ვანიკოს "მომღერალი" ბაღი
30-07-2018
ვანიკოს "მომღერალი" ბაღი
თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი, ბას-ბარიტონი, ოპერის თეატრის ანსამბლ "სულიკოს" დირექტორი ვანიკო გალუაშვილი წყნეთში ბაღს დედასთან ერთად უვლის. უფრო სწორად, დედა მაშინ ეხმარება, როცა ვანიკო გასტროლებზეა, ეს კი ხშირად უწევს. სადაც უნდა იყოს, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოაქვს ქოთნით მცენარე ან ნერგი, ფესვი, ბოლქვი, რომ თავის ბაღში გაამრავლოს. ახლაც მასთან არა ოპერაზე, მუსიკაზე, არამედ მცენარეებსა და მებაღეობაზე ვისაუბრებთ.

- ჩემი დაკვირვებით, მოყვარულ მებაღეებს, გარდა გარემოს სიყვარულისა და მასზე ზრუნვისა, ის აერთიანებთ, რომ
ამ ყველაფრისგან­ მიღებულ დადებით მუხტს სხვებსაც უნაწილებენ, ურჩე­ვენ ან მოუწოდებენ, მათ მიჰბაძონ... არ მეთანხმებით?

- ყვავილების მანიაკი ვარ და თან უკვე დიდი ხანია. წყნეთში ვცხოვრობ, სახლი და ბაღი მაქვს. ლამაზი ბაღი რომ მქონდეს, ახალ-ახალ ნერგებსა და ქოთნის მცენარეებს ვყიდულობ, უცხოეთიდან ლამაზი და ზოგჯერ იშვიათი ყვავილები
ჩამომაქვს. თაყვანისმცემლებმა, მაყურებელმა, ვინც სპექტაკლზე მოდის, იციან და მცენარეებს რომ მჩუქნიან, უმეტესად ქოთნის ყვავილებია.

- მსახიობებს უთქვამთ ჩემთვის, რომ მაინცდამაინც არ მოსწონთ, როცა თაიგულებს ჩუქნიან - ყვავილს სიცოცხლეს დროზე ადრე უსწრაფებენო.
- მეც ასე ვფიქრობ. მოჭრილ ყვავილებს ვერ ვეგუები, ამიტომ როცა ვინმესთვის დაბადების დღეზე ან რამე ღონისძიებაზე ყვავილი უნდა ვიყიდო, ვცდილობ, ქოთნის მცენარე შევარჩიო.
ოპერის თეატრშიც ბევრი ქოთნის ყვავილი გვაქვს. მხოლოდ იმიტომ კი არ გვიყვარს, რომ ლამაზია და სურნელოვანი, ცოცხალია და მასთან ახლოს ყოფნა სასიამოვნოა. რა ჯობია, როცა ოთახში შეხვალ და ყვავილების სურნელი ტრიალებს.

- ზოგიერთმა იცის თქმა, მე ყვავილს ვერ გავახარებ, გამიფუჭდებაო. ვფიქრობ, შეუძლებელია, ადამიანმა მცენარე ვერ გაახაროს.
- ყველა ადამიანს შეუძლია მცენარის გახარება, მაგრამ ზოგს მართლაც არ აქვს ამის სურვილი და ეს არის... 2 წლის წინ 68 ძირი ვარდის სხვადასხვა სახეობა მქონდა, ჰოლანდიიდანაც ბევრი ტიტა ჩამოვიტანე. ნამდვილი ბაღნარი მქონდა. ზამთარში­ რაღაცებს კი ვფუთავ, მაგრამ წყნეთში ცივი ზამთარი იცის და სამწუხაროდ, ნაწილი მაინც ფუჭდება. ჰოლანდიიდან ერთი საოცარი ვარდიც ჩამოვიტანე, მაღალი და სწორი იზრდება. გასაოცარი ფერთა სინთეზი აქვს, 1,6 მეტრზე მეტი იზრდება (საერთოდ, ქართული ვარდი 1 მეტრამდეა), ჩემთან 1,8 მ-ია. ასეთი ვარდი ზურა შევარდნაძის ბაღშიც გამოიყვანეს. დიდი ბაღი არა მაქვს, მაგრამ 100-ზე მეტი დასახელების მცენარე მაინც მექნება. ცხადია, ხეხილიც დგას, არის მარწყვიც.

რადგან გასტროლზე ყოფნა ხშირად მიწევს, ბაღს დედაჩემი უვლის. როცა აქ ვარ, ცხადია, მე - მორწყვა იქნება, გასხვლა, ზედმეტი ფოთლის მოცილება თუ სხვა რამ...
გამოთქმა არსებობს, როგორც მოუვლი ქალს, გვერდით ისეთი ქალი გეყოლებაო, იმავეს ვიტყოდი ყვავილზეც - როგორც მოუვლი, ისეთი ლამაზი და სურნელოვანი იქნება. ამას დიდი შრომა არ სჭირდება, სწორად მოვლა უნდა იცოდე.

დედა მეუბნება, სიმღერას თავს რომ დაანებებ, ალბათ, შენი ბაღი გექნება ან ყვავილების მაღაზიაო. ყვავილების მაღაზია ვერ წარმომიდგენია, ბაღი მირჩევნია - ვანიკოს ბაღი...

- შემთხვევით მცენარეებს ხომ არ უმღერით?
- რა თქმა უნდა, მე და ჩემი მეგობრები ბავშვობიდან ვმღეროდით ხალხურ ანსამბლებში. საღამოობით მეგობრები რომ ამოდიან, გიტარის თანხლებით ჩვენს ბაღში გემრიელი საღამოები გამოგვდის.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?
- სოციალურ ქსელში ჩემი ყვავილების ფოტოსესიასაც რომ გამოვდებ, ეს სწორედ იმას ემსახურება, რომ ადამიანებს მცენარეებთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდეთ. რამდენიმე ჩემმა მეგობარმა მოაშენა კიდეც მცენარეები. სტიმული მივეცი და მონდომებასაც იჩენენ. ამხელა კაცი ყვავილებს რომ ვუვლი და გოგოს ერთი ყვავილიც არ აქვს, უხერხულობას გრძნობს და ბევრმა ამიტომ გადაწყვიტა ქოთნის ყვავილების მომრავლება.

შევთავაზე, გაისად ერთმანეთს შევეჯიბროთ, ვისაც საკუთარი ეზო აქვს, მცენარეებს ფოტოები გადავუღოთ და ავტვირთოთ, ვაჩვენოთ ყველას თუნდაც ვარდი და გვირილა ეზოში თავს როგორ იწონებენ-მეთქი. მოკლედ, გაისად შეჯიბრებისთვის უნდა მოვემზადოთ, ვის უკეთესი ბაღი ექნება.
ჩემს ბაღში მუდმივად რაღაც ყვავის, სეზონურად მოყვავილე მცენარეებია. ქოთნებშიც უამრავი ყვავილი მაქვს. ბოლოს ვილნიუსში ვიყავი გასტროლზე და 20 დასახელების მარტო ქრიზანთემა და კიდევ სხვა მცენარე შევიძინე.

- ყვავილებს ოპერებიდან პერსონაჟის სახელებს ხომ არ არქმევთ?
- არა, მაგრამ ერთხელ ასეთი რამ მოხდა:

"კარმენში" ესკამილიოს ვმღერი. ერთ მომენტში კარმენი მოწყვეტილ ვარდს ზიზღის ნიშნად ხოზეს ესვრის. ერთხელაც კარმენის ნასროლ ვარდზე გული ისე დამწყდა, რომ ჩემი მოქმედება არც იყო და მიზანსცენა დავარღვიე, შუა სპექტაკლში მივედი, ის ყვავილი ავიღე და ჯიბეში ჩავიდე, რეჟისორი გაგიჟდა, რას აკეთებო? ეს ყვავილების სიყვარულმა გამაკეთებინა.

ლალი ფაცია

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა