შხამიანი მარგებელი
შხამიანი მარგებელი
სასარგებლო მცენარეებში აბუსალათინს ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს. მისგან იღებენ ზეთს, რომელიც ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიაში, ფარმაკოლოგიაში, აგრეთვე კვების მრეწველობაშიც. მიუხედავად იმისა,­ რომ თავად აბუსალათინი შხამიანი მცენარეა, მისი ზეთი სავსებით უვნებელია. დაწნეხის შემდეგ მისგან ყველა საშიში ნივთიერება გამოდის და მიიღება ზეთი, რომელიც მრავალი კარგი თვისებით გამოირჩევა. ამ მცენარის შესახებ სწავლული აგრონომი აკაკი ღლონტი გვიამბობს.

- ბატონო აკაკი, საქართველოს ტერიტორიაზე თუ მოჰყავთ აბუსალათინი?

- მოსავლის მისაღებად აღარავის მოჰყავს, უფრო დეკორატიული დანიშნულება აქვს. ადრე
ყარაიაში, ახლანდელ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოჰყავდათ. აბუსალათინის ზეთს მცენარის თესლისგან იღებენ. ის გამოიყენება ტექნიკური მიზნებისთვის და სამკურნალოდ, მისი ზეთი კარგია თმის ცვენის საწინააღმდეგოდაც. აბუსალათინი მრავალწლიანი ტროპიკული მცენარეა, მაგრამ ზომიერი კლიმატის ქვეყნებში მოჰყავთ, როგორც ერთწლიანი. რაკი ყინვას ვერ უძლებს, შეიძლება ერთწლიან მცენარესავით გაახარო და გაზაფხულზე ახალი დათესო.

- ესე იგი, ჩვენი ნიადაგი მისთვის მისაღებია?
- მართალია, აბუსალათინს ნოყიერი­ მიწები უფრო მოსწონს, მაგრამ ჩვეულებრივ ნიადაგზეც კარგად იზრდება. ვისაც­ აბუსალათინის პლანტაციის გაშენება სურს, მაშინ ნიადაგის განოყიერებაზეც უნდა იზრუნოს. მორწყვით ეს მცენარე უკეთეს შედეგს იძლევა. თიხნარ და ქვიშნარ ნიად­აგებზე აბუსალათინი სუსტად იზრდება, მაგრამ მაინც ხარობს. მისი თესლი 70%-მდე ზეთს შეიცავს, რის გამოც ძალიან ღირებული მცენარეა. აბუსალათინის ზეთი ბევრ სფეროში გამოიყენება: მისი ღეროს ბოჭკოსგან ამზადებენ ბაწარს, თოკებს, კანაფს. აბუსალათინის ზეთს ავიაციაშიც იყენებენ.

- მცენარე როგორ გამოიყურება?
- აბუსალათინი რძიანასებრთა ოჯახს ეკუთვნის. არის სამი სახეობის: წვრილმარცვლიანი, მსხვილმარცვლიანი და ზანზ­იბარის აბუსალათინი. ტროპიკებსა და სუბტროპიკებში აბუსალათინი ხისმაგვარი მცენარეა, რომელიც სიმაღლით რამდენიმე მეტრამდე იზრდება და 10 წლამდე ძლებს. გურიაში მინახავს აბუსალათინის ხეები, რომელთა სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. მეცნიერებმა ამ მცენარის მრავალი ჯიში გამოიყვანეს და გააუმჯობესეს. მათ შორის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ირანულსა და წითელ აბუსალათინს, რომელსაც დეკორატიული დანიშნულება აქვს.

- ცნობილია, რომ სითბოსა და მზის მოყვარული მცენარეა.
- ეს მცენარე 30-40 გრადუს სიცხესაც კარგად იტანს. მზე იმდენად უყვარს, რომ დაჩრდილულ ადგილებში ვერ იზრდება, სამაგიეროდ, კარგად ხარობს მზისგულზე. აბუსალათინი -2-3 გრადუს ყინვაში იღუპება. ჩვენში მას კვირაში ერთხელ მორწყვაც ჰყოფნის, თუმცა გვალვაგამძლეა, სულაც არ უჭირს სიცხის ატანა.

- როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვისაც ამ მცენარის მოშენება სურთ?
- სასურველია, აბუსალათინი მაისის მეორე ნახევარში დავთესოთ, რადგან ამ დროს ყინვის საშიშროებაც ნაკლებია. ამისათვის პატარა ორმოც საკმარისია. ყველაზე კარგია, თუ ქოთანში მოვიყვანთ და მერე ნერგს ნიადაგში გადავრგავთ. აბუსალათინი ძალიან სწრაფად იზრდება, 2-3 თვეში უკვე გახარებულია. ამ მცენარის კარგი წინამორბედები არიან თავთავიანი კულტურები, პარკოსნები და სიმინდი. მის მარცვლებს დათესვამდე 2-3 საათით ადრე წყალში­ ათავსებენ. დასათესად იყენებენ წყალში ჩაძირულ მძიმე თესლს, რომელსაც აშრობენ. აბუსალათინს სარეველა ნაკლებად ერევა:­ ის, როგორც სხვა შხამიანი მცენარეები, მავნებლების მიმართ გამძლეობით გამოირჩევა. მოსავალს სექტემბერ-ოქტომბერში იღებენ. აბუსალათინის თესლის გამოყენება კომპოსტის ნაცვლადაც შეიძლება, რადგან ნიადაგს შესანიშნავად ანოყიერებს. გონიერმა ფერმერმა აბუსალათინის მოყვანა შეიძლება ბიზნესადაც აქციოს, რადგან უცხოეთში მასზე დიდი მოთხოვნილებაა.

ტყავეულის მცველი

აბუსალათინის ნაყოფისგან მიიღება ზეთი, რომელსაც აქვს არაერთი უპირატესობა მინერალურ ზეთებთან შედარებით. ამიტომ ფართოდ გამოიყენება ტექნიკური მიზნებისთვის. აღსანიშნავია, რომ აბუსალათინის ზეთი წლების განმავლობაში არ შრება და ყინვამედეგია. ის შეუცვლელია ტყავის ნაკეთობების მოსავლელად - ფეხსაცმლის, ტანისამოსის, ცხენის აღკაზმულობის. აბუსალათინის ზეთი კარგად შეიწოვება, დროთა განმავლობაში არ სქელდება, ტყავს ხდის დრეკადსა და ჰიდროფობულს. აღადგენს მას გახმობის შემთხვევაში. ოპტიმალურია მისი გამოყენება სელის ზეთსა და ფუტკრის ცვილთან ერთად, პროპორციით 8:1:1.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები