გორა-ბერეჟოულის ეკლიანი სილამაზე
გორა-ბერეჟოულის ეკლიანი სილამაზე
ეკა კუტუბიძე ჩვენი გაზეთის აქტიური მკითხველია. როგორც ამბობს, ძალიან უყვარს ჩანართი "მამულ-დედული," სადაც ბევრ საინტერესო რჩევას თუ ადამიანთა გამოცდილებას ეცნობა. ეკა ოჯახთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორა-ბერეჟოულში ცხოვრობს. პროფესიით პედაგოგია, დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობს სოფლის საჯარო სკოლაში. ძალიან უყვარს ბუნება და გარემოზე თვითონაც მონდომებით ზრუნავს, მოყვარული მეყვავილეა. სახლში მარანიც აქვთ, მოჰყავთ ყურძენი, წურავენ ღვინოს, რომელსაც ბოთლებში ასხამენ.

- ჩვენი სოფელი ჩოხატაურიდან სამ კილომეტრშია. მისი სახელი წარმოდგება ორი სიტყვისგან - გორა,
როგორც იცით, ამაღლებულ ადგილს ნიშნავს, ბერეჟოული კი - დაბალს. სოფელში ერისთავების ნასახლარია შემორჩენილი. ისტორიულ წყაროებში დაცულია ცნობა, რომ მათ ციხეც ჰქონიათ. ამ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი იყო, რომელიც აღარ მუშაობს. ახლა ამ ადგილს ტყე-პარკს უწოდებენ, აქ ძველი და უნიკალური ხეები ხარობს. იქვე დაურგავთ პირველი ჩაის ბუჩქები
მათ, ვისაც ჩვენს სოფელში ჩაი პირველად შემოუტანია. ამჟამად ტერიტორია დაცულია და შემოღობილი. ეს ყველაფერი ჩვენი სოფლის სავიზიტო ბარათია.
სოფელი ოდითგანვე მისდევს მევენახეობას, მოჰყავთ ციცქა, ცოლიკაური, ჩხავერი. გვყავს რამდენიმე მეწარმე. გვაქვს სამი ცნობილი საოჯახო მარანი. მათ შორის ჩვენც ვართ. ციცქა-ცოლიკაურის ღვინოს ვასხამთ. ჩვენი მეურნეობა საოჯახო მარნად მას მერე გადავაქციეთ, რაც სამი წლის წინ ღვინის ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენმა ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა და მარნის იდეაც გაჩნდა.

- დიდი ვენახი გაქვთ?
- დაახლოებით 500 ძირი ვაზი გვაქვს. ღვინოს მაღაზიებში ვაბარებთ. ჩვენი ღვინო თბილისშიც იყიდება. საოჯახო მეურნეობას ჩემი მეუღლე და მამამთილი უძღვებიან. მეც ვეხმარები. თუ ჩვენს პროდუქტზე მეტი მოთხოვნა გაჩნდება, საქმიანობის გაფართოებაზეც ვიფიქრებთ.

- ვიცი, რომ ეზოში რამდენიმე წლის წინ დარგული კაქტუსი ხარობს, რომელიც უკვე დიდ ხედ იქცა. მოგვიყევით მასზე. ყვავილობს თუ არა და როგორ უვლით?
- ეს კაქტუსი დაახლოებით 18 წლის წინ ქოთნით მაჩუქა ახლობელმა. ქოთანს თითქოს ვერ შეეგუა და მეც მიწაში გადატანა გადავწყვიტე. დროთა განმავლობაში გაიზარდა და ახლა 2,5 მეტრი სიმაღლისაა. ეკლების სიგრძე 4 სმ იქნება. "წვერებიანი" კაქტუსია, ადრე გაზაფხულზე ყვავილობს, ყვითელი ყვავილები აქვს. ისე აყრია, პეპლები გეგონებათ. ყვავილები ნელ-ნელა იშლება და დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ეტაპობრივად ყვავის.

- ზამთარს ადვილად იტანს?
- ჩვენთან ცივი ზამთარი იცის, დიდი ყინვებით, რადგან ზემოდან ბახმაროს მთა დაგვყურებს, ამიტომ ვფუთავთ. რაც უნდა თბილი კლიმატი იყოს, მაინც რთული შესანახია. დიდი ცელოფანი სჭირდება, რომელშიც ჰერმეტულად ვახვევ, რომ ყინვამ არ დააზიანოს. გაზაფხულზე ვხსნით და სიამაყით შევყურებ - მიხარია, ზამთარს კარგად რომ გადაიტანს და თან ამხელა ხდება. ისეთი ძლიერი და მყარია, ტოტსაც ვერ მოტეხ. თუ რამის მოცილება გვინდა, ხერხს ვიყენებთ. ამას წინათ ღვინის მარნის სანახავად პოლონელი ტურისტები მოვიდნენ და ძალიან მოეწონათ ჩვენი კაქტუსი. ამხელა როგორ გაზარდეთო? არადა, არანაირი სასუქი არ გამომიყენებია. ამხელა თავისით გახდა. მოკლედ, ჩემი კაქტუსი ჩემი სიამაყე და სავიზიტო ბარათია. თუმცა სხვა მოყვავილე კაქტუსებიც მაქვს მეტად ეფექტური, დიდი ყვავილებით. მაქვს ასევე ქოთნის ყვავილები და მინდვრის მცენარეები.

- მგონი, ვარდებითაც ამაყობთ.
- შვიდი სახეობის ვარდი მაქვს. მაისში კარგად ყვავილობენ, მაგრამ ახლა, ძლიერი სიცხის გამო, ცოტა მოიწყინეს. მაქვს ვარდისფერი ძველებური ვარდები, სტაფილოსფერები, რომლებიც არაჩვეულებრივ სურნელს აფრქვევს, ცეცხლისფერები. ხავერდოვანი ვარდიც მაქვს, ბოლოს კი ყვითელი ვარდი გავახარე. ვფიქრობ, შემოდგომაზე ისიც დაიყვავილებს. მაქვს მაისის ვარდები - გურიაში ხეებზე ადის და მასაც არაჩვეულებრივი სურნელი აქვს. მინდა, ჩემს აგავებზეც გესაუბროთ...

- დასავლეთში აგავა ბევრს აქვს.
- არამარტო დასავლეთში, ყველგან ხარობს, ოღონდ ზამთარში მათაც შეფუთვა სჭირდებათ. ორი მოზრდილი აგავა გვაქვს ეზოში. საზამთროდ, ყინვას რომ არ გავაფუჭებინო, საგულდაგულოდ ვფუთავ. მგონი, მოსწონს ასეთი ზრუნვა... მცენარეების მოვლა სიამოვნებას მანი­ჭებს. ერთი ხანდაზმული ყვავილი მაქვს, ბეგონიისებრთა ოჯახიდან. მოსწავლეებმა მომიტანეს, როცა მესამე კლასში იყვნენ. ახლა მეორეკურსელები არიან. მას მერე ცოცხალია.

- დიდ დროს უთმობთ ყვავილებს?
- თვითონ გეუბნება, როდის რა უნდა - წყალი, მიწის გაფხვიერება, სასუქი. მცენარე სიცოცხლეს გიხანგრძლივებს...

- ზოგიერთი მოყვარული მეყვავილე მცენარეებს ელაპარაკება, ეფერება, ასულიერებს. თქვენც ასე იქცევით?
- დიახ, ხშირად ვეუბნები: "როგორი­ ლამაზი ხარ", "ძალიან გამიხარდა, რომ დაგინახე"... წყალს რომ დავუსხამ და ცოტა ხანში ფოთლები გაუპრიალდება, ვეუბნები: "როგორ გწყურებია, ჩემო კარგო, მაპატიე, რომ დროულად ვერ მოგხედე"...

- რას ურჩევთ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით?
- ძალიან მომწონს თქვენი ჩანართი "მამულ-დედული", საიდანაც მე სხვების გამოცდილებით ბევრი რამ მისწავლია. რა შემიძლია ვურჩიო ადამიანებს... უბრალოდ, უყვარდეთ გარემო, იზრუნონ მასზე, შრომა ნუ დაეზარებათ და ასე, პატარა ნაბიჯებით დაწყებული საქმე, მალე, შესაძლოა, დიდ ბიზნესად იქცეს. ასე რომ, გაილამაზეთ ცხოვრება.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები