ვენახი სათბურში - კვირის პალიტრა

ვენახი სათბურში

აქამდე არ მინახავს სათბურში გაშენებული ვენახი და იქ მოყვანილი ყურძენი. თენგიზ ჩინჩალაძე პირველია ჩემს მეურნე რესპონდენტებს შორის, ვინც ეს შეძლო. სათბური ქალაქ ქუთაისშია. ვფიქრობ, მართლაც უნიკალური შემთხვევაა, როცა ღვინისა და ვაზის ქვეყანაში, სადაც ღია ცის ქვეშ უპრობლემოდ მოდის ყურძენი, მისი გაშენება მეურნემ დახურულ სივრცეში გადაწყვიტა. 15-20 წლის წინ იმ ადგილას, სადაც ახლა სათბური აქვს, სამმართველო ყოფილა, თენგიზ ჩინჩალაძე იქ მუშაობდა. ტერიტორია მოგვიანებით შეუსყიდია და სათბური გაუშენებია. თავიდან მწვანილი მოჰყავდა, მაგრამ ამ საქმემ არ გაამართლაო, და სათბურის ტერიტორიაზე ვაზის ნერგები ჩაყარა.

- დღესდღეობით ორი სათბური მაქვს, თითოეული 310 კვმ-ია. ორივეში ვენახია, ერთში - უფრო ადრინდელი. მეორეში უფრო ვაზის ქართულ ჯიშებს ვაშენებ, თვითონ გამომყავს. შემოდგომაზე ან გაზაფხულზე ვაზის ანასხლავ ლერწებს ვინახავ და ვაფესვიანებ სპეციალურ მიწაში, რომელიც მცენარეებისთვის იყიდება. ლერწს ცელოფანებში ან პლასტიკურ ბოთლებში ვდებ.

2-3 თვის შემდეგ, როცა კარგად დაფესვიანდება, სათბურში გადამაქვს და შემდგომ იქ ვუვლი. ფოთლებზე მისასხურებლად ვიყენებ ესპანურ ბიოლოგიურ სასუქებს როგორც მიწაში, ისე მიწის ზემოთ. მოკლედ, ქიმიას არ ვიყენებ და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი მომყავს. ის კი არა, სარეველა რომ ამოდის, იმასაც კი ხელით ვმარგლავ.

- ქართული ჯიშებიდან რომელი მოგყავთ? - ოცხანური საფერე და უსახელაური. მეორე სათბურში კაბერნე და შევალიე მქონდა, მაგრამ უპირატესობას უკვე ქართულ ჯიშებს ვანიჭებ, თუმცა კაბერნესა და შევალიეს შედეგით უკმაყოფილო არ ვიყავი. ვაყენებ ღვინოსაც, ოღონდ შერეულს, კუპაჟს. მშვენიერი გამოდის.

- სათბურში გადატანიდან ნიშანი რამდენ ხანში მიიღეთ? - გაზაფხულზე რომ დავაფესვიანე ლერწი, მეორე წელიწადს ნიშანი მომცა, მესამე წელიწადს კი მოსავალი მივიღე. თითო ვაზის ძირიდან 15-20 კილოგრამს ვკრეფ, რაც ცუდი შედეგი არ არის. უკვე შემიძლია სერტიფიკატის აღება იმის დასტურად, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი მომყავს.

- სხვაგან თუ გინახავთ სათბურში გაშენებული ვენახი? - გამიგია, რომ ვიღაცებს აქვთ, მაგრამ არ მინახავს. მეგობრებმა გვირჩიეს მას მერე, რაც მწვანილის მოყვანის საქმე არც ისე კარგად წავიდა. არ იყო ბაზარი მწვანილისთვის მომგებიანი. ვნახოთ, რა გამოვა ამ ვენახისგან. დიდი მოგება ჯერჯერობით არც ამას მოუტანია, მაგრამ, როგორც გითხარით, ცუდი პირი არ უჩანს.

- სათბურში მოწეული ყურძენი რითი განსხვავდება ღია ცის ქვეშ მოწეულისგან? მოსავლელად იოლია? - იოლი როგორ არის? მოვლა უნდა, წამლობა უნდა როგორც ნიადაგს, ისე ზემოთ მწვანე მასას. სამაგიეროდ, ჩემი შრომის უპირატესობა ის არის, რომ ბიოლოგიურად სუფთა ნაყოფს ვიწევ. ვენახს ზემოდან არც ნალექი აწუხებს, არც სეტყვა, არც ქარი და არც მცხუნვარე მზე. ამ ყველაფრისგან დაცულია.

ზაფხულში გასაგრილებლად გვერდებს ვუხსნი. ზამთარში ვაზს სძინავს, ისვენებს. მოსავალს შემოდგომაზე მაძლევს, მხოლოდ ერთხელ, სამაგიეროდ, ხარისხიანს და სუფთას! ეს უპირატესობა აქვს.

როცა დიდი სიცხეა, სათბურში 30-32 გრადუსია, ჩვეულებრივი ამინდის დროს - 20-25. ზაფხულში სათბურის ფანჯრებს ვაღებ და ვანიავებ. ზამთარში გრილა, ქუთაისში მაინცდამაინც დიდი ყინვა არ იცის.

- მორწყვა რამდენ ხანში ერთხელ სჭირდება?

- ძირითადად, წვეთოვან სისტემას ვხმარობ, გააჩნია ამინდს. ხან კვირაში ერთხელ ვრწყავ, ხან ორჯერ, იმაზეა დამოკიდებული, როგორ ითხოვს. თავიდან ნერგებს წყალს ხშირად ვაწვდიდი, ახლა ზომიერად.

- მარტო მუშაობთ?

- ადრე ჩემი ძმა მეხმარებოდა, ახლა მასაც თავისი საქმე აქვს, ამიტომ, ძირითადად, მე ვმუშაობ. დიდად არ მღლის.

- რამე გრანტით ხომ არ გისარგებლიათ? - შარშან "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში 5.000 ლარით დამაფინანსეს. ამ თანხით ნახევრად ავტომატური ჩამოსასხმელი აპარატი შევიძინე. მარანი მე თვითონ გავმართე. სპეციალური ბოთლები მაქვს, რომელშიც ღვინოს ვასხამ. დანარჩენი ჩემი დაფინანსებით შევიძინე.

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, მოიყვანონ სათბურში ყურძენი? - მე სპეციალური ლიტერატურით ვხელმძღვანელობ. დიდი მევენახე არა ვარ, რომ ვინმეს რამე ვურჩიო, ერთია, რომ ამ ყველაფერს შრომა და დროულად არაქიმიური წამლების მიწოდება ესაჭიროება. შედეგიც აუცილებლად იქნება.

ლალი ფაცია