თბილისელი მარტვილელების "ნამდვილი საქმე" - კვირის პალიტრა

თბილისელი მარტვილელების "ნამდვილი საქმე"

ხშირად უკითხავთ, თბილისიდან რატომ წახვედითო. თბილისიდან წავედით, საქართველოდან ხომ არა! აქ კი ცხოვრება ყველგან შეიძლება, მით უმეტეს - თუ საინტერესო საქმეს აკეთებ

დედაქალაქიდან რეგიონში საცხოვრებლად არაერთი ოჯახი გადავიდა. მათ შორის არიან ზაზა გაგუა და ქეთევან ნინიძე, რომლებმაც წლების წინ თბილისი მიატოვეს და მარტვილში მამაპაპეულ სახლს დაუბრუნდნენ.

რატომ გადაწყვიტეს ასე, რას საქმიანობენ და როგორ გადის დრო თბილისელებისთვის რეგიონში, ზაზა გაგუა თვითონ მოგვითხრობს.

- მარტვილში მანამდეც ხშირად ჩავდიოდი - მშობლები წარმოშობით აქედან არიან. მევენახეობა და ღვინის წარმოება იქ მეგობრებთან ერთად 2012 წელს დავიწყე. მერე დაცული ტერიტორიების სააგენტოში ვმუშაობდი, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციაში და რადგან იქაური ვიყავი, დირექტორად გადასვლა შემომთავაზეს. მარტვილის კანიონი დღეს რომ პოპულარულია, რაღაც წვლილი მეც მიმიძღვის. ერთი წლის შემდეგ, 2016 წელს კი უკვე ოჯახიც წავიყვანე - მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

ჩემი მშობლები თბილისში ცხოვრობენ, მეც თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მარტვილში მამაჩემის ბებიის დატოვებულ სახლში ზაფხულობით ჩავდიოდით. ეს არის მეგრული ოდა, სადაც ახლა ვცხოვრობთ. გავარემონტეთ, თუმცა ძველი იერსახეც შევუნარჩუნეთ. ჩემმა მეუღლემ აქ საოჯახო რესტორანი და მარანი მოაწყო, მერე ღვინის წარმოებაც დაიწყო. ახლა უკვე ღვინის ტურიზმს მისდევს და ვიზიტორებს იღებს.

ახლა ცალ-ცალკე ბრენდი გვაქვს: მე - ღვინის, მეუღლეს კი - საოჯახო მარანი, რომლის ბაზაზეც საოჯახო რესტორანში უცხოელ სტუმრებს ყოველდღიურად იღებს, მეგრული კერძებითა და ღვინით უმასპინძლდება. მარტვილის კანიონის გზაზე ვცხოვრობთ და ჩვენთან სტუმრობა მოსახერხებელია. შარშან 500-მდე ადამიანს უმასპინძლა, წლეულს - უკვე 800-მდე, რეკლამისა და ნიშნულების გარეშე.

- როგორი წარმატებულიც უნდა იყოს რეგიონში თქვენი საქმიანობა, თბილისელებს ქალაქის გარეშე არ გიჭირთ? - ხშირად უკითხავთ, თბილისიდან რატომ წახვედითო. თბილისიდან წავედით, საქართველოდან ხომ არა! აქ კი ცხოვრება ყველგან შეიძლება, მით უმეტეს - თუ საინტერესო საქმეს აკეთებ. დედაქალაქში თვეში ერთხელ საქმიანი ჩამოსვლა გვიწევს. მხოლოდ მეგობრული ურთიერთობების დანაკლისს განვიცდით, მაგრამ სოციალური ქსელები ნაწილობრივ გინაზღაურებს ამას. მეგობრები ზაფხულში და გაზაფხულზე ხშირად ჩAამოდიან. გაგვიმართლა, რომ მარტვილში კარგი სკოლაა, რაც აქ გადმოსვლის ერთ-ერთი წინა პირობა იყო.

- პროფესიით ვინ ხართ? - გეოგრაფი ვარ. მეუღლე ფილოლოგია. ლიტერატურის ინსტიტუტში 10 წელი მუშაობდა. იყო რაღაც პროექტებში, ჟურნალისტადაც იმუშავა. დღეს კი ბლოგერია და რედაქციებთან თანამშრომლობს.

- იმ საქმეს, რომელსაც უძღვებით, ცოდნა უნდა... - მეღვინეობის საფუძვლები ბაბუამ მასწავლა - მეღვინე იყო. 2012 წლამდე ღვინოსა და ვენახთან ასე ახლოს არ ვყოფილვართ, მხოლოდ პროექტებში (`ღვინის გზა~, `ღვინის ფესტივალი~) ვმონაწილეობდი. მერე ამ სფეროში თვითგანათლებას მივყავი ხელი, სპეციალური ლიტერატურის კითხვა დავიწყე. მალე პირველი მოსავალიც ავიღეთ, ღვინო ოჯალეში დავწურეთ, რასაც ჩვენი ოჯახის ვენახის გაშენება მოჰყვა. ორგანულ ღვინოს ვაყენებთ, ნატურალურს, ბიოპრეპარატებით. ვიღებთ მხოლოდ ქვევრის ნატურალურ ღვინოს.

ექსპორტიც დავიწყეთ მცირე რაოდენობით. პირველად ინგლისში გავიტანეთ, მერე - ავსტრალიაში, აშშ-ში, პოლონეთში, წლეულს უკვე - იაპონიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში. მოთხოვნა თანდათან იზრდება როგორც ადგილზე, თბილის-ბათუმ-ქუთაისში, ისე - უცხოეთში.

- სამეგრელოში ვენახი და ღვინის წარმოება ცოტა უჩვეულოა, რადგან იქ უფრო პოპულარული სხვა კულტურებია... - რომ ვიწყებდით, ცოტა სკეპტიკურად გვიყურებდნენ, სამეგრელოში ღვინოს რა უნდაო? ახლა პარტნიორი მევენახეები გვყავს ლეჩხუმში (სოფელ ორბელში), იმერეთში (სოფელ დიმსა და სოფელ როხში), ვისგანაც სხვადასხვა ჯიშის ყურძენს ვყიდულობთ და ღვინოს ვაყენებთ. ორბელური ოჯალეში სრულიად განსხვავებული ჯიშია, დიმიდან ცოლიკაურ კრახუნას ვაყენებთ, როხიდან - ალადასტურს. ვგეგმავთ ვენახის ფართობის გაზრდას, რომ სულ ჩვენი გვქონდეს. სამომავლოდ მეგრული იშვიათი ჯიშების გაშენებაც გვინდა.

- თქვენი მეუღლის ვენახი რამხელაა? - მისი ვენახი 2000 კვმ-ია. ეზოში თხილის ბაღის ნაცვლად ოჯალეში გავაშენეთ. მეუღლემ მეგრული და აფხაზური იშვიათი ჯიშებიც დაამატა. სახელმწიფო პროგრამა `აწარმოე საქართველოს~ დახმარებით ფანჩატური გავაკეთეთ, კიდევ გრანტი აიღო და ახალ სამზარეულოს აშენებს. მარტვილში ვიზიტორებს ევროპულ სერვისებს სთავაზობს და გაოცებული რჩებიან. თან ძველ მეგრულ კერძებს ეძებს, სპეციალურ ლიტერატურას ეცნობა და მათ ეტაპობრივად აღადგენს.

- ვენახის გარდა ეზოში სხვა რა კულტურებს ახარებთ? - თხილი იმის გამო ამოვძირკვეთ, რომ სხვადასხვა კულტურას ვერ მივდევდით. მე და ჩემს მეუღლეს ვენახი იმიტომ გვაქვს გამიჯნული, რომ მეურნეობას მანამდე მეგობრებთან ერთად ვუძღვებოდი. მოკლედ, ბევრ კულტურას აღარ მოვედეთ, თან დიდი დრო და ენერგია სჭირდება...

ეს ყველაფერი ჩვენთვის ნიშნავს, რომ საქართველოში ყველგან შეიძლება ცხოვრება. ბევრი ცარიელი ნიშაა, სადაც პატარა ინვესტიციითაც შეიძლება დიდი საქმის კეთება და განვითარება, რაც სამომავლოდ შემოსავლის წყარო იქნება. ეს საინტერესოც არის - ცხოვრების წესი ხდება. ფიქრობ ვენახსა და ღვინოზე. რეგიონში ცხოვრება რთულია, როგორ არა, განსაკუთრებით - ზამთარში. გაზი არ არის და შეშის ღუმელზე ვართ, მაგრამ პრობლემები ყველგან არის. რაღაცაზე შეიძლება უარი თქვა და სანაცვლოდ სხვა რამ მიიღო - ჯანსაღ პროდუქტს ვჭამთ, სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ.

ცოტა ხნის წინ მარტვილში არაფერი ხდებოდა, შარშან 148 ათასი ვიზიტორი გვეწვია, წლეულს კი 20-25%-იანი მატებაა. ამ ყველაფრის თანამონაწილე რომ ხარ, სტიმულს ესეც გმატებს.

- დასასრულ, როგორია თქვენი ღვინო და როგორი უნდა იყოს? - რა ღვინოსაც ვაყენებთ, ნამდვილ ღვინოს ვეძახით, ბუნებრივს. ამ ყველაფერში სულს და გულს ვდებთ. ღვინოც დამყენებლის ხასიათს იმეორებს. ხშირად ვამბობ, რომ ეს არის ის, რასაც ღმერთი და ბუნება გვაძლევს, ჩვენ კი სულ ცოტას ვეხმარებით, ვიცავთ წესებსა და ტრადიციებს, რაც 8000-წლოვანი ისტორიით მოგვყვება. ხანდახან სიახლეებიც გვაქვს, რადგან სულ რაღაცას ვეძებთ. ვცდილობთ, ნაკლები ჭაჭით დავაყენოთ, ექსპერიმენტები ვატაროთ, რომ ჩვენი სტილი ვიპოვოთ. შეცდომებზე ვსწავლობთ, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია კარგი ღვინის დაყენებამდე.

- რას ურჩევთ დამწყებ მეურნეებს? - სამეგრელოში შეიძლება ძალიან ბევრი ვენახი გაშენდეს. თავიდან აქ სკეპტიკურად გვიყურებდნენ, მაგრამ მერე ჩემ გვერდით თხილის ბაღები გაჩეხეს და ვენახი გააშენეს, რადგან უფრო შემოსავლიანია... ეს პროცესი ფაროსანას გამრავლებამდე დაიწყო, ვინაიდან ყურძნის ფასმა გაასწრო თხილის ფასს. სხვათა შორის, ძველ ისტორიულ წყაროებში, წარმოებული ღვინის რაოდენობით სამეგრელო ერთ-ერთი პირველი იყო, რაც მერე სხვადასხვა გავლენამ შეცვალა. მინდა, ყველას ვურჩიო, მეღვინეობას დაუბრუნდნენ.

ლალი ფაცია