"პლაჟის სიმინდი" აბაშაში - კვირის პალიტრა

"პლაჟის სიმინდი" აბაშაში

აბაშის რაიონი საქართველოში ოდითგან ითვლებოდა სიმინდის ბეღლად. სწორედ აქაური ნიადაგია სიმინდის უხვი მოსავლისთვის ზედგამოჭრილი. მართალია, სიმინდის ნათესებმა ჩვენში ყველგან იკლო (რაც მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ზრდის ტემპზეა დამოკიდებული), მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, სიმინდის უხვი მოსავალი აბაშაში კვლავ მოჰყავთ. წლევანდელ სეზონზე აქაურებმა ისეთი სიურპრიზი შემოგვთავაზეს, რაც ყველას, განსაკუთრებით კი მათ გაახარებს, ვისაც ზღვის სეზონი ჭყინტი ტაროს გარეშე ვერ წარმოუდგენია: აქ წლეულს პირველად მიიღეს ქართულ "აჯამეთის თეთრზე" გამოყვანილი "პლაჟის სიმინდი".

ნაღდი ქართული სიმინდის გემო რომ ისევ გვეგრძნო, ეს უპირველესად იმ ქართველი გლეხის დამსახურებაა, რომელიც სოფელ ფარცხანაყანევში დიდხანს ცდილობდა "აჯამეთის თეთრიდან" როგორმე მიეღო სიმინდი, რომელიც ჩვეულებრივ ქართულ სიმინდზე 1 თვით ადრე შემოვიდოდა. სწორედ მის სიმინდს შეუჯვარა ცნობილმა ქართველმა მესიმინდე ზურაბ ჯინჯიხაძემ უხვMმოსავლიანი სიმინდის ჯიში და მიიღო ტარო, რომელმაც უცხოური ჰიბრიდი უნდა განდევნოს. თუ როგორ მოხდა ეს, აბაშის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო სამსახურის უფროსი დურმიშხან კილაძე გვიამბობს. ზღვის სამეწარმეო სიმინდის ჯიშის შექმნაში მასაც დიდი წვლილი მიუძღვის.

- ჯერ კიდევ ბევრს ახსოვს, XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩვენს რაიონში რამდენად წარმატებული ექსპერიმენტები ეწყობოდა უხვმოსავლიანობისთვის. სიმინდს ახლაც დიდ ტერიტორიებზე ვთესავთ. მათ შორის არის უცხოური საფურაჟე სიმინდი, რომელიც აუცილებელია მესაქონლეობისთვის, მაგრამ ჩვენი სიამაყე ის ქართული ჯიშებია, რომლებიც უხსოვარი დროიდან გვაქვს. ასეთია "აბაშური ყვითელი", რომელსაც საკვებთან ერთად სამკურნალო დანიშნულებაც აქვს და რომლის პოპულარიზაციისთვის ყველაფერს თუნდაც იმიტომ გავაკეთებ, რომ ბავშვების აღზრდას მოხმარდეს და მასზე გაცილებით დაბალი ხარისხის ფაფები ჩაანაცვლოს.

რაც შეეხება საჭყინტე ქართულ სიმინდს, მისი მოსავალი იმიტომ მახარებს, რომ ჩვენს გლეხებსა და ფერმერებს შემოსავალს მოუტანს. სწორედ იმიტომაც დავათესვინე, მინდა ყველამ ნახოს მისი ნაადრევი, ხარისხიანი ტარო და რაც შეიძლება ბევრმა დათესოს, რომ მოგება ნახოს. წლეულს მხოლოდ 1 ჰექტარზე გვქონდა დათესილი, თანაც გვიან დავთესეთ, მაისში. უკვე ივლისის ბოლოდან ყოველ მესამე დღეს ტეხენ და ყიდიან, ასე რომ, მოსავალი იწურება, კარგი და ხარისხიანი ჩალაც დარჩება პირუტყვისთვის და ესეც დიდი საქმეა.

- ცნობილია, რომ მარნეულში "ლომთაგორას" საცდელ ბაზაზე რამდენიმე გამოცდილი მეცნიერი მუშაობს ქართული სიმინდისგან ახალი სახეობების მისაღებად, მაგრამ ტაროდანვე რომ იყიდებოდეს, ასეთი სახეობა ცნობილი არ არის. - სწორედ "ლომთაგორას" მხცოვანმა და მეტად დასაფასებელმა მესიმინდე მეცნიერმა ზურაბ ჯინჯიხაძემ მთხოვა, რომელიმე აბაშური ქართული სიმინდის ჯიში ჩამეტანა ახალი სახეობების გამოსაყვანად. ფარცხანაყანევში ერთ გამრჯე გლეხს ვიცნობდი, რომელიც "აჯამეთის თეთრის" სელექციას ათეული წლებია მისდევდა, რომ როგორმე ნაადრევი ჯიში მოეყვანა. თემურ ხეთაძე ყოველ წელიწადს ნაადრევად შემოსულ ტაროებს არჩევდა, მერე თესავდა და მათგან კიდევ ნაადრევს არჩევდა. ასე დაიყვანა ამ გამრჯე გლეხმა სიმინდი ნაადრევ მოსავლიანობაზე.

თუ სხვა სიმინდი დაახლოებით 120-135 დღეში შემოდის, მისი შერჩეული "აჯამეთის თეთრი" 100 დღეში შემოდიოდა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ ტაროს ზომა იგივე რჩებოდა, რაც სიმინდის საბაზრო ღირებულებას ამცირებდა. ჰოდა, ვთხოვე ამ კაცს შესაჯვარებელი მასალა, ხათრი გამიწია და მომცა. მანამდე, სხვათა შორის, არავის აძლევდა კონკურენციის გამო. ეს მასალა ჩავუტანე ბატონ ზურაბ ჯინჯიხაძეს "ლომთაგორაში" და 2 წლის შემდეგ იქ კვლავ ჩასულს ტარო რომ მომეწონა, ეს რა სიმინდია-მეთქი, ბატონმა ზურაბმა მითხრა, სწორედ იმ სიმინდისგან არის გამოყვანილი, შენ რომ მომიტანეო. მაშინვე დავთესავდით, მაგრამ თესლი ცოტა იყო. კიდევ 2 წლის შემდეგ უკვე ახალგამოყვანილი სიმინდის თესლი ჩემს ახლობელ ფერმერს, მამუკა ქვილითაიას, დავათესვინე სოფელ ნაესაკაოში და აღტაცებულია კაცი - ლამის მთელი მოსავალი გაყიდული აქვს ჭყინტ სიმინდად.

- ახალი სახეობა რით განსხვავდება ფარცხანაყანევის საადრეო ჯიშისაგან? - უპირველესად ტაროს ზომით, ორჯერ მეტია დედასიმინდზე, ასევე, ჩალის რაოდენობითა და თესვის სიხშირით. თუ მისი დედასიმინდის ჯიში მოითხოვს, რომ მცენარეთა შორის მანძილი 35-40 სანტიმეტრი იყოს, სიმინდის ახალგამოყვანილი სახეობა მცენარეთა შორის 25 სანტიმეტრზე დავთესეთ. ამ სიმინდის მომვლელ-მომყვანს შემოსავალიც მეტი ექნება ჭყინტი ტაროსგან და ჩემი სურვილიც ზუსტად ეს არის.

ეს ტარო ახლა ჩვენს ბაზარზე 40-50 თეთრი ღირს, ზღვაზე კი, მოგეხსენებათ, მისი ფასი ლარია. რაც მთავარია, ეს არის სუფთა ქართული სიმინდი, რომელიც ივლისის ბოლოდან ზღვაზე ნაადრევად შემოვა და ამ პერიოდის დამსვენებლებს სიმინდის ძველ, ქართულ გემოს დაუბრუნებს.

- საინტერესოა, როგორ უნდა გაარჩიო ის ნაადრევი, უცხოური ჯიშის ჰიბრიდისგან, რომელიც სანაპიროზე შემოდის? - ეს არ იქნება იოლი, ვიზუალურად ერთბაშად ვერ მიხვდები, რომელია უცხოური ჯიშის სიმინდი და რომელი ქართული, მაგრამ გემო ყველაფერს წყვეტს - დაკვირვებული თვალი ადვილად იცნობს მისთვის მისაღებ სიმინდს.

ჩვენ ზურაბ ჯინჯიხაძესაც დავუკავშირდით, რომელმაც, აი, რა გვითხრა: "მესიმინდე მეცნიერების საქმე ის არის, რომ ახალი სახეობა შევქმნათ, მაგრამ რაც მთავარია, ქართული ჯიშები არ უნდა დავკარგოთ. ამიტომაც ვთხოვე დურმიშხანს აბაშიდან ადგილობრივი ქართული სიმინდის მასალის ჩამოტანა, რომლის შეჯვარებით მივიღეთ სიმინდი, აბსოლუტურად ქართული გემოთი. Aახალ სახეობას, ალბათ, "ლომთაგორას" ნუმერაციით მივანიჭებთ სახელს. თუმცა ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ სიმინდი სამეწარმეო ღირებულების არის და ხალხს შემოსავალს მოუტანს".

ეთერ ერაძე