"ოქროსხელება" მებაღის ატამ-ტყემალას ბაღები - კვირის პალიტრა

"ოქროსხელება" მებაღის ატამ-ტყემალას ბაღები

სოფელი გომი საქართველოში რამდენიმეა, ამჯერად იმ გომის მკვიდრზე უნდა მოგითხროთ, რომლის სოფელიც ხაშურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. იქ მეურნეობას ბევრი მისდევს, ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ. ახალგაზრდა ფერმერზე - შმაგი არევაძეზე გიამბობთ. შმაგიმ მეურნეობას ხელი 12 წლისამ, სასკოლო ასაკში მოჰკიდა. ახლა 20 წლის არის და ამაყობს იმ შედეგებით, რაც დღეისთვის აქვს. 8-შვილიან ოჯახში მშობლებს 7 ვაჟი და 1 გოგონა ჰყავთ, გოგონა მერვეა, როგორც იტყვიან, ნანატრი შვილი.

შმაგი არევაძე: - უფროსი ძმა 28 წლის არის, ყველაზე უმცროსი 5 წლის დაა. დედაჩემი, ინგა ჩოჩიშვილი, დიასახლისია, მამა ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. ჩემი ძმები სხვადასხვა საქმით არიან დაკავებული, ზოგი სახელოსნოში, სამი ძმა კი მეურნეობაში ვართ ჩართული, ბაღისა და ბოსტნის გაშენებაში წვლილი ყველას მიუძღვის. თუმცა ბოლო დროს მე ვაქტიურობ.

- როგორ დაიწყე საქმიანობა? - 2012 წელს დავრგეთ პირველი ხეები - ვაშლი, ქლიავი, ატამი... ეს ხილი ხომ ჩვენკენ კარგად ხარობს. ახლა ხეხილის ბაღი 2 ჰექტარზე გვაქვს, ცალკე ფართობი კი ბოსტნეულისთვის. პირველად დავრგეთ ვაშლი - "გრინ სმიტი" და "ფუჯი", ასევე ქლიავი "სტენლი" და "პრეზიდენტი". წლებთან ერთად, ნერგებს ვამატებდით და ბაღს ვაფართოებდით.

- პატარა ბიჭებს საიდან გქონდათ ეს გამოცდილება, რომ ასეთი ბაღისთვის მოგევლოთ? - იყვნენ ადამიანები, ვინც ამავე საქმეს მისდევდა და მათგან ვსწავლობდით. რომ წამოვიზარდე, ტრენინგებზე დავიწყე სიარული და იქ მიღებული ცოდნით მეტად განვავითარე ჩვენი საქმიანობა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ძალიან მიყვარს. ჩემს ბაღში რომ შევდივარ, საოცარი განცდა მეუფლება - მიხარია, რომ შრომა წყალში არ ჩამეყარა.

- ხეხილს როგორ უვლი? -…მუშაობას ადრე გაზაფხულიდან ვიწყებ გასხვლით, მერე შეწამვლის ჯერი დგება. ყოველ 7 დღეში ერთხელ ვწამლავ. ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებთ, მუშახელი არასდროს დაგვიქირავებია. მოსავალმა რომ მოიმატა, გაყიდვაც დავიწყე და არც ამით ვარ უკმაყოფილო.

- ახალი ჯიშები გამოგყავთ? - მყნობაც ვიცი და ნერგებიც გამომყავს. დამყნობა ველურ ძირებზე ხდება, შემოტანილი გვაქვს სპეციალურად საძირეები და მათზე ბევრ რამეს ვამყნობთ. გვაქვს ე.წ. შავი ატამი - ლოდის ჯიშის (იტალიურია და შავ ბიჭსაც ეძახიან). მისი გადამყნობა ტყემალზე მოვახერხეთ, სასწაული გამოვიდა, ახლა 50 ძირი მაქვს და კიდევ გავამრავლებთ.

- მართლა შავი ფერი აქვს? - გარედან მუქი შავია და შიგნიდან წითელი. რომ გასინჯავენ, სულ კითხულობენ, რისი გემო აქვსო? რისი და, ერთდროულად ტყემლისა და ატმის, პრიალაა, ბუსუსებით არ არის დაფარული. მასაც ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორიც ჩვეულებრივ ატამს, ქლიავსა და სხვა ხეხილს.

- ბოსტანში რა მოგყავს? - კარტოფილი, ჭარხალი, კიტრი, სტაფილო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ცუკინი, ყაბაყი მარინადისთვის, რომელსაც ვყიდით, საკონსერვოს ვაბარებთ.

- როგორია შენი ერთი სამუშაო დღე? - დილის 5 საათზე ვდგები და მივდივარ სხვადასხვა ბაღში, სადაც საქმე გვაქვს. ზოგან გასათიბია, ზოგან მოსარწყავი... მიუხედავად იმისა, რომ ტრაქტორი არ გვყავს, პრობლემები არ გვექმნება, ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებთ. შესაწამლავად კი ყველანაირი აღჭურვილობა გვაქვს.

- სახელმწიფო პროგრამით არ გისარგებლია? - ერთხელ, 3 წლის წინ ავიღე გრანტი, სახელმწიფო გასარწყავიანებაში დამეხმარა და ახლა ყველაფერს წვეთოვანი სისტემით ვრწყავ. შედეგებით კმაყოფილი ვარ.

12 წლისამ დავიწყე მუშაობა, სკოლიდან დასვენებაზე გამოვრბოდი, რომ ბაღისთვის თვალი შემევლო და ხანდახან ხელიც შემეშველებინა, სულ შრომაში ვარ და მომავალშიც ასევე ვაპირებ.

ეგ არის, რომ სოფლის მეურნეობაში ცოტა განათლება მაკლია, მისი მიღება მინდა და ახლა ამასაც ვცდილობ. სასწავლებელში უნდა ჩავაბარო და პროფესიონალი გავხდე.

- ამდენი შრომით არ იღლები? - არა. რაც გიყვარს, ის არ გღლის.

- რა რჩევა შეგიძლია სხვებს მისცე? - მთავარია, გულისყურით მიუდგნენ ყველაფერს. მეგობრები მეუბნებიან, მოდი, ჩვენთან იყავი, მაგ საქმეს თავი დაანებეო. დავანებო კი არა, თქვენც გააკეთეთ რამე, ტყუილად არ იხეტიალოთ-მეთქი. ვურჩევ, ხელი მოჰკიდონ სოფლის მეურნეობას. ეს სფერო ახლა ისე ვითარდება, რომ არც ერთ ბიზნესს არ ჩამოუვარდება. თუ მოინდომებენ, საქართველოშიც იმდენი საშუალება არსებობს, ყველას შეუძლია საქმის გაკეთება. ბაღებს ხანში შესული ადამიანები აშენებენ და ახალგაზრდებს ხელი რამ უნდა შეუშალოს?!

ლალი ფაცია