ქისტი ქალის "შეკაზმული" სავანე მუხიანში - კვირის პალიტრა

ქისტი ქალის "შეკაზმული" სავანე მუხიანში

ელენე ტოგონიძე მოყვარული მებაღეა. მას და მის ოჯახს მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, ახალაშენებულ სახლში ვეწვიეთ. გემოვნებით აშენებული სახლი მცენარეებით სავსე ეზოში დგას. ხეხილის ბაღიც აქვთ და ბოსტანიც. ქალბატონი ელენე ქისტია და 37 წელიწადია, ქართველების რძალია. "როცა მე და ჩემი ვაჟი აქ მიწის შესარჩევად დავდიოდით, ეს ადგილი სულ ჯაგნარი და გაუვალი იყო. რომ ვნახეთ, შვილს მაშინვე ვუთხარი, ეზო ტერასულად გავაკეთოთ-მეთქი. დამიჯერა და ვიყიდეთ. მეუღლე და ვაჟი მშენებლები არიან და მშენებლობაც თვითონვე დაიწყეს. ისინი მუშაობდნენ, მე კი ყვავილებისა და ხეხილის შერჩევა დავიწყე. მშენებლობა წელიწად-ნახევარში დავამთავრეთ და მეც ეზოსა და ბაღის გაშენება-მოვლას შევუდექი".

- გარემოზე ზრუნვა ძალიან მიყვარს, და ხეტიალიც. სადმე პატარა კუნძი ან ტოტი რომ დავინახო, წამოვიღებ და მისგან აუცილებლად რამეს გავაკეთებ. ქვაში, პატარა კენჭშიც რაღაცას ვხედავ, წარმოვიდგენ, მისგან რისი გაკეთება შეიძლება; ანდა ისე დავდებ ბაღში ან ეზოში, რომ ლამაზად გამოჩნდეს. ძველი ნივთების გაცოცხლებაც მომწონს, ყოველთვის გამორჩეულს ვაკეთებ. ქოთანში რომ ჩავრგავ ყვავილს, მინდა, ისეთი რამ მოვიფიქრო, რომ სხვანაირად გამოიყურებოდეს.

- ბევრი ლამაზი მცენარე გაქვთ, რომლებიც ახლა ყვავის... - მაქვს კანა, პეტუნიები, ფიკუსი, ვიოლები, კამელია, აზალია (კამელია და აზალია ადრე გაზაფხულზე ყვავის)... ძალიან მიყვარს კამპანულა, თუმცა ყველა ისეთი ახლობელია ჩემთვის, ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. სხვადასხვა ფერის შროშანები მაქვს, ორმა უკვე იყვავილა, ახლა მესამე ყვავის და მეოთხე იწყებს. მაქვს დაბალი მიხაკები. ერთი ყვავილია, დღე იკუმშება და ღამით იშლება. საოცარი სურნელი აქვს...

- ბოსტანიც მოვლილი გაქვთ, ამწვანებული... - ჩითილს რომ დავრგავ, ყოველდღე ვაკვირდები. მწყინს, თუ რომელიმე გაფუჭდა... სულ კომპიუტერში მაქვს თავი ჩარგული და ვკითხულობ, როგორ მოვუარო, ახალი რა ვისწავლო, რომ მცენარე დაღუპვას გადავარჩინო. ჩემთვის მთავარია, შხამქიმიკატები არ მივაკარო. საპნიანი წყლითა და საფუვრით ვწამლავ. პირველ მოსავალს, პირველ ნაყოფს, ხილს, ბოსტნეულს შვილიშვილებს ვაჭმევ და შხამს როგორ მივაკარებ?! კიტრს, ლობიოსა და მწვანილს არ ვყიდულობ. წლეულს პამიდორი დამიგვიანდა, მაგრამ გაისად ამ დროს ყველაფერი ჩემი მექნება. ადრევე დავიწყებ ზრუნვას, რომ ბაზარს არ გავეკარო. მაქვს საზამთროც... ბაღში ხარობს ლეღვი, ბალი, ალუბალი, ატამი; ვენახსაც კარგად ასხია, მაგრამ ამ ყურძენს უფრო საჭმელად ვიყენებთ, ღვინის დასაწურად კი კახეთიდან ჩამოგვაქვს რქაწითელი.

როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ჩემს ყვავილებს უნდა მივესიყვარულო და მაშინვე საქმის კეთების სტიმული მეძლევა. ბოსტანში შესვლაც მახალისებს, ხან რაღაც არის ასაკრავი, ხან კიტრს უნდა მიხედვა... მსიამოვნებს ეს საქმიანობა. დილას 7-ის ნახევარზე ვიწყებ მუშაობას. საათ-ნახევარი მყოფნის, თუმცა საქმეს გააჩნია - ზოგჯერ ამდენიც არ მჭირდება. ყვავილებსაც არ უნდა დილით ბევრი დრო, თან, პრეტენზიული ყვავილები არ მაქვს. შესაძლოა, მათი მოვლა ვინმესთვის დამღლელია, მაგრამ ჩემთვის - არა, ძალდატანებით არაფერს ვაკეთებ.

- როგორ გახდით ქისტი ქალბატონი ქართველების რძალი? - მას მერე 37 წელიწადი გავიდა. თავიდან შილდაში ვცხოვრობდით (ყვარლის რაიონი). ჩემმა მეუღლემ იქ მიმიყვანა, მაგრამ ჩვენს ურთიერთობას დიდად აღფრთოვანებული არ შეხვდნენ, რადგან სხვა სარწმუნოების ადამიანი ოჯახში არ უნდოდათ. არც ჩემებს უნდოდათ სხვა სარწმუნოების სიძე. ამიტომ ცოტა დაძაბულობა იყო, თუმცა ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და მე ყველაფერზე წინ სიყვარული დავაყენე.

დღეს მშობლების საფლავზე რომ ჩავდივარ, ბოდიშს ვუხდი, რადგან ჩემი საქციელით ტკივილი მივაყენე. გუმაშვილები ვართ. მამა გვარის უფროსი იყო, ყველა მას ეკითხებოდა აზრს. რომ გაიგეს, ქართველი მიყვარდა, სხვაზე გათხოვება დამაძალეს და მეც სახლიდან გავიპარე. 21 წლის გოგო ავტობუსში ჩავჯექი და წავედი. ფულიც კი არ მქონდა. სად მივდიოდი, არ ვიცოდი, მაგრამ წავედი. ჩემი მომავალი მეუღლე რომ დავინახე, ყველა განცდა და ემოცია დამავიწყდა... მერე დედამთილს და მამამთილს ისე შევუყვარდი, მხოლოდ ჩემს სახელს ახსენებდნენ.

მე და ჩემი მეუღლე მშენებლები ვართ, ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით, მაგრამ მე ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. სხვათა შორის, ლექსებს ვწერდი, გაზეთებშიც იბეჭდებოდა... ჟურნალისტობაც მინდოდა, მაგრამ მამამ არც ეს დამანება.

- ბაღს და თქვენს მეურნეობას დავუბრუნდეთ... მომავალში რას აპირებთ? - ქათმები კი მყავს, მაგრამ კიდევ მინდა. ადრე კვერცხისმდებლები მყავდა, კვერცხი მქონდა იმდენი, აქედან სოფელში მიმქონდა, აღდგომისთვის რომ მივდიოდი. პატარა საქათმეც მქონდა, სადაც 15 დედალი ბუდობდა, მაგრამ ერთ დღეს ძაღლმა შემიჭამა...

- აღდგომა ახსენეთ და, კვერცხს ღებავთ? - ვღებავ, სანთელსაც ვანთებ, ეკლესიაშიც დავდივარ და "ქრისტე აღდგასაც" ვგალობ. უბრალოდ, არ ვინათლები.

- თქვენი სარწმუნოება ამ ყველაფერს არ გიკრძალავთ? - არ მიკრძალავს. ერთხელ მამაჩემმა მკითხა, ეკლესიაში სანთელს ანთებო? დავიბენი და ვუპასუხე - არა-მეთქი. შენ დედაჩემზე კარგი ქალი ხარ, მას სანთელი სახლში სულ ჰქონდაო... ჩვენთან არის ეკლესიები და ნიშები; ყველა დღესასწაულზე მიდიოდნენ და სანთელს ანთებდნენ. მამაჩემის პაპის პაპა ქართველი იყო, დედა თუში მყავდა. თუმცა თავიდან სანთელს ხელს ვერ ვკიდებდი, მანანას, ჩემს შვილს ვაჭერინებდი და სურვილს ჩავიფიქრებდი ხოლმე. თითქოს ხელი არ მემორჩილებოდა, რომ პირჯვარი გადამეწერა... ახლა ოჯახის წევრებს ხელს ვუწყობ, მარხვა შეინახონ, წესებს მიჰყვნენ...

- რა შეგიძლიათ უთხრათ მოყვარულ მებაღეებს?

- თავიდან, შესაძლოა, ბევრი საქმის კეთება ვერ შეძლონ, მაგრამ რომ დაინახავენ, როგორ იზრდება მცენარე, ხე, როგორ წყვეტენ ნაყოფს, მეტის სურვილი გაუჩნდებათ. საკუთარი მწვანილით რომ შეკაზმავენ სადილს, მეტს მოინდომებენ. ნელ-ნელა უნდა დაიწყონ, მერე სურვილიც გაუჩნდებათ და მეურნეობაც გაიზრდება. ეს სიამოვნებაა და თავისებური ვარჯიშიც არის. თან საკუთარი ნატურალური პროდუქტი გექნება... რაც ასაკი მემატება, აქ ფუსფუსის სურვილიც მატულობს, თუმცა არც ახალგაზრდობაში მეჯავრებოდა ეს საქმე...

ლალი ფაცია