ხადას "ც(ხ)ვარტკბილი" - კვირის პალიტრა

ხადას "ც(ხ)ვარტკბილი"

ზურა ბენიაიძეს საქართველო 300 არაგველზე სიმღერით იცნობს. თუმცა ზურა კარიერულ წინსვლას ჯერჯერობით ისევ მშობლიურ სოფელში დარჩენას ამჯობინებს, აქაც არა მიშავს რაო, ამბობს ამაყად, ღიმილით და გაუტეხავი, შეუბედავი ციხესოფელივით გადაჰყურებს ხეობას. სულ ცოტა ხნის წინ კი ხადას ხეობაში ფუტკრების მრავალრიცხოვანი ოჯახიც ამოიყვანა და ალპურ მდელოებში "გაამაგრა".

ზურა ბენიაიძე: - "ჩემი საფუტკრეც, ისევე როგორც ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში, ხადას ხეობის დამსახურებაა, მისი ყვავილებით მოჩითული კალთების შემხედვარეს სხვა რა უნდა მომსვლოდა თავში აზრად. გადავწყვიტე, ნამდვილი მთის თაფლის შეგროვება და ქვეყნისთვის გაცნობა საკუთარი ეზოდან დამეწყო. რამდენიმე დღის წინ დიდ ტრაგედიას შეესწრო ხადა (სმითების ოჯახის ტრაგედიას ვგულისხმობ). მიჭირს ამ ტრაგედიის შემდეგ ჭრილობის მოსაშუშებელი სიტყვების გამოძებნა, მაგრამ ვიცი, ამ ამბავმა ყველაზე მეტად ხადელებს დასცა თავზარი, ნამდვილ მთიელებს, ხეობის ბერმუხებს, ამიტომაც ვეცდები, გულმოკლულ ადამიანებს ხადას ნამდვილ მადლზე მოვუყვე. მინდა, უცნობებმაც და ნაცნობებმაც მისი "ცვარტკბილი" დააგემოვნონ, მისი მდელოების ნექტარი ისუნთქონ, ამ საქმეში კი ჩემი მეთაფლიების (ფუტკრების) დიდი იმედი მაქვს.

- მეფუტკრეების ტერმინოლოგიაშიც გარკვეულხარ უკვე. - მზის ამოსვლისას მეც მათთან ერთად ვდგები, ერთად გავდივართ მინდვრებზე და ცივ-ცივ ალპურ ჰაერს "ვსვამთ".

არ გჯერათ? გამოისეირნეთ ერთხელ ხადაში, სისხამ დილით მზის ამოსვლამდე, ერთად ვუცქიროთ, როგორ ეგებება მთელი ხეობა ამომავალ მნათობს, როგორ იღვიძებს დედაბუნება, რა საამური ხმით უკრავს ცისკრის სალამური და დაიჯერებთ.

- მოკლედ, მომღერალი-მეფუტკრე გახდი, გაივსება შენი სიმღერებიც "თაფლასიტყვებით". - არ მიკვირს, ალბათ, ბუნებრივად მოხდა, ეს ორი საქმიანობა არათუ ხელს უშლის, ავსებს კიდეც ერთმანეთს. ფუტკრების მწყემსვისას თან ფანდური "მახლავს" და გული არ მითმენს, რომ არ ვიმღერო, როგორი ძნელია არაგველობა, მთიელობა, მთისკაცობა. არ შემიძლია ხადას ხეობებს, მზის ამოსვლას სიმღერით არ მივეგებო... ხშირად, როცა ჩემი ფუტკრები ხადას ველ-მინდვრებს მოედებიან, მეგობრებს ავიყოლიებ ხეობაში სახეტიალოდ და მათ კვალდაკვალ გვემღერება. საღამოს, როცა ფუტკრები შინ ბრუნდებიან, მაშინაც სიმღერით ვხვდები. იმედია, მართლაც თაფლად ჩაგვეწურება სიმღერებში ფუტკრების მოტანილი "ცვარტკბილი" და სასიამოვნო გამოძახილს პოვებს თითოეულ ადამიანში.

- გეგმებზე რას გვეტყვი? - ვეცდები ჩემს ხადას, ხადელებსა და მთელ საქართველოს სიტყვით და საქმით ერთნაირად გამოვადგე. ახლა ცხვარსაც ვმწყემსავ, მაგრამ მომავალში რქოსანი პირუტყვის გაჩენა მინდა, იაკების, გარეული ხარის მოშენებას ვაპირებ, ცხვარ-ძროხის ყურისგდება არ მესწავლება, მაგრამ იაკი ყველაზე უკეთ ეგუება ზამთრის სიმკაცრეს. მეზობელ სოფელ სნოში ჰყავთ და მათი პატრონის მონახულებას ვგეგმავ გამოცდილების მისაღებად. ვეცდები, ფეხი არ მოვიცვალო აქედან, ვნახოთ, რა გამოვა.

მინდა საკუთარი მცირე მთის მეურნეობა ავაწყო, ცოტ-ცოტა ყველაფერი, რაც მთის პირობებში შეიძლება ჰქონდეს და ჰყავდეს კაცს."

კახა მჭედლიშვილი