რჩევები ფერმერებს - როგორ ვებრძოლოთ მავნე ორგანიზმებს ეფექტურად და რა უნდა ვიცოდეთ პესტიციდების გამოყენების დროს - კვირის პალიტრა

რჩევები ფერმერებს - როგორ ვებრძოლოთ მავნე ორგანიზმებს ეფექტურად და რა უნდა ვიცოდეთ პესტიციდების გამოყენების დროს

გარემო პირობები, ტემპერატურა, ნალექის რაოდენობა, მავნე ორგანიზმები - ეს და სხვა არაერთი ფაქტორი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის რაოდენობასა და ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს. თხილის, ციტრუსის, ყურძნისა და სხვა კულტურების მოსავლიანობაზე ქვეყნის მოსახლეობის ყოველწლიური კეთილდღეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

დასავლეთ საქართველოში ახლა თხილის მოსავლის ასაღებად ემზადებიან. არაერთი პრობლემის მიუხედავად, ადგილობრივი ფერმერები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ამ ეტაპზე წლევანდელი მოსავლით კმაყოფილი არიან. საბოლოო შედეგების დათვლამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. მიმდინარე შედეგი რომ შენარჩუნდეს, აუცილებელია, რომ ფერმერებმა სახელმწიფოს დახმარებით კიდევ ერთხელ შეწამლონ ნარგავები მავნე ორგანიზმებისგან დასაცავად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ნიკოლოზ მესხის განმარტებით, წამლობა აუცილებელია, თუმცა დიდი ყურადღებით უნდა შეირჩეს შესაწამლავი პრეპარატები: "აუცილებელია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელებული მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგოდ ფერმერებმა შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. უნდა ვებრძოლოთ ამ ორგანიზმებს - მწერებს, ბაქტერიებს, ტკიპებს, სოკოებსა და ვირუსებს. მათ საკმაოდ დიდი ზიანის გამოწვევა და მოსავლის ხარისხის დაწევა შეუძლიათ.

ნარგავების დამუშავებისას, პირველ რიგში, რჩევა უნდა ვკითხოთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აგრონომს, რომელიც დაადგენს, რა მავნე ორგანიზმია ჩვენს ნარგავზე და რომელი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ მის წინააღმდეგ. პრეპარატის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება".

სად და როგორ უნდა შევიძინოთ პესტიციდები, როდის უნდა ჩავატაროთ შეწამვლითი ღონისძიებები და რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ შეწამვლისას? - ამ საკითხებზე ნიკოლოზ მესხი ვრცლად გვესაუბრა.

სად უნდა შევიძინოთ პესტიციდები

"პესტიციდი უნდა შევიძინოთ ფერმერთა მომსახურების ცენტრებში, სადაც ქიმიკატების შენახვისა და რეალიზაციის წესები და პირობები დაცულია. სასურველია, პესტიციდი შენახული იყოს გაუხსნელ, ორიგინალურ ტარაში"

როდის უნდა ჩავატაროთ შეწამვლითი ღონისძიებები

"შეწამვლითი სამუშაოები ტარდება დილისა და საღამოს საათებში. მაღალი სიცხის დროს პესტიციდების გამოყენება დაუშვებელია, რადგან ამ დროს ეფექტურობა მცირდება. ჩვენ შეიძლება გამოვიწვიოთ ფიტოტოქსიკურობა, რაც ნიშნავს მცენარის სიდამწვრეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პესტიციდები მზესა და სიცხეში არ შევასხუროთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქარის სიჩქარე არ აღემატებოდეს 5 მეტრს წამში."

როგორ მოვამზადოთ შესაწამლავი ხსნარი

"პესტიციდების გამოყენების დროს აუცილებელია, დავიცვათ პესტიციდების საჰექტარო ხარჯვის ნორმა. თუ ვიცით, კონკრეტული შემასხურებელი აგრეგატი რამდენ ლიტრს წყალს ხარჯავს 1 ჰექტარ ფართობზე და ასევე, ვიცით პრეპარატის ხარჯვის ნორმა, კონცენტრაციას ადვილად დავიანგარიშებთ. შესაბამისი რაოდენობის სამუშაო ნაზავის შესხურება უნდა მოხდეს მცენარის ვარჯის გარეთა ზედაპირზე. ეს უზრუნველყოფს მაღალი დონის დაცვას და ეფექტურად მოქმედებს ჩვენს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გავრცელებული იმ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ."

რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ შეწამვლის პროცესში

"ნებისმიერი პესტიციდის გამოყენების დროს აუცილებელია სამუშაოს მონაწილე პირებმა მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები. მათ უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, როგორიცაა რეზინის ჩექმა, დამცავი კომბინეზონი, ხელთათმანი, რესპირატორი, დამცავი სათვალე და ქუდი.

პესტიციდების გამოყენებისას დაუშვებელია სიგარეტის მოწევა ან რაიმე სახის საკვებისა და სასმლის მიღება".

ნანა მღებრიშვილი