"მედიაედემი" ქუთაისში - კვირის პალიტრა

"მედიაედემი" ქუთაისში

29 წლის ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე წლების წინ 240 კილოგრამს იწონიდა, კუჭის ოპერაციისა და სწორი კვების რეჟიმის შემუშავების შემდეგ მან 150 კილოგრამი დაიკლო. დღეს ბუბა "მამულ-დედულის" სტუმარია. ჟურნალისტობის გარდა, ის მოყვარული მებაღეა, იმდენად მაღალ დონეზე შეისწავლა ფლორისტიკა, რომ პროფესიონალებსაც გაეჯიბრება ცოდნა-გამოცდილებით. 26 სახეობის ბეგონია, 19 სახეობის ტიტა, კაქტუსები და ნაძვები... ჰოლანდია არ გეგონოთ, ეს ონლაინგამოცემა "ქუთაისი ტუდეის" ჟურნალისტის ედემის ბაღია. როდის გაიტაცა მებაღეობამ და როგორ უვლის მცენარეებს, თავად ბუბა გვიამბობს.

ბუბა ჩივაძე: - ბაღის შექმნა ორი წელია დავიწყე. ურთულესი ყოფილა. თავდაპირველად ნიადაგის მდგომარეობა შევისწავლე, გავამდიდრე სასუქებით და ნოყიერი ნაკელით. ვინაიდან ქუთაისი ნესტიანი ქალაქია და ხშირია ქარი, დავიწყე ინფორმაციის მოძიება მცენარეებზე, რომლებიც აქაურ კლიმატს შეესაბამება. ჩემი ოთხფეხა მეგობარი, სუფთა ჯიშის შუააზიური ნაგაზი მარტა იმდენად თვინიერი ძაღლია, რომ ალბათ, გრძნობს ჩემს დამოკიდებულებას მცენარეების მიმართ და არ ერჩის, მხოლოდ აგავა არ უყვარს, თითქმის ყველა გაანადგურა, ამიტომ სულ გავაჩუქეთ. ეზოს ერთი ნაწილი ვარდს უკავია, თითქმის ყველა ფერის მაქვს. წლეულს დავიწყე ხვიარა ვარდის გახარება, მალე ისიც დაიკავებს ადგილს ჩემს ბაღში. ვცდილობ, მცენარეები სახლის გარე ინტერიერს შევუსაბამო, სახლი ძველ სტილშია აშენებული, სვეტებშორის ბალბის 13 სახეობა გვაქვს განთავსებული. ნაწილი უძლებს ქარსა და გარე პირობებს, ხოლო ის სახეობა, რომლის ღეროც უფრო რბილია, სახლის პირობებში გვაქვს. ეზოს მშვენებაა ორი წლის კვიპაროსები, რომლებიც წლეულს მზად იქნება დეკორატიული გაკრეჭისთვის. გვაქვს ეშმაკის ხე, 26 უნიკალური სახეობის ბეგონია, რამდენიმე ფერის სუმბული, რომლებიც საოცარ სურნელს აფრქვევს, 24 სახეობის ტიტა, წლეულს კიდევ 6 სახეობა დაემატება. აქვეა კაქტუსები და ნაძვები, ჰაერის გამწმენდი და სამკურნალო მცენარეებიც, მათ შორის სანსევერია. სხვათა შორის, უპრობლემო მცენარეა, თანაც სასარგებლო, ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან ასუფთავებს...

ოჯახში მე და დედა ვცხოვრობთ. როცა ქალაქიდან მიწევს გასვლა, დედა უვლის და როცა აქ ვარ, ძირითადად, მე. ისე, არ მიყვარს, როცა ვინმე მეხმარება, ჩემს ჭკუაზე მაქვს ყველაფერი, ასე რომ, მათი გადაადგილებაც კი თვალში მხვდება. მებაღეობა შრომატევადი საქმეა, მარტო ვარდებს სჭირდება რამდენიმე დღეში ერთხელ სპეციალური ხსნარებით დამუშავება. ერთ დღეს მცენარეების მოვლას ვუთმობ, მეორე დღეს ძაღლს ვავარჯიშებ, მას კინოლოგიური სკოლა აქვს დამთავრებული და კვირაში ერთხელ ესაჭიროება მეცადინეობა, ერთი დღე ზღვის გოჭის თამაშისთვის მაქვს დათმობილი, რომელიც ჩემი ბაღის ბინადარია. უნიკალური ჯიშის ქათმებისთვისაც ვიცლი...

- როგორც ვიცი, ბაღში კივიც გაქვთ, არ გაგიძნელდათ გახარება?

- კივს ვერასოდეს ვახარებდით და თუ იხარებდა, ნაყოფს არ ისხამდა. შემდეგ სათანადო ინფორმაცია მოვიძიე, თურმე დამტვერიანება უნდა მოხდეს მცენარეებს შორის, თან უნდა გაისხლას. მივყევი რეკომენდაციებს და გაამართლა, ორი ძირი იმდენს ისხამს, მეგობრებსაც ვუნაწილებ. სახლის ირგვლივ გამოყოფილი მაქვს 600 კვმ მიწა, სადაც მხოლოდ მცენარეებია დარგული, ხოლო ხეხილისა და სხვა ჯიშის მცენარეებისთვის 1900 კვმ ნაკვეთი მაქვს. დეკორატიული ფრინველებისა და ცხოველების მოყვარულიც ვარ, შევიძინე ამერიკული ბრამის, კოხინხინის ჯიშის ფრინველები, ჯუჯა ხუჭუჭა"ანუ ამოტრიალებული ბუმბულით. ჯუჯა ქათამი ციმბირიდან ჩამოვიყვანე, მყავს ჰოლანდიური ჯიშის წყვილი, სუმატრული ქათმები.

- თქვენი ბაღის მოსავალს თუ მიირთმევთ? დიეტაზეც მინდა გკითხოთ, 240-დან 87 კგ-მდე დაიკელით, როგორ ინარჩუნებთ წონას?

- წონის შენარჩუნება ურთულესია ყველასთვის, მაგრამ ჩემი ორგანიზმი მთლიანად გარდავქმენი და არ მიჭირს. არის ხილი, რომელსაც ჩემი ორგანიზმი არ იღებს, მაშინ ვჭამ, როცა ორგანიზმი რომელიმე ვიტამინის ნაკლებობას განიცდის. დღის განმავლობაში, ძირითადად, ვჭამ იოგურტს, შოკოლადს, მზესუმზირას და ვსვამ ყავას, სხვა საკვებს კუჭი არ იღებს. არაფერი მაქვს აკრძალული, გარდა გაზიანი სასმლისა და ცხარე თუ მაიონეზით შენელებული კერძებისა. ჩემი ბოსტნის ნაყოფს მიირთმევს ჩემი ზღვის გოჭი, რომელიც ბოსტნეულითა და ხილით იკვებება.

- მომავალში ბაღის დეკორაციის შეცვლას ხომ არ გეგმავთ?

- შადრევნის გაკეთებას ვაპირებ, ასევე მიემატება მტაცებელი მცენარეები - ბუზიჭამია ვენერინა, ძირითადად, ბუზებითა და ობობებით იკვებება; ცხიმოვანა წებოვან მასას გამოყოფს, რათა მიიზიდოს და გადაამუშაოს მწერები; სარაცენია თავის ფოთლებს იყენებს მწერების დასაჭერად... მწერებს ყვავილის ფერი, სუნი და გამოყოფილი ნექტარი იზიდავს. ყვავილის სრიალა ზედაპირი და ნარკოტიკული ნივთიერება, რომელსაც ნექტარი შეიცავს, მწერებს აბრუებს და ისინი ყვავილის შუაგულში არსებულ ხვრელში ცვივიან, სადაც გადამუშავდებიან ფერმენტების ზემოქმედებით. წლეულს მივამატებ ლემნურს, ელოდეურს, ნიმფურს, ასევე წითელ ნეკერჩხალსა და იაპონურ ალუბალ საკურას. კიდევ ფერადი ქვებით ვქმნი ნახატებს, ჯერ სულ 6 ნახატი მაქვს, მაგრამ შიდა და გარე ინტერიერს ესეც ამშვენებს.

ნინო წიფურია