კეხველმა დევნილმა მამული წეროვანში "ააყვავა"
კეხველმა დევნილმა მამული წეროვანში "ააყვავა"
"ასტრომერია ულამაზესი ყვავილია, 2500 ძირი იყო, მაგრამ გამრავლდა და უკვე 4-5 ათასამდე იქნება. ამ ყვავილებმა სარგებელი მომიტანა და ამიტომაც მინდა ბიზნესის გაფართოება"

წლების ნაწვალები და ნაჯაფი 2008 წლის აგვისტოს ომმა გაუნადგურა და სოფელ კეხვიდან წეროვანში, ოჯახთან ერთად დევნილად იქცა. მშობლიურ სოფელში როინ ზანგალაძემ ორი სახლი, მიწის ნაკვეთები, მსხმოიარე ბაღები და ნამუშაკევი დატოვა. დღევანდელ ვითარებაზე ის თვითონ მოგვითხრობს.

- კეხვი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი იყო. ლამაზი, მდიდარი, ბარაქიანი და მოსავლიანი. კარგად
ვცხოვრობდით. მარტო 4-5 მდინარე გვქონდა. იყო ეკლესიები, ძველი ციხესიმაგრე, სადაც თურმე თამარ მეფე რამდენჯერმე ყოფილა, და გიორგი სააკაძეც... მერე, სანამ ცხინვალზე გზა არსებობდა და რაჭველებს რაჭისკენ ამ გზით უწევდათ სიარული, მანქანები ჩერდებოდა, ისვენებდნენ... იყო სასადილო, ბაზარი, ყიდულობდნენ ხილს და გზას განაგრძობდნენ. ისეთი ტყე გვქონდა, თიანეთისას
რომ არ ჩაAმოუვარდებოდა. სოფელში 500 კომლი ცხოვრობდა... ყველა მამულში შრომობდა და ცხოვრება არავის უჭირდა. მარტო მე 500 ყუთამდე ვაშლი მომდიოდა, მქონდა ჩემი ღვინო, მყავდა საქონელიც.

- წარმოიდგენდით, რომ ერთ დღეს ის ყველაფერი გაქრებოდა?
- მანამდეც ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო ჩვენსა და ოსებს შორის. ვგრძნობდი, რომ ეს კარგს არაფერს მოასწავებდა, მაგრამ ყველაფერი უცბად დაიწყო... დაახლოებით ორი დღე სარდაფებში ვიმალებოდით, იარაღიც არ გვქონდა. მესამე დღეს კორიდორი გაგვიკეთეს რუსებმა და გამოგვატარეს, თორემ ისეთი ვითარება იყო, იქიდან ვერავინ გამოვიდოდა.

ახლა იქ არაფერი აღარ არის. კეხვს ვეღარ იცნობს კაცი - მიწასთან არის გასწორებული. ერთი შენობაც აღარაა. აღარც ხეები... არადა, ხილით დახუნძლული ბაღები გვქონდა.
ამას წინათ ინტერნეტში ვეძებდით ჩვენს სოფელს და ლამის ვერ ვიპოვეთ, რადგან ტრიალი მინდორივითაა. ამბობენ, რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ქართული სასაფლაოები გადაურჩა.

- მოკლედ, თქვენთვის ერთი ცხოვრება დასრულდა და დაიწყო მეორე...
- კი, დევნილები გავხდით. რას იზამ... წეროვანში ყველაფერი ხელახლა დავიწყეთ. თავიდან აქ მუშად ვმუშაობდი სათბურში. კიტრი მოჰყავდათ 6000 კვმ-ზე. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვიმუშავე. მერე ბრიგადირად გამიშვეს. მოგვიანებით დირექტორი გაათავისუფლეს და მის ადგილას დამნიშნეს. სამი წელიწადი ვიმუშავე. ამასობაში სათბურის ბიზნესით დავინტერესდი და საგურამოში ვიქირავე 6000 კვმ ფართობის სათბური. კიტრი მომყავდა. შემდეგ მეგობარმა, რომელსაც საგურამოში ყვავილების ბიზნესი და 3000 კვმ სათბური აქვს, მთხოვა, კიტრს შეეშვი, ყვავილების სათბური გააკეთეო. სათბური დიდი მინდოდა, მაგრამ სახსრები არ მქონდა, ამიტომ მივაკითხე "აწარმოე საქართველოს". ბიზნესპროექტი დავწერე, გავიმარჯვე, 15.000 ლარით დამაფინანსეს და სახლში, წეროვანში, 400 კვმ სათბური გავაკეთე. ეს რომ არა, ჩემთვის ძალიან რთული იქნებოდა ფულის შოვნა, ალბათ, ვერაფერს მოვახერხებდი და ძველებურად ვიმუშავებდი. მუშისა და სხვა ხარჯების გარეშე 9.000 ლარი მოგება დამრჩა. ამ თანხით ახლა ვაკეთებ გათბობის ღუმელს, მილებს.

გამიმართლა, ჩემი ბიზნესი მაქვს, ოჯახს ვინახავ, არ მიჭირს, კარგად ვარ. მერმის უკეთესად ვიქნები. მომავალში ნაკვეთის ყიდვა მინდა. 1500 კვმ-ზე ბიზნესგეგმა უნდა დავწერო და ისევ "აწარმოე საქართველოს" მინდა მივმართო. თუ დამაფინანსეს, ისევ სათბურს ავაშენებ.

- წეროვანში როცა დასახლდით, ელოდით, რომ ცხოვრების ხელახლა აწყობასა და დალაგებას შეძლებდით? ფაქტია, რომ მდგო­მარეობას არ შეეპუეთ და ფარ-ხმალი არ დაგიყრიათ...
- თავიდან ვფიქრობდი, ოჯახი რით მერჩინა, რა გამეკეთებინა. აქაურობას ვერ ვეგუებოდი. 10 წელიწადია, აქ ვცხოვრობთ­ და მაინც ვერ ვეგუები - მგონია, სხვის სახლში ვარ... მოკლედ, დღემდე ასე მოვედი. ახლა ყვავილების სათბური მაქვს. მომყავს ულამაზესი ყვავილი ასტრომერია, ოთხი ფერის. 2500 ძირი იყო, მაგრამ გამრავლდა და უკვე 4-5 ათასამდე იქნება. ამ ყვავილებმა სარგებელი მომიტანა და ამიტომაც მინდა ბიზნესის გაფართოება. მომავალ წელს ყველაფერი აუცილებლად გაორმაგდება, მერე და მერე მეტი იქნება. აუცილებლად გავაფართოებ...

- სათბურში მუშაობის გამოცდილება დევნილობისას მიგიღიათ...
- კი, რადგან ჩვენთან არ იყო სათბურები და ამ საქმის თითქმის არაფერი ვიცოდი. აქ მუშად რომ დავიწყე მუშAაობა, ყველაფერი მაშინ ვისწავლე. ძალიან გამიმართლა. ორი სახლი მაქვს და სათბური მათ ტერიტორიაზე გავაკეთე.

- ბოსტნეულისა და ხილისგან განსხვავებით, ყვავილებს როგორი მოვლა სჭირდება?­
- ბოსტნეულსა და ხილთან შედარებით ყვავილი ადვილი მოსავლელია. ძირითადად, საკვებს ვაძლევ. ორ-სამ თვეში ერთხელ შეიძლება შევწამლო, რომ ჭია არ გაუჩნდეს. ვაწვდი ნაკელსა და სპეციალურ საშუალებებს. 40-50 სანტიმეტრი სიმაღლის რომ გახდება, გამოხშირვა უნდა. არის წვრილი და მსხვილი ღეროები. ძირითადად, მრავალფოთლიანი ყვავილია.

- მოსავალს რამდენჯერ იღებთ?
- წელიწადში ცხრა თვე იზრდება, სამი თვე ისვენებს. ახლა რომ მოვკრეფ, გასუფთავდება, მაგრამ ბოლქვი მიწაში რჩება და ერთ თვეში ისევ ამოდის.
უმეტესად მაღალი იზრდება, 150 ან 170 სმ. ყვავილებს ვყიდი. ადგილზე მოდიან და მიაქვთ. თუ ფასი არ მომეწონა, თვითონ მიმაქვს გასაყიდად. ერთ ღეროზე ხუთI ყვავილი აქვს. კარგი საქმეა. 2000 კვმ რომ მქონდეს, არაფერზე ვიფიქრებდი, ნორმალური ბიზნესია. ვრწყავ წვეთოვანი სისტემით. ბევრი წყალი არ უნდა, კვირაში ერთხელ ჰყოფნის.
როგორც გითხარით, გათბობას ვაკეთებ და სექტემბრის ბოლოს წამოვა ყვავილი, რომელმაც მინდა, დეკემბრამდე გაძლოს. მერე უკვე გაზაფხულზე, მარტში ისევ ახალი დაეწევა და ა.შ.

- სათბურში მარტო მუშაობთ?
- მეუღლე და შვილებიც მუშაობენ, საოჯახო ბიზნესი გვაქვს. სამი შვილი მყავს - ტყუპი ბიჭი და 29 წლის ქალიშვილი. გათხოვილია და შვილიშვილიც მყავს. ყველანი წეროვანში ვართ.

- საუკეთესო მაგალითი ხართ მათთვის,­ ვისაც ხელი ჩაქნეული აქვს, ან რამის გაკეთება უნდა და ვერ ბედავს.
- თუ რამეს აპირებენ, მთავარია, გული არ გაიტეხონ. არ უნდა იფიქრონ, რომ ვერ შეძლებენ. ამხელა განსაცდელის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დამიყრია. სხვანაირი ადამიანი ვარ. ხომ ვამბობ, ფული რომ მქონდეს, 2000 კვმ ახალ სათბურს გავაკეთებდი, არც დავფიქრდებოდი. გულში თუ რამე უდევთ, აუცილებლად გააკეთონ, არაფერს ინანებენ. აქ რამდენიმე ახლობელს ვურჩიე და მადლობელი არიან. თუ ყვავილი არა, სხვა პროდუქტი - კიტრი, პამიდორი მოიყვანონ. ახლა ისეთი დროა, ყველაფერი გამოდგება, თუმცა ყვავილი უკეთესია.

ლალი ფაცია
ჯავახელი
24 აგვისტო 2018 12:51
ბარაქა შენს მარჯვენას!
მალე დაბრუნდებით სახლებში და უკეთეს სახლებსაც აიშენებთ მტრის ჯინაზე!!!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები