დაე, იშრიალონ საპნის, ქონის, ლაქის ხეებმა - კვირის პალიტრა

დაე, იშრიალონ საპნის, ქონის, ლაქის ხეებმა

"ქონის ხისგან მიღებული ცხიმი თვისებებით ყველაზე მეტად ჰგავს ცხოველურ ქონს"

ჩვენი ქვეყნის ბუნება არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მრავალფეროვანიცაა. შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ საქართველოში ხარობს რამდენიმე მეტად უჩვეულო დასახელების ხე, რომელთაც სამეურნეო მნიშვნელობაც აქვს. ამ ხე-მცენარეებზე ინფორმაცია სწავლულმა აგრონომმა აკაკი ღლონტმა მოგვაწოდა.

საპნის ხე

საპნის ხე 15 მ-მდე სიმაღლისაა, მარადმწვანე. მისი სამშობლო სამხრეთი ამერიკაა. ფართოდ არის გავრცელებული ბრაზილიასა და ჩილეში, ასევე ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ინდოეთში, აფრიკის კონტინენტსა და ჩინეთში. საპნის ხის დიდი სამრეწველო პლანტაციებია აშშ-ში, კერძოდ, სამხრეთ ფლორიდასა და კალიფორნიაში. საპნის ხე კარგად იზრდება საქართველოშიც, შავი ზღვის სანაპიროზე, კარგად ხარობს თბილისის პირობებშიც. საპნის ხის ნახვა თბილისის ბოტანიკურ ბაღში შეიძლება.

რისთვის გამოიყენება საპნის ხე? მისი ნაყოფი შეიცავს 38%-მდე საპონინს, რომელსაც იყენებენ ლუდისა და შუშხუნა სასმელების დასამზადებლად. საპონინს ასევე იყენებენ მედიცინაში, კბილის პასტის, ჰიგიენური საშუალებების წარმოებისას. მისგან კარგი საპონიც მზადდება. მცენარის მერქანი გამოიყენება ავეჯისა და ხის ნაკეთობათა დასამზადებლად. საპნის ხე მსხმოიარობას 6-7 წლის ასაკიდან იწყებს. ერთი ძირი სრულმოსავლიანი ხე საშუალოდ 50-100 კგ ნაყოფს იძლევა.

ქონის ხე

ქონის ხეც საინტერესოა სამეურნეო თვალსაზრისით. ის იძლევა მცენარეულ ქონსა და ზეთს, ასევე - მაღალხარისხიან საღებავს. ამ ხის მერქანი მკვრივი და გამძლეა. მისი თესლისაგან მიღებულ ქონს ჩინურ სამზარეულოში იყენებენ. კარგია ეს მცენარე სანთლების დასამზადებლადაც. მცენარეულ ქონს იყენებენ მედიცინასა და წარმოების სხვადასხვა დარგში ღორის ქონის ნაცვლად. სპეციალისტების თქმით, მცენარეული წარმოშობის ცხიმები, ადრე თუ გვიან, მთლიანად შეცვლის ამ მიზნით საჭირო ცხოველურ ცხიმებს. ქონის ხე სხვადასხვა სიმაღლისაა, შესაფერის კლიმატურ პირობებში ის 10-12 მეტრს აღწევს, შედარებით მშრალ რაიონებში კი 3-5 მეტრს არ აღემატება. გარეგნულად ალვის ხეს მოგვაგონებს. რამდენიმე ქონის ხე გვხვდება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზეც, კერძოდ, ბათუმსა და სოხუმში. მის ზეთს იყენებენ საფეიქრო მრეწველობაში ხელოვნური ტყავის, ლინოლეუმის, მუშამბების დამზადებისას. ქონის ხისგან მიღებული ცხიმი თვისებებით ყველაზე მეტად ჰგავს ცხოველურ ქონს. მისი მიღების შემდეგ დარჩენილ თესლს აქუცმაცებენ, წნეხენ და იღებენ მცენარეულ ზეთს. ეს ზეთი ოქროსფერია და სპეციფიკური სუნი აქვს. ქონის ხის მერქანი მკვრივია, ჩინეთში მისგან გრავიურებს ამზადებენ. მისი გამოყენება შეიძლება დეკორატიულ ნარგაობებშიც. შემოდგომით მისი ფოთლები ალისფრად იფერება და ძაAლიან ლამაზი და ეფექტურია.

ლაქის ხე

ფოთოლმცვენი მცენარეა, რომელიც მშობლიურ რეგიონში (იაპონია, ჩინეთი, კორეა) 20-22 მეტრამდე იზრდება. შავი ზღვის სანაპიროზე ასწლოვანი ნარგავები 17 მეტრამდე სიმაღლეს, ხოლო შტამბის დიამეტრი - 60-80 სმ-ს აღწევს. ლაქის ხე ძვირფასი ტექნიკური კულტურაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში პირველად შემოიტანეს პროფესორ ანდრეი კრასნოვის ექსპედიციისას, 1896 წელს. ჩვენს სუბტროპიკებში ლაქის ხის გავრცელებისთვის კარგი პირობებია.

ყველაზე მეტად ლაქის ხე იაპონიაშია გავრცელებული. ამ ქვეყანაში ამზადებენ ძვირფას ზეთს, ე.წ. იაპონურ ლაქს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. იაპონური ლაქით სხვადასხვა ნაკეთობის დაფარვა (აიძუ) ოფიციალურად არის მიჩნეული ტრადიციულ იაპონურ ხელოვნებად.

ლაქის ხისგან ამზადებენ სხვადასხვა ფერის ლაქს. ხე აგრეთვე იძლევა ცვილს, რომელიც იაპონური ცვილის სახელწოდებით არის ცნობილი და სანთლის წარმოებაში ფუტკრის ცვილის შემცვლელია. ამ მცენარეს ფართოდ იყენებენ საფეიქრო და ტყავის წარმოებაში, საპნის სახარშ საწარმოებში, მედიცინასა და პარფიუმერიაში. იაპონური ლაქი გაშრობისას ბუნებრივად შავ, მბზინავ ფერს იღებს. მისი აპკი სარკისებრ პრიალა, გამძლე, ელასტიკურია და შესაღებ ზედაპირს მჭიდროდ ეკვრის. ლაქის ხეს მწიფე ნაყოფი ადვილად სცვივა, ამიტომ მოსავლის უდანაკარგოდ აღებისთვის საჭიროა, მის გარშემო არე დაბალზე გაითიბოს. ჩვენში ნაყოფის მომწიფება და ჩამოცვენა იწყება შუა სექტემბერში და ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ნაყოფი, რომელიც არ ჩამოცვივდება, სასურველია, ჩამოვბერტყოთ. ლაქის ხის ნაყოფს აგროვებენ და ფარდულებში აშრობენ.

ცვილის ხე

ცვილის ხის სამშობლო სამხრეთ იაპონიაა, სადაც ამ კულტურას, დიდი ხანია, აშენებენ ცვილის მისაღებად. მისი ნაყოფისგან მიღებული ცვილი ცნობილია, როგორც იაპონური მცენარეული ცვილი და თავისი შედგენილობით ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მცენარეული ცხიმია. ის ფუტკრის ცვილის მსგავსი ცხიმოვანი ნივთიერებაა. დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ცვილის ხე ლაქის ხესთან ერთად შემოიტანეს გასული საუკუნის მიწურულს და პროფესორ კრასნოვის ექსპედიციის შემდეგ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გააშენეს. ცვილის ხე ლაქის ხის მონათესავეა, თუმცა, ლაქის ხესთან შედარებით - ნაკლებად ყინვაგამძლე. ის ყოველწლიურად და რეგულარულად მსხმოიარობს. ცვილის ხე მიმზიდველი, მოზრდილი ბუჩქია, რომელიც გარეგნულად ანწლს წააგავს და სიმაღლით რვა მეტრამდე აღწევს. მოსავლის აღება იწყება შემოდგომაზე, ნოემბრის თვეში, ნაყოფის მომწიფების შემდეგ. ცვილის ხიდან იკრიფება მთელი მტევნები, რომელთაც თესლს აცლიან. თესლს თბილ წყალში ალბობენ და წნეხენ. სწორედ ამ გზით მიიღება 25%-მდე ცვილი. გამოწურულ ცვილს თეთრი ფერის მისაღებად მზეზე აშრობენ. მართალია, ცვილის ხე, ლაქის ხესთან შედარებით, ყინვის მიმართ მგრძნობიარეა, მაგრამ ჩვენს სუბტროპიკულ ზონაში მისი ყინვით დაზიანება არასოდეს შეუნიშნავთ, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ცვილის ხის გასამრავლებლად საუკეთესო კლიმატური პირობებია.

ხათუნა ჩიგოგიძე