯერ არ მაქვს, რომ ყვავილებს პირველ პირში ველაპარაკო"
25-06-2018
"იმხელა სტაჟი ჯერ არ მაქვს, რომ ყვავილებს პირველ პირში ველაპარაკო"
ცნობილი ადამიანების სამებაღეო გამოცდილებაზე დიდი ხანია არ დაგვიწერია. მათი მოძებნა ცოტა ჭირს კიდეც, რადგანაც მათგან ბევრს არ იტაცებს მცენარეების მოვლა-პატრონობა. თუმცა, მაინც არიან ასეთები და დღეს მომღერალ სოფო გელოვანის მცენარეებზე, მისი და მისი მეუღლის გატაცებაზე უნდა ვისაუბროთ, რომლებმაც სახლის აივანზე ისეთი გარემო შექმნეს, ზოგჯერ ბუნებაშიც კი ჰგონიათ თავი.

სოფო გელოვანი: - არასდროს მქონია მცენარეებთან კონტაქტი, მაგრამ როცა მე და ჩემი მეუღლე ნოდი ლანდია ამ სახლში გადმოვედით, აივანი მცენარეებით გავავსეთ და
გავალამაზეთ, გვინდოდა გაგვემწვანებინა. სხვათა შორის, ჩემს მეუღლეს უყვარს მცენარეები და მათი მოვლა. შეიძლება ითქვას, მოყვარული მებაღე-მემცენარეა, მე - ნაკლებად და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ნელ-ნელა მეც შევიყვარე ეს სამყარო. თუმცა, ჩვენს ოჯახში ამ ყველაფრის უფროსი და მოთავე მაინც ნოდია. თუ შინ არ არის, დატვირთვა ჩემზე
გადმოდის. მცენარეების მოვლა დიდ დროს მოითხოვს და პასუხისმგებლობაც არის.

აივანზე მარადმწვანე ხეები გვაქვს, რადგან გვინდოდა, იქ ზამთარშიც გვქონოდა სიმწვანე. გვაქვს ევონიმუსი, ძალიან ლამაზი­ ფოთლები აქვს, ზაფხულში ხანდახან სიყვითლეში გადადის. ჩვენს აივანზე მათი ყოფნა გვანიჭებს შეგრძნებას, თითქოს ბუნებაში ვართ. ჩემთან მეგობრები რომ მოდიან, მათაც დიდად სიამოვნებთ.

კედელზე ვარდები გვაქვს გაშვებული, მინდოდა, მუქი წითელი ყოფილიყო, მოვარდისფრო აღმოჩნდა. ლამაზ, დიდ ყვავილებს იკეთებს, კმაყოფილი ვარ, მომწონს. ვარდებს ერთი კედელი აქვს დაფარული. მაქვს ნაძვები, რომლებიც მიყვარს და ვუვლით, ფაქტობრივად, გვერდითა კედელია ნაძვებით დაფარული. მართალია, ნელა იზრდება, მაგრამ ლამაზი ფორმა მიიღო. განსაკუთრებულად მიყვარს სხვადასხვა ჯიშის ნაძვი. გვაქვს ვერცხლისფერი, მწვანე, რომლებსაც ხანდახან ახალ წელსაც ვრთავ.

ევონიმუსი ქოთნებში საკმაოდ ბევრი გვაქვს. თითქმის ყოველდღე წყლის დასხმას მოითხოვს. მით უმეტეს, ზაფხულში, თუმცა როცა წვიმაა, აღარ სჭირდება. დილაობით ვასხამ, საკმაოდ ბევრი წყალი უყვარს, თუ არ დავუსხამთ, მოიწყენენ ხოლმე.

- ისე უვლით აივანზე მცენარეებს, წესით, საკუთარი სახლი და პატარა მიწის ნაკვეთიც უნდა გქონდეთ.
- კორპუსში ვცხოვრობთ, მაგრამ გავიკეთეთ დიდი აივანი, სადაც მცენარეებია განთავსებული. ჩემს მეუღლეს ყოველთვის უნდოდა საკუთარ სახლში გვეცხოვრა, მე - ნაკლებად. არ მინდოდა, ვიცოდი, ეს დიდ შრომას ნიშნავდა და ამიტომ, უარზე ვიყავი. თუმცა, აქ აივანი მოვიწყვეთ, რომელზეც ორივე ვზრუნავთ. სხვათა შორის, ვაზიც (ღრუბელა) გვაქვს, უნდა ნახოთ, ჩემი მეუღლე როგორი სიყვარულით უვლის. იშვიათი ჯიშია, ნელა იზრდება, პატარა ბავშვივით დავფოფინებთ. ჯერ პატარაა, არ ისხამს.

ყვავილებიდან პეტუნიები მიყვარს. გამძლე მცენარეა, სიცხესაც უძლებენ და ასე თუ ისე, სიცივესაც. მუდმივად ყვავილობით მახალისებენ. მადლიერი არიან და ბედნიერების შეგრძნებას მანიჭებენ. არც ზედმეტ მზრუნველობას მოითხოვენ. წყალი, რა თქმა უნდა, სჭირდებათ. უპრეტენზიო და ლამაზები არიან. გვაქვს ასევე ლიმონი, ქოთნებში - მარწყვი. ისხამდა და პატარა მოსავალიც ავიღეთ. მარტივი ყოფილა მოვლა. მიხარია, რომ ზაფხულობით მარწყვი გვაქვს.

- როცა მცენარეებზე ზრუნავ და მათ უვლი, რა ემოცია გიჩნდება?
- პასუხისმგებლობას იღებ, რომ შენ უნდა იზრუნო მათზე. ადამიანებივით არიან, მართლა გეცოდებიან. როგორც კი რაღაც მზრუნველობას მოაკლებ, თითქოს სიცოცხლე წყდებაო. ამიტომ, დილით როგორც კი ვიღვიძებ, მაშინვე გვახსენდება, რომ წყალი დავუსხათ. 40 წუთი გვჭირდება, რომ თითოეულს ჩამოვუარო და გამოვკვებო. თუ სადმე ვართ წასული, განვიცდით, - არ მოიწყინონ. ამიტომ მშობლებს ვუტოვებთ გასაღებს, იქნებ მივიდნენ და წყალი დაუსხან, Mმოუარონ. ნამდვილად სასიამოვნო გრძნობაა. რაც დრო გადის, მცენარეები, სიმწვანე, სიმშვიდეს, სიყვარულს განიჭებენ, რითაც დიდ სიამოვნებას იღებ. არადა, დროც სჭირდება - უნდა გაიზარდოს, აყვა­ვდეს, გაიფურჩქნოს. ჩვენ გვყავს­ არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც მებაღეობის მიმართულებით ბევრ რამეს გვასწავლის, რჩევებს გვაძლევს და გვეხმარება. თუ რამე არ ვიცით, ვრეკავთ და გვაკვალიანებს, რადგან ამ საქმეს საკმაო ცოდნა სჭირდება.

იმდენად შეგვიყვარდა ეს საქმე, რომ მეტი მცენარის შეძენას ვაპირებთ, ახლა კაქტუსები მინდა გავამრავლო... ნელ-ნელა ვიზრდებით, მთავარია, რომ შრომა არ გვეზარება. შრომის შედეგსაც ვხედავთ, მცენარეები ძალიან გვიფასებენ. პირველ წელს, როცა ეს ყველაფერი დავიწყეთ, ასე არ იყო. რაც დრო გადის, ხედავ, როგორ იფურჩქნება და ლამაზდება ეს ყველაფერი, გიხარია.

- ხშირად მოყვარული მებაღეები, მეყვავილეები მცენარეებს ასულიერებენ, ეფერებიან, ელაპარაკებიან. შენც გახასიათებს მსგავსი რამ?
- ჩვენ შორის ასეთი კონტაქტი ჯერ არ ყოფილა. თუმცა, ვიცი ხოლმე თქმა - რას შვრებიან გოგოები-მეთქი?­ წარმოიდგინეთ, ჩემს ხეებს გოგოებს ვეძახი, მაგრამ უშუალო კონტაქტი, პირველ პირში რომ ველაპარაკებოდე, არ მაქვს. ხანდახან ფოთლებსაც ვეფერები. მზრუნველობას კი თავისი სიყვარული მოაქვს. ამ საქმეში არც ისე სტაჟიანი ვარ და ამგვარი ემოციები მაქვს, წარმომიდგენია, ვინც ამ საქმეს დიდ ენერგიასა და დროს უძღვნის, როგორი შეგრძნებები ექნება?!

ჩემი მეუღლის შემთხვევაში მემკვიდრეობითია ეს ყველაფერი, მამამთილს იმდენად უყვარს ყვავილები, სახლი სავსე აქვს. დღე არ გადის, ყვავილით არ მოვიდეს ჩემთან. შინ თითქმის ყველანაირი მცენარე აქვს. ოთახი უნდა ნახოთ, როგორ აქვს მორთული, აივნის მოწყობაც მან გვირჩია. საოცარი ესთეტია და ნოდიც მას დაემსგავსა.

მამაკაცებს იშვიათად უყვართ ყვავილები და დიდად არც ზრუნავენ მათზე, მაგრამ ჩვენი მამაკაცები რომანტიკულები, ესთეტები და მზრუნველები არიან. როცა ყვავილები გიყვარს, მგონია, რომ რომანტიკულიც ხარ და ამ ყველაფერს მხოლოდ სიკეთე მოაქვს.

- რა შეგიძლია საკუთარი გამოცდილებიდან ადამიანებს ურჩიო?
- ძალიან მნიშვნელოვანია შინ თუნდაც პატარა მწვანე კუთხის მოწყობა. შესაძლოა ეს ოთახში, აივანზე ან ფანჯრის რაფაზე იყოს, ქოთნის ყვავილების განლაგება ყველგან შეიძლება, ჟანგბადით ისუნთქებ და სიმწვანეშიც იქნები. მნიშვნელოვანია საკუთარი მიკროგარემოს შექმნა, რადგანაც მოწყვეტილი ვართ ამ ყველაფერს. თბილისში იმდენად გვაკლია სიმწვანე, სილამაზე, რომ ამის გამო ხშირად ქალაქგარეთ გავდივართ, რომ ბუნებით, სუფთა ჰაერით დავტკბეთ. ეს ყველაფერი ბედნიერების შეგრძნებას მანიჭებს. ადრე ასე არ ვიყავი და უფრო და უფრო ვგრძნობ, რომ ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ გარემოსა და მცენარეებზე.

ეს აუცილებელია, უპირველესად, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებსაც ეს საქმე უნდა შევაყვაროთ. ჩვენი დათაც ხშირად გვეხმარება, მაგალითად, მცენარეებისთვის წყლის დასხმაში. როცა უყურებს, როგორ უყვარს მამას ვაზი, ყვავილების მოვლა, თვითონაც სწავლობს, მოწადინებულია, მოსწონს, ვფიქრობ, თუ მცენარეები ეყვარება, ცუდს არაფერს ჩაიდენს, ყოველ შემთხვევაში, არ გაანადგურებს მაინც, რაც უკვე კარგია. ამიტომ, ვურჩევ, მცენარეებსა და ზოგადად, გარემოს დაუახლოვდნენ.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით