ვაშლის ინტენსიური ბაღის სარგო - კვირის პალიტრა

ვაშლის ინტენსიური ბაღის სარგო

ვაშლს რომ სასარგებლო თვისებებით ვერც ერთი პროდუქტი ვერ შეედრება, ცნობილია. საბედნიეროდ, ეს კულტურა საქართველოს ნებისმიერ კუთხეში კარგად ხარობს. თუმცა საბაზრო ღირებულებით ქართლის - გორისა და ქარელის ვაშლს ვერაფერი შეედრება. ედილაშვილებს მთელ ქარელში ერთ-ერთი საუკეთესო ვაშლის ბაღები აქვთ. ამაში 29 წლის დურმიშხან ედილაშვილის დიდი წვლილია, მას ენდო "დანერგე მომავალი" და 27 ჰექტარზე ვაშლის ინტენსიური ბაღების გაშენების პროგრამა დაუფინანსა. წლეულს ედილაშვილები დაახლოებით 800 ტონა ვაშლის მოკრეფას აპირებენ.

- იყო წლები, როცა ვაშლის ბაღის შენარჩუნება ძნელი იყო - ტრანსპორტი არ იყო და ვაშლის დედაქალაქამდე ჩამოტანა ჭირდა. პაპაჩემი ცნობილი მებაღე იყო და არ დაუშვებდა, რომ ბაღი გაგვხმობოდა. მხოლოდ მამაჩემი კი არა, მე და ჩემი ძმაც მასთან ერთად ვმუშაობდით ბაღებში.

6 ჰექტარზე ტრადიციული ჯიშები შევინარჩუნეთ და ჩვენი შემოსავლის წყაროც ეს იყო. ალბათ, სწორედ ამიტომ შეგვიწყო ხელი სახელმწიფომ. ნახეს, რას ვაკეთებთ და "დანერგე მომავლის" პროგრამით დაგვაფინანსეს. Uუპროცენტო კრედიტი დიდი შეღავათია.

არანაკლები ხელშეწყობა იყო, რომ ჰოლანდიაში გამიშვეს ვაშლის მოვლა-მოყვანის შესასწავლად. ზოგიერთი იტყვის, ვაშლის ბაღებში გაზრდილ კაცს ვაშლის მოყვანის რა სწავლა სჭირდებაო, მაგრამ ასე არ არის. ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენია, რამხელა ცოდნაა უკვე დაგროვილი ევროპაში სოფლის მეურნეობაში.

- მოგეწონათ იქაურობა? - უქმად ადამიანს ვერ ნახავ, ყველას თავისი საქმე აქვს - ერთი რომ ვაშლის ბაღს უვლის, მეორე ყიდის, მესამე ასაწყობებს, ჩვენთან კი ხშირად ყველაფერი ერთი კაცის ზურგზეა, რაც ქანცს აცლის. მაგრამ არა უშავს, მთავარია, ჩემთვის შრომას შედეგი აქვს. მხარ-თეძოზე რომ ვიყო წამოკოტრიალებული, არც სახელმწიფო შემიწყობდა ხელს და არც ბაღები მექნებოდა. ახლა დაახლოებით 8 ჰექტარამდე ბაღები მაქვს, მათ შორის, ბლისაც. ტრადიციულთან ერთად, ე.წ. ინტენსიური ვაშლი 2 ორი წლის წინ 27 ჰექტარზე გავაშენე, ჰოლანდიიდან და იტალიიდან ჩამოვიტანე რამდენიმე ჯიშის ნერგები. მათ შორის ტკბილი ჯიშებიც არის და მომჟავოც. მეორე წელსვე დაისხა. ჩვენი წინაპრები რომ ელოდნენ 8-10 წელიწადს ბაღის საუკეთესო მსხმოიარობას, ისე ვეღარ გამოდის, დრო აჩქარდა, ადამიანი შრომაში ინვესტიციას რომ ჩადებს, შედეგიც მალე უნდა, ინტენსიური ბაღები კი ამის გარანტიაა. თუმცა, ტრადიციული ჯიშებიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.

- ინტენსიური ბაღები რით განსხვავდება ტრადიციულისგან?

- ინტენსიური ბაღი სუსტად მზარდ სანერგეზე იზრდება, რის გამოც სიმაღლეში სამ მეტრამდეც არ მიდის, ამასთან, ზოგჯერ უკვე პირველ წელიწადსვე მსხმოიარობს და უკვე 3-4 წლისა სრულად მსხმოიარეა. იმის გამო, რომ ხეები დიდი არ არის, თუ ჰექტარ ბაღში ტრადიციული ჯიში 300-400 ძირი ირგვება, ინტენსიური - 2000-3000 ძირი. ხის მთელი ენერგია არა ტოტების, არამედ ნაყოფის ზრდაზე მიდის. მოვლაც ადვილია, ტექნიკით ვუფხვიერებთ ძირებს, წვეთოვანი სისტემით ვრწყავთ და აუტანელი სიცხეებიც ვეღარ მოერევა ბაღებს. ამიტომაც არის, რომ ინტენსიური ბაღები ტრადიციულს არც მოსავლით ჩამოუვარდება და არც გემოთი. ნახეთ ბაზარზე ჩვენებური ინტენსიური ბაღის ვაშლები, საუკეთესოა.

- ამხელა ბაღებს, ცხადია, მარტო ვერ მოუვლით და მუშახელს ასაქმებთ, ეს თქვენი შრომის კიდევ ერთი დადებითი შედეგია. - სოფელში მუშახელის შოვნა გვიჭირს, დაცლილია სოფელი. მიუხედავად ამისა, უიმედოდ არ ვარ - როგორც კი ჩვენს სოფლებში ევროპული მეურნეობის ცოდნა შემოვა და კარგი შემოსავალი გაჩნდება, ფერმერული მეურნეობებიც მოიმატებს. მუშახელს კი სეზონზე 100 კაცამდე ვასაქმებ, აქედან 70 კაცი ვაშლზე მოდის.

- შარშან მოსავალი არ იყო და ამიტომ მთელ წელიწადს ვაშლი თურქეთიდან შემოდიოდა, რამაც ფასი გაზარდა და ნაყოფის ეკოლოგიური სისუფთავეც დააყენა ეჭვქვეშ. - შარშან აპრილში ხეხილი ყვავილობისას წაყინა, წლეულს გადავრჩით და ყველგან დიდი მოსავალია. ნაწილს მაცივრებში შევინახავთ, ნაწილს კი გავყიდით. ჩვენი ვაშლი, ძირითადად, აზერბაიჯანელებს მიაქვთ. მერწმუნეთ, თვით ქართულ ბაზარსაც ვერ ვაკმაყოფილებთ ქართული ვაშლით, რამდენიც უნდა მოვიყვანოთ, ადგილობრივ ბაზარზე მაინც გაგვეყიდება. ტრანსპორტი გვყავს, დაფინანსების პროგრამით, საბედნიეროდ, ესეც მივიღეთ. ასე რომ, თავადაც ჩაგვაქვს დედაქალაქამდე. აქაც ჩამოდის უამრავი კლიენტი. ამ ეტაპზე 1 კილოგრამი ვაშლი 70 თეთრი ღირს. Eეს არ არის მცირე ფასი. მოგვიანებით ფასი აიწევა, მაგრამ არც იმდენად, რომ ყიდვა ვერ შეძლონ. წლეულს ქართული ვაშლი თურქულს, სავარაუდოდ, ბაზარზე აღარ შემოუშვებს და ეს კარგია, ჩვენი შრომაც დაფასდება და კლიენტისაც.

ეთერ ერაძე