ცოცხალი "ფარნების" ციალი - კვირის პალიტრა

ცოცხალი "ფარნების" ციალი

"ციცინათელას შეუძლია საკუთარი სურვილით გაზარდოს ან შეამციროს ნათების ინტენსივობა, "ჩართოს" წყვეტილი შუქი ან სულაც გამორთოს"

ციცინათელები ბუნებას ამშვენებენ. მათი დანახვისას ადამიანთა უმრავლესობას ბავშვობის ბედნიერი ხანა ახსენდება. სხვათა შორის, აფრიკის ზოგიერთ ადგილას ამ ლამაზ მწერებს ფარნის ნაცვლად იყენებენ: რამდენიმე მანათობელ ციცინათელას მარლის ტომარაში ათავსებენ და გზას ასე ინათებენ. იქაური გოგონები ციცინათელებს თმაშიც იმაგრებენ სილამაზისთვის.

ბოლო წლებში მეცნიერები შეშფოთებული არიან, რადგან ციცინათელების რაოდენობა მთელ დედამიწაზე სწრაფად იკლებს - თითქოს სადღაც გაქრნენ. მედიაშიც გამოჩნდა წერილი, რომ გადაშენების საფრთხე, ფუტკრებთან ერთად, ციცინათელებსაც ემუქრება.

როგორ ცხოვრობენ ციცინათელები და რა ელის მათ? - ენტომოლოგი თამარ ჭუნაშვილი გვიყვება:

- ციცინათელები ღამის მწერები არიან. მათ ოჯახში 2000-მდე სახეობაა. მიეკუთვნებიან ხოჭოების ანუ ხეშეშფრთიანთა ჯგუფს. უფრო მეტად ბინადრობენ ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, აქვთ წაგრძელებული, მუქი ფერის სხეული. ზრდასრულ მდედრებს მუცლის ბოლოზე აქვთ ორგანო, რომელიც ანათებს. უცნაურია, მაგრამ ციცინათელების მრავალი სახეობის მატლები და კვერცხებიც კი ანათებს. ზოგიერთი ციცინათელა ნაკლებად მოძრავია და არ დაფრინავს, ზოგი კი უფრო აქტიურია და პარტნიორის ძიებისას დაფრინავს.

მეცნიერებმა, დიდი ხანია, დაადგინეს, რომ ციცინათელების ნათება ბიოქიმიური რეაქციით არის გამოწვეული, რომელსაც ბიოლუმინესცენცია ჰქვია. ციცინათელა სინათლეს ქიმიური ნივთიერების - ლუციფერინის, მასში შემავალი ფერმენტისა და ჟანგბადის ურთიერთქმედების შედეგად ასხივებს. ამ დროს ლუციფერაზა ასანთის მაგივრობას ასრულებს, ხოლო ჟანგბადი - საწვავის. უფრო გასაგებად თუ ავხსნით, ციცინათელების ორგანიზმში წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც ჟანგბადთან კონტაქტის დროს ანათებს. ციცინათელების ბევრ სახეობას შეუძლია საკუთარი სურვილით გაზარდოს ან შეამციროს ნათების ინტენსივობა, "ჩართოს" წყვეტილი შუქი ან სულაც გამორთოს. ბიოლუმინესცენცია ციცინათელებისთვის საპირისპირო სქესთან ურთიერთობის საშუალებაც გახლავთ. ნათების სიხშირით ეს მწერი მხოლოდ თავის ადგილსამყოფელზე კი არ მიანიშნებს, არამედ პარტნიორის ამოცნობაც შეუძლია. ტროპიკებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ზოგიერთი სახეობის მამრი ციცინათელები პარტნიორებისთვის ერთგვარ ზეიმს აწყობენ - ისინი ერთდროულად ინთებიან და ქრებიან. მდედრი ციცინათელების ჯგუფი მათ იმავე მეთოდით პასუხობს.

ამ მშვენიერ მწერს ტენიანი, სუფთა გარემო უყვარს. ბავშვობაში ბევრი მინახავს კახეთში. ბოლოს ციცინათელების გუნდი ბორჯომის ხეობაში ვნახე, კერძოდ, ქვაბისხევში, სადაც საოცარი სანახაობის მოწმე გავხდი: უამრავი ციცინათელა ერთად იყო შეკრებილი და როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ისე ანათებდა. ციცინათელებს უფრო ტყისპირებსა და ხეობებში უყვართ ყოფნა, სადაც სიგრილე და ტენიანობაა. ისინი გვხვდებიან როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში - ყველგან, სადაც ასეთი კლიმატია.

- რამდენად სიცოცხლისუნარიანია? - არც ისე ადვილად იღუპებიან, როგორ ერთი შეხედვით ჩანს. ციცინათელებმა, სხვა მწერების მსგავსად, თავის მომკვდარუნება იციან. უბრალო თამაშითა და ხელში აყვანით ციცინათელა არ კვდება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა მოვექცეთ.

- როგორ მრავლდებიან? - შეჯვარების შემდეგ მდედრი ციცინათელა კვერცხებს დებს, საიდანაც პატარა ჭუპრები გამოდიან. გამოზამთრების შემდეგ ჭუპრი უკვე ნამდვილ ხოჭოდ ყალიბდება და ბოლოს მშვენიერ ციცინათელად იქცევა. თუმცა, ნათურისგან განსხვავებით, მისი ნათება "ცივია". მეცნიერები ხუმრობენ, რომ ნათურის გამომგონებელ თომას ედისონს ძალიან შეშურდებოდა ციცინათელასი, რადგან ეს მწერი დახარჯული ენერგიის 87-98%-ს გარდაქმნის სინათლედ და მძლავრ შუქსაც გამოსცემს.

- ბოლო წლებში ციცინათელების რაოდენობა შემცირდა, ისევე როგორც ფუტკრების. - მიზეზი მარტივია: ციცინათელებს ურბანიზაცია ანადგურებს. დრო გადის და მათი საცხოვრებელი გარემო სულ უფრო მცირდება. ადრე ციცინათელების გუნდს სოფლის ორღობეებსა და გზებზეც კი შეხვდებოდით, ახლა ისინი უფრო იშვიათად გვხვდებიან. ადრე ციცინათელები უფრო ხშირად ბინადრობდნენ ადამიანებით დასახლებულ ადგილებში, ახლა - იშვიათად. იგივე უნდა ვთქვათ ფუტკრებსა და სხვა მწერებზე, რომელთა რაოდენობა თანდათან მცირდება. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სულ უფრო დიდ ტერიტორიებს უთმობენ. ამიტომ ევროპაში ცდილობენ, შხამქიმიკატები ისე აქტიურად აღარ გამოიყენონ, რადგან ბევრი მათგანი იწვევს მწერების გადაშენებას. განსაკუთრებით საგანგაშოა ფუტკრების რიცხვის შემცირება, რადგან ეს მწერი დამტვერვას უწყობს ხელს და ბუნებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. გამოსავალი მხოლოდ ერთია: არ დავაბინძუროთ გარემო, გავუფრთხილდეთ დედამიწას, რომელიც ჩვენი სახლია.

ხათუნა ჩიგოგიძე