დიუკანის "შთაგონების წყარო"
დიუკანის "შთაგონების წყარო"
"დარიჩინი ქოლესტერინის მტერია და ცხიმებს უმოწყალოდ ანადგურებს, ამიტომ დიეტოლოგები მას ხშირად იყენებენ"

ამ მცენარეს უამრავი საუკეთესო თვისებით, თამამად შეიძლება ვუწოდოთ "ოქროს სანელებელი". დარიჩინი ერთ-ერთი უძველესია მცენარეულ კულტურებს შორის. ის ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყო ცნობილი, როგორც სანელებელი და უებარი სამკურნალო საშუალება. მას ბალზამირებისთვისაც იყენებდნენ. ძველად დარიჩინი ოქროზე ძვირად ფასობდა და მისი მოხმარება მხოლოდ მდიდრების პრივილეგია გახლდათ. ნელ-ნელა დარიჩინი ყველაზე პოპულარული სანელებელი გახდა მსოფლიოში. დღეს მას დიეტის მოყვარულებიც იყენებენ, მაგალითად, ცნობილ
დიუკანის დიეტაში. დარიჩინი ადამიანს დანაყრების განცდას ჰგვრის.
გვესაუბრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეზო ზენაიშვილი.

- დარიჩინი სითბოს მოყვარული მცენარეა. გავრცელებულია ტროპიკებში­ - ინდოეთში, ჩინეთში, შრი-ლანკაში, აფრიკასა და იაპონიაში, ასევე ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. ეს არის მარადმწვანე ხე ან ბუჩქი და მიეკუთვნება დაფნისებრთა
ოჯახს. დარიჩინი, როგორც სანელებელი, მრავალი საუკუნის წინ შემოვიდა საბერძნეთსა და რომში, მერე კი ევროპაში გავრცელდა. სანელებელს ამ მცენარისგან, ძირითადად, ინდოელები და ჩინელები ამზადებდნენ. ამისთვის დარიჩინის ხის ან ბუჩქის მხოლოდ ქერქი გამოიყენება. მცენარის ტანს ქერქს­ მოაშორებენ, მერე აშრობენ და ახმობენ. მას, ძირითადად, ჩხირების სახით ამზადებენ და მერე ფქვავენ.

- საქართველოში გავრცელებულია ასეთი­ ტერმინი: მიხაკ-დარიჩინი. რატომ გააერთიანეს ეს ორი სახელწოდება ჩვენმა წინაპრებმა?

- დარიჩინსა და მიხაკს ქართველები ეროვნული კერძის - საცივის დასამზადებლად იყენებენ. დროთა განმავლობაში ამ ორი სანელებლის სახელი ერთმანეთს დაუკავშირეს და ბევრს ჰგონია, რომ მიხაკ-დარიჩინი იგივე დარიჩინია, მაგრამ ასე არ არის: მიხაკი - მიხაკია, ხოლო დარიჩინი - დარიჩინი.
მიხაკი საქართველოშიც მოდის, დარიჩინს­ კი ყიდულობენ და ეს ორი მცენარე აუცილებელი ინგრედიენტია საცივისთვის. ამ სანელებლის გარეშე წარმოუდგენელია უამრავი ქვეყნის და მათ შორის, ქართული სამზარეულოც. ის კულინარიაში შეუცვლელია. ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმშიც, რადგან მისი არომატი ძალიან უხდება ნამცხვრებსა და ორცხობილებს. დარიჩინს ურევენ ჩაიში, ყავაში.

- ცნობილია, რომ ამ მცენარეს ძველთაგან იყენებდნენ ექიმები...

- დიახ, დარიჩინს მედიცინაში ოდითგანვე საპატიო ადგილი ეთმობოდა, რადგან ის ქოლესტერინის მტერია და ცხიმებს უმოწყალოდ ანადგურებს. სხვა ბევრი სამკურნალო თვისებაც აქვს. ბევრ ქვეყანაშია დარიჩინზე დიდი მოთხოვნილება, მაგრამ ფრანგები მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ყიდულობენ. ის შაქრიანი დიაბეტის პირველი წამალია: დადგენილია, რომ 4-5 გრამი დარიჩინი 15-20%-ით ამცირებს შაქრიანობას. ის საჭმლის მომნელებელ სისტემასაც აწესრიგებს. საუკეთესოა წიდ­ების გამოსადევნად. დარიჩინის რეგულარული გამოყენება ამცირებს ინსულტისა და ინფარქტის რისკს, დადებითად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე და დაბლა სწევს "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. სამკურნალოდ ქერქი გამოიყენება. ეს მცენარე ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, საჭმლის გადამუშავებას, სასუნთქი გზების მუშაობას, შარდის გამოყოფას; არის ამოსახველებელი, გამაყუჩებელი საშუალება. იხმარება გრიპის დროსაც. დარიჩინი აშუშებს გაღიზიანებულ კანს, ამიტომ მას ხშირად ურევენ შინ დამზადებულ სახის კრემებში.

- დარიჩინს პაციენტებს დიეტოლოგებიც ურჩევენ. რატომ?

- ცნობილია, რომ დარიჩინი კლავს შიმშილის გრძნობას, ამიტომ მთელ მსოფლიოში მას აქტიურად გასახდომად იყენებენ. სპეციალური დიეტებიც კი არის, სადაც დარიჩინს წამყვანი ადგილი უკავია. ეს საუკეთესო დამხმარე საშუალებაა წონის დაკლების მსურველთათვის, მაგრამ ექიმები დიდი დოზით მის მიღებას არ გვირჩევენ, რადგან აღგზნებადობასა და თავის ტკივილს იწვევს.
მისი მიღება არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის.

- საქართველოში თუ ხარობს დარიჩინის ხე?

- სამწუხაროდ, ჩვენთან დარიჩინის ხე არ იზრდება და ვინმემ რომც მოინდომოს,­ არა მგონია, სრულყოფილად გაიხაროს, მას ტროპიკული კლიმატი სჭირდება. მაგალითად, ჩემს ეზოში საგანგებოდ დავრგე ბანანის ხე, მაგრამ ნაყოფს ვერ ისხამს. დარიჩინიც უცხოა ჩვენი კლიმატისთვის. მხოლოდ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში აქვთ იაპონური დარიჩინი. როგორც ჩანს, იქაური კლიმატი ტროპიკულთან მიახლოებულია და ამიტომაც გაიხარა.

დარიჩინის გასახდომი ჩაი

ერთი სუფრის კოვზ დარიჩინს 1 ლიტრი მდუღარე წყალი უნდა დავასხათ, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და 15 წუთით გავაჩეროთ. ასე მომზადებული 1/5 ჭიქა ჩაი უნდა დავლიოთ ყოველი ჭამის წინ.
ცხადია, ცალკე დარიჩინი ვერ შეამცირებს წონას, ის მხოლოდ დამხმარე საშუალებაა სწორ კვებასთან, ვარჯიშსა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად.


ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები