ბაბალე ბებოს გიგანტური მაყვლის "ვენახი"
27-08-2018
ბაბალე ბებოს გიგანტური მაყვლის "ვენახი"
ჯიში, რომლიც მე გავაშენე, ამერიკული გიგანტური უეკლო მაყვალია. მაყვლის ამ ჯიშის თაობაზე თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული სტატია ჩემმა ქალიშვილმა მაჩვენა. ძალიან დავინტერესდი, ნერგები ვიყიდე და დავრგე

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში ამბობენ, 80 წლის ბაბალე დორეულზე გამრჯე ქალს ვერსად ნახავთო. ამას იმ წუთიდან მივხვდი, როცა მის ეზოში შევდგი ფეხი, სადაც უამრავი ჯიშის ყვავილი და ვარდი ხარობს, ბაღში კი თხილისა და კაკლის ხეები ჩარიგებულა. თუმცა დღეს მისი სიამაყე მაყვალია, რომელიც შარშან გააშენა და
ყოველ ნერგს ბავშვივით ელოლიავება.

ინტერვიუს ჩასაწერად მისული, მისმა ქალიშვილმა მაყვლის ბაღში წამიყვანა. ბაბალე ბებო მწკრივებს შორის დადიოდა და მსხმოიარე მაყვლის ახალ ყლორტებს მავთულებზე აკრავდა.
წლების განმავლობაში მეფრინველეობის ფერმის გამგედ მუშაობდა, შემდეგაც არაერთი საპასუხისმგებლო სამსახური გამოიცვალა, თუმცა, როგორც გვითხრა, ბაღ-ბოსტანში მუშაობა ყველაზე მეტად უყვარდა.
მხნე და
გამრჯე მოხუცი კარგი მოსაუბრეც აღმოჩნდა:

- ჯიში, რომლიც მე გავაშენე, ამერიკული გიგანტური უეკლო მაყვალია, სამმაგი გვირგვინით, ინგლისურად "ტრიპლ ქრაუნი" ჰქვია.
ამ ჯიშის თაობაზე თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული სტატია ინტერნეტში ჩემმა ქალიშვილმა ნახა და მეც მაჩვენა. ძალიან დავინტერესდი, მერე კიდევ მოვაძებნინე ინფორმაცია, შევისწავლე, რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო. კარგა ხანს ვიფიქრე, როცა ნერგების საყიდლად წავედი, სულ რამდენიმეს ყიდვა მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ 80 ნერგი წამოვიღე და დავრგე. ადვილად იხარა. ჩემს მაყვლის ბაღს "ვენახს" ვეძახი, რადგან სწორედ ვენახივით უნდა გაშენდეს - ჭიგოები უნდა დაარჭო, გააბა მავთული ოთხპირად, მერე, როცა ყლორტებს გამოიტანს, მავთულს მიაბა. მწკრივებს შორის დაშორება 2 მეტრი მაინც უნდა იყოს, მაყვლის ძირებს შორის კი - 1,5 მეტრი. მწკრივებს შორის ბალახი არ უნდა გაუშვა, გათოხნა, მიწას გაფხვიერება სჭირდება. შარშან დავრგე და წლეულს პირველი "რთველი" გვქონდა. ამ რიგებში პირველი მოსავალი უკვე მოკრეფილია და ნახეთ, კიდევ რამდენი ასხია. როგორც ამბობენ, როცა 3 წლის შემდეგ სრულ მსხმოიარობაში შედის, ძირიდან 10-12 კილოგრამიც შეიძლება დაიკრიფოს, თან ეს ჯიში გამორჩეულად ტკბილი და არომატულია, მოსავალსაც სხვა ჯიშებზე ადრე იძლევა.

- მორწყვა თუ სჭირდება?

- ხშირი არ სჭირდება, წლეულს ისეთი წვიმიანი ზაფხული იყო, მორწყვა არ დამჭირვებია. ისე, გვალვაში კვირაში ერთხელ მაინც უნდა მოირწყას.
ჩემს "ვენახში" ფუსფუსს არაფერი მირჩევნია, აქაურობა მაცოცხლებს. ოთხი ქალიშვილი მყავს, ერთი უცხოეთში ცხოვრობს, დანარჩენები აქ არიან და მეხმარებიან. მინდა შვილიშვილებიც დავაინტერესო და მაყვალი უფრო დიდ ტერიტორიაზე გავაშენო. ნერგებიც გამომყავს და ვყიდი.

- ეზოში ვარდიც გქონიათ...

- 120 ძირამდე ვარდი მაქვს. წლეულს მაყვალმა იმდენი დრო წამართვა, სათანადოდ ვერ მივხედე, ცოტა დამეჩაგრნენ. რაღაცნაირი გულისტკივილი მაქვს ხოლმე, რამეს კარგად თუ ვერ მივხედე.

თუ ადამიანს შრომა უყვარს, წარმოუდგენელია, სოფელში ლუკმაპური ვერ იშოვოს. 27 ძირამდე კაკალიც დავრგე, მინდა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ჩემს შემდეგაც ჰქონდეთ შემოსავლის წყარო.

ნათია დოლიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით