ველურმა კრაზანამ ითხვისში ფუტკარს "გადაუარა"
ველურმა კრაზანამ ითხვისში ფუტკარს "გადაუარა"
ზემო იმერეთში, სოფელ ითხვისში, ზღვის დონიდან 810 მეტრზე, "დვალაშვილების გორა" ამაყად გაჰყურებს რაჭის ქედის ხეობებს, კარგ ამინდში აქედან კავკასიონის მწვერვალებიც მოჩანს. ორთავიანი არწივივით მხრები გაუშლია უშბას. ამ გორის კალთებზე შეხმატკბილებულად ცხოვრობენ დვალაშვილებისა და კობერიძეების ოჯახები, რომლებიც თავს სოფლის მეურნეობით ირჩენენ.

ბესო დვალაშვილი, მცირე მეურნე:
- ჩვენს სოფელში ყველა ოჯახს რამდენიმე სული მეწველი ძროხა ჰყავს. საქონლის ნამატის რაოდენობა წლის განმავლობაში ხშირად ათეულსაც აჭარბებს, მოზრდილ ხბორებს ვყიდით. სოფლის უხვი საძოვარი მათი კარგად
გამოკვების საშუალებას იძლევა, თან ისე, რომ აქაურები დიდი ყურისგდებითაც არ ვიტკივებთ თავს. პირუტყვი საძოვრისა და სახლის გზას ეჩვევა და მერე თავად მწყემსავს საკუთარ თავს. ეს ჩვენი სოფლის ბუნებრივი პირობების დამსახურებაა. დიასახლისები ფრინველს ამრავლებენ და საქონელს უვლიან. ოჯახის გამოკვებისთვის აუცილებელი პროდუქტი
- რძის ნაწარმი, კვერცხი, ხორცი - ყველაფერი გვაქვს. პატარ-პატარა ნაყოფიერ ადგილებში მარცვლეული და ხილ-ბოსტნეული მოგვყავს. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილური სამსახური მაქვს, საკუთარ მამულში შრომა ძალიან მიყვარს.

მურმან კობერიძე, ელექტროზეინკალი, მცირე მეურნე:
- ხილიც სამყოფი გვაქვს და ყურძენიც, არც ღვინო გვაკლია და არც არაყი. წლეულს გაზიც შემოვიდა სოფელში, რაც ზამთრის უკეთ გადატანაში შეგვიწყობს ხელს. თუმცა შეშა მაინც მოვიმარაგე საზამთროდ. ჩვენთან მკაცრი ზამთარი იცის, გაზის გამათბობლის ამარა ვერ დავრჩებით აქაურები, გაზგაყვანილობა რომ დაზიანდეს, უგზოობის გამო შეიძლება აღდგენითი სამუშაო კვირაობით გაგრძელდეს, სიფრთხილეს კი თავი არ სტკივა. სოფელი, ძირითადად, ხელით ამოთხრილი ჭებით მარაგდება, წყალგაყვანილობა მოშლილია, ბოლო ხანს წყალმა ჭებშიც იკლო. მოსახლეობა წუხს, მაგრამ იმედს არ კარგავს, რომ ყველაფერი გამოსწორდება.

ნელი და ნოდარ კობერიძეები, მცირე ფერმერები: - აქ ყველა, ქალიც, კაციცა და ბავშვიც, გამოცდილი ფერმერია, სხვანაირად გაჭირდება ოჯახის რჩენა. ცოტა ადგილმდებარეობაც ხელს გვიწყობს და ფერმერობაში გვეშველება. დილით რომ გავრეკავთ საქონელს გორაზე, საღამოს თავად ბრუნდებიან. ერთხანს, ბორჯომის ხეობის ხანძრის შემდეგ, იქიდან გადმოსული მტაცებელი მომრავლდა, თუმცა ახლა იკლო და საშიში აღარაფერია. გაგიკვირდებათ და, ციცაბო ნაკვეთებს ისევ ხარ-ურმით ვამუშავებთ. ყველაფერი ნატურალური მოგვყავს. ქალაქში შვილებსა და შვილიშვილებსაც ვუგზავნით სოფლის ნობათს და ცოტა ბაზარშიც მიგვაქვს გასაყიდად. ყველს ვაბარებთ და შეშას, შაქარსა და ოჯახისთვის აუცილებელ სხვა რამეებს ვიმარაგებთ.

მზია და გოგია დვალაშვილები, მცირე ფერმერები:


- ყველაზე მეტად ითხვისელებს გორის წვერზე ჩაის პლანტაციის გაჩანაგება გვხვდება გულზე. 30-40 წლის წინ აქაური ქალები ჩაის ვკრეფდით და ოჯახში ჩვენი წილი სარგო შეგვქონდა, ახლა კი იქაურობა ატყევებულია, ბუჩქნარით არის სავსე. ხელშეწყობა რომ იყოს დაინტერესებული პირებისგან, კიდევ შეიძლება ინვესტიციის ჩადება და ჩაის ახალი პლანტაციის გაშენება. სანამ კიდევ ეშველება, კარგი იქნება, ვინმე დაინტერესდეს ამ ამბით, სოფელიც მადლიერი დარჩება.

სხვაგან, ასე გვგონია, ვერც გავძლებთ. აქ ისეთი ჰაერია. დილით ღრუბლები პირდაპირ ეზოებში დაცურავენ, ჭის ცივ-ცივ წყალს პირდაპირ მიწის გულიდან ვსვამთ. ნაწვიმარზე ჩვენს ტყეებში ყოველდღე შეიძლება ტომრებით სოკოს მოგროვება. ჩვენთან სოკო სწრაფად იზრდება, დალოცვილი ადგილია, ითხვისურ მოშუშულ ნიყვზე გემრიელი არაფერია.

ვალერი დვალაშვილი, მეფუტკრე: - სოფელში ახალი სატკივარი გამოჩნდა, ველური კრაზანა გამრავლდა. იძულებული ვიყავი, ჩემი ფუტკარი სოფლიდან გამეხიზნა. ისხდნენ სკებთან და მეთაფლიე ფუტკრების გამოჩენას ელოდებოდნენ, მერე იჭერდნენ და თავიანთ ბუნაგში მიჰყავდათ შესაჭმელად. ლამის გამიწყვიტეს მთელი ფუტკარი. რამდენიმე დღის წინ მეზობელი დანესტრეს და "სასწრაფოს" გამოძახება დაგვჭირდა, ამბობენ, ძლიერმოქმედი შხამის გამო რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალაო, ასე რომ, ცოტა შეშინებული ვართ და შესაბამისი სამსახურების დახმარებას ველით, მანამდე კი შინაური მეთოდებით ვებრძვით.

კახა მჭედლიშვილი
მზია
04 სექტემბერი 2018 13:16
იქნებ ვინმემ გვასწავლოს როგორ მოვაცილოთ ფუტკრის სკებს ველური კრაზანა?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები