მთის ჩაის ახალი სიცოცხლე - კვირის პალიტრა

მთის ჩაის ახალი სიცოცხლე

ათეული წლების წინ საქართველო მეოთხე ადგილას ითვლებოდა ჩინეთის, ინდოეთისა და შრი-ლანკის შემდეგ. ქართული ჩაის მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ჩვენ ამ ადგილს დავიბრუნებთ და ტყიბულის ჩაი კვლავაც დაიბრუნებს სახელს

ყველასთვის ცნობილია, რამდენად მაღალი შემოსავალი მოჰქონდა ქართულ ჩაის და რა შეიძლება მოიტანოს მისმა გაყიდვამ მომავალში... 2016 წელს ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყო. გამოჩნდნენ უცხოელი ინვესტორებიც, რომლებიც ქართული ჩაის მსოფლიო ბაზარზე გატანას კვლავ აპირებენ.

ქართულ ჩაის ფავორიტიც ჰყავს - ტყიბულისა და ჭიათურის მთის ჩაი, რომელიც საუკეთესოდ ჯერ კიდევ მაშინ ითვლებოდა, როცა საქართველოში ჩაის პირველი პლანტაციების გაშენება დაიწყეს. ბოლო დრომდე ტყიბულში ჩაის პლანტაციები ძირფესვიანად იყო განადგურებული. მისი აღდგენა გლეხობამ დაიწყო - სასწაულად შერჩენილ ჩაის ნარგაობიდან შინ მართალია, კუსტარულად, მაგრამ მაღალხარისხოვან ჩაის ამზადებს და ყიდის.

ჯანიკო დარსაძე, ტყიბულის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი: - საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის ჩაი რომ ტყიბულსა და ჭიათურაში იკრიფება, ამის მიზეზი გარემოა, - რაც უფრო ახლოს არის ზღვასთან ჩაის პლანტაციები, მით უფრო მეტად მოქმედებს მასზე ატმოსფერული ნალექები; მით მეტია ტენიანობა და ნიადაგში ამასთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლებიც ჩაის გემურ თვისებებზე მოქმედებს. ეს არ ეხება ტყიბულის ჩაის, რომელიც სხვა პირობებში, ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე იკრიფება, მზის ენერგიას ზომიერად იღებს და ნიადაგიც განსხვავებული აქვს. ამიტომ აქვს ტყიბულის ჩაის შეუდარებელი გემო. ეს შესანიშნავად იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელიც უკვე ათეული წლებია, შემორჩენილი ჩაის ბუჩქებიდან შინაურ პირობებში ამზადებს ჩაის, აშრობს და ყიდის, მათ შორის, დედაქალაქშიც. უნდა ითქვას, რომ ასე დამზადებული პროდუქციის ფასიც მაღალია, 1 კგ 30 ლარსაც კი აღწევს.

თავის დროზე საბჭოთა ჩაის ინდური ჩაის შერევით ამდიდრებდნენ. მას შემდეგ კი, რაც ინდური ჩაის ამ მიზნით გამოყენება შეწყდა, ქართული ჩაის გამდიდრება ტყიბულის ჩაით დაიწყეს. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ურევდა ქართული ჩაის ბაზარზე შემოსული ერთ-ერთი მსხვილი კომპანია უკვე სარეალიზაციოდ გამზადებულ ქართულ ჩაის ტყიბულში დაკრეფილ ჩაის დუყებს. ქართულმა ჩაიმ, როგორც ცნობილია, დიდი ავტორიტეტი დაკარგა:

ათეული წლების წინ საქართველო მეოთხე ადგილას ითვლებოდა ჩინეთის, ინდოეთისა და შრი-ლანკის შემდეგ. ქართული ჩაის მწარმოებლები ფიქრობენ, რომ ჩვენ ამ ადგილს დავიბრუნებთ და ტყიბულის ჩაი კვლავაც დაიბრუნებს სახელს. Aამიტომაც არის სასიხარულო ქართული ჩაის აღორძინების პროგრამის დაწყება. ტყიბულში თავის დროზე 1000 ჰექტრამდე ჩაის პლანტაცია გვქონდა, ამ პროგრამის დაწყების შემდეგ დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ აღორძინება მხოლოდ 450 ჰექტარზე შეიძლება. ამჟამად ამ ფართობიდან 56 ჰექტარი გასხლული და განოყიერებულია. ზოგიერთის სრულიად გასუფთავება, მძიმე გასხვლა (ძირებთან) დაგვჭირდა. 19 ჰექტარზე კი, სოფელ ბზიაურში, უკვე მშვენიერი ჩაის პლანტაციები გვაქვს და ჩაიც იკრიფება. ადგილობრივ ფაბრიკაში მზადდება ტყიბულის მთის ჩაი. სხვათა შორის, ეს ძველი ქართული ბრენდია, დაახლოებით 1934 წლიდან მზადდებოდა.

- ნამდვილად უკეთესი იქნება, თუ ჩვენს ბაზარზე ადგილობრივი ჩაი გაიყიდება. ჩვენი ჩაი ეკოლოგიურობითა და გემოთი არ ჩამოუვარდება შემოტანილ პროდუქციას.

- ჩვენი ჩაი ზომიერად რბილი და საუკეთესო არომატის ჩაია, რომელიც თუ კარგად დამზადდება, სხვა ქვეყნების ჩაის არაფრით ჩამოუვარდება.

ჩაის იმპორტი ქართული მეჩაიეობისთვის მტკივნეული თემაა. მაშინ, როდესაც ქართულ ჩაის შეუძლია ადგილობრივი ბაზარი სრულად აითვისოს, იმპორტირებული ჩაი შემაფერხებლად გვევლინება. ტყიბულში უკვე მუშაობს ესტონელების და ადგილობრივი მწარმოებლების ჩაის ფაბრიკები, რომლებიც ხარისხიან ჩაის ამზადებენ. Mმხოლოდ ადგილობრივი მწარმოებლების ფაბრიკა ყოველწლიურად 80 ტონა ჩაის აწარმოებს და უკრაინასა და ბელორუსიაში ყიდის. მიმდინარეობს სხვა ბაზრების ძიებაც. ტყიბულში გამოჩნდნენ ჩინელებიც და ჩვენი პლანტაციები დაათვალიერეს.

- ჩინელებს ჩაის ხარისხს ვერავინ გამოაპარებს, საქართველოშიც თავის დროზე სწორედ მათ გააშენეს პირველი ჩაის ნარგაობა. ინვესტორის შემოსვლა კარგია, თუმცა ადგილობრივი ბიზნესიც უნდა განვითარდეს.

- სწორედ ადგილობრივების დასაქმებასა და ეკონომიკურ მოგებაზეა გათვლილი ქართული ჩაის აღორძინების პროგრამა. საქართველოში წლების წინ 100-120 ათასი ტონა პროდუქციას აწარმოებდნენ, საიდანაც 95-115 ათას ტონამდე ექსპორტზე გადიოდა. დღეს ევროკავშირის ბაზარზე რატომ არ უნდა გავიდეთ ჩვენი ბიოჩაით?! როგორც ვიცი, ტყიბულის ჩაი უკვე ჩეხეთშიც არის გასული და თუკი პროფესიონალურად ვიმუშავებთ, არა მგონია, ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში რამემ ხელი შეგვიშალოს. მაგალითად, ჩაის ეკოსისუფთავე ტყიბულში უკვე მაღალ დონეზეა, ჩვენებური ჩაი თავისუფალია ყოველგვარი მინარევებისაგან, მათ შორის, საღებავებისგანაც.

ეთერ ერაძე