როგორ გადაიქცა ჩვენებური რეჰანი მოდურ ბაზილიკად - კვირის პალიტრა

როგორ გადაიქცა ჩვენებური რეჰანი მოდურ ბაზილიკად

"კავკასიური რეჰანი იისფერი რეჰანის სახელწოდებით არის ცნობილი და ძალიან გავრცელებულია მსოფლიოში"

რეჰანი მრავალი ქვეყნის სამზარეულოს მშვენებაა, ის კერძების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. ცხადია, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ამ არომატულ და სურნელოვან მცენარეზე გვესაუბრება ნატო კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი.

- რეჰანს საქართველოს ზოგიერთ კუთხეში შაშკვლავსაც უწოდებენ, თუმცა ის რეჰანის ქვესახეობაა. არსებობს რეჰანის სხვადასხვა ფორმა - მწვანეფოთლიანი, იისფერფოთლიანი, მწვანე ხუჭუჭფოთლიანი, იისფერი ხუჭუჭფოთლიანი. შეიძლება ჰქონდეს ჩაის არომატი, მიხაკის, პიტნის, დაფნის, ლიმონისა და სხვა არომატები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყველაზე გავრცელებული სახეობაა სურნელოვანი რეჰანი, რომელიც დაახლოებით 80 სმ-მდე იზრდება.

საკარმიდამო მეურნეობაში უფრო მეტად ცნობილია ყავისფერი რეჰანი, რომელსაც დარიჩინის გემო აქვს. კავკასიური რეჰანი იისფერი რეჰანის სახელწოდებით არის ცნობილი და ძალიან გავრცელებულია მსოფლიოში. პოპულარულია ლიმონისარომატიანი რეჰანიც, რომელსაც თევზეულსა და სხვა საკვებთან ერთად იყენებენ.

- საიდან გავრცელდა რეჰანი მსოფლიოში? - მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, აქედან გავრცელდა ის მსოფლიოში. საქართველოში რეჰანი ბევრგან ხარობს. ჯიშების მიხედვით მცენარე განსხვავდება სიმაღლით და 50-დან 90 სმ-მდე იზრდება. ფესვი ნიადაგში 15-20 სმ-ის სიღრმეში ჩადის, ღერო სწორმდგომია, ხოლო ფოთლები -ოვალური. მცენარე სითბოს მოყვარულია, კარგად განათებული, მზიანი ადგილები უყვარს.

- როგორი ნიადაგი უნდა შეარჩიოს ფერმერმა, რომელსაც რეჰანის მოყვანა სურს? - ნიადაგი კარგი სტრუქტურისა უნდა იყოს, ფხვიერი, მსუბუქი ტიპისა და ნეიტრალური მჟავიანობის. მწირი ნიადაგები ამ მცენარისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, როცა გრუნტის წყლები ახლოს არის ნიადაგის ზედაპირთან. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეჰანის ვერც ერთი სახეობა ერთსა და იმავე ადგილას 8-10 წელი ვეღარ ხარობს, სოკოვანი დაავადება ფუზარიოზი გაუჩნდება და ფერმერი ნორმალურ მოსავალს ვეღარ მოიწევს. რეჰანის მოყვანა შეიძლება როგორც დათესვით, ასევე ჩითილის მეთოდითაც. რა თქმა უნდა, ჩითილის მეთოდის გამოყენება უმჯობესია. სანამ მოყვანაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია მცენარისთვის ნიადაგის მომზადება, რაც შემოდგომაზე იწყება -ნიადაგის გასუფთავებითა და მისი დამუშავებით. რეჰანისთვის ნიადაგი 25-30 სმ-ის სიღრმეზე უნდა მოიხნას, ადრე გაზაფხულზე კი იწყება მოხნულის კულტივაცია და ფარცხვა. ნიადაგის ქიმიური ანალიზის შემდეგ დადგინდება, რა სახის დახმარებას მოითხოვს ეს ნიადაგი და ამის მიხედვით უნდა დაიწყოთ მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა.

- რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო დათესვისას? - რეჰანის დათესვა უმჯობესია მწკრივად, რამე მიმანიშნებელ კულტურასთან ერთად. კარგია, თუ ეს იქნება სალათა, ან ბოლოკი, რომელიც ამ კულტურასთან შედარებით ადრე აღმოცენდება. რეჰანს მარტის ბოლოს თესავენ. მისი თესლი მეტად წვრილია, თუ მას დათესვამდე დაალბობთ, მერე შეაშრობთ და ისე დათესავთ, უკეთეს აღმონაცენს მიიღებთ. თესვის ნორმა 5-7 კილოგრამია 1 ჰექტარზე. მცენარის თესლი მიწაში 0,5-1 სმ სიღრმეზე უნდა ჩაითესოს. ვინაიდან ჩვენთან მარტის ბოლოს ზოგჯერ ყინვა იცის, აუცილებელია რეჰანის ნათესებზე პოლიეთილენის გადაფარება, რომ სითბო და ტენიანობა შეუნარჩუნდეს. რეჰანის ნათესებს თუ ნარგავებს ერთნაირად სჭირდება მორწყვა, ნიადაგის გაფხვიერება, დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები და სხვ. რეჰანის გვერდით კარგია პამიდვრისა და კომბოსტოს სხვადასხვა სახეობის, ასევე, ტკბილი და ცხარე წიწაკის მოყვანა, რადგან ეს მცენარეები აფერხებენ მავნებლებს, რომლებიც რეჰანს უჩნდება. ისინი ერთმანეთისთვის სასარგებლო ნიშან-თვისებებს ავლენენ და ხელს უწყობენ ერთმანეთს.

- დარგვა როგორ ხდება? - ამ მცენარის დარგვა აუცილებელია ღრუბლიან ამინდში, ან მზე რომ გადავა თუ ცხელი და მზიანი ამინდია, მისი დარგვისგან თავი უნდა შევიკავოთ. ირგვება მწკრივად, მწკრივებს შორის მანძილი 40 სმ უნდა იყოს, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის -30 სმ. დარგვა შეიძლება კვადრატულ-ბუდობრივადაც 45X45 სმ-ზე. 1 ჰექტარ ფართობზე ეტევა 50-დან 70 ათასამდე მცენარე. დარგვის მერე რეგულარული გაფხვიერება, მორწყვა და გამოკვებაა საჭირო. სხვათა შორის, რეჰანს ძალიან ემტერებიან ლოკოკინები და მათ ქიმიური პრეპარატებით უნდა ვებრძოლოთ, რა თქმა უნდა, ნორმის ფარგლებში. მცენარის დაცვა ხელს უწყობს უფრო კარგი და წვნიანი ფოთლების განვითარებას.

მოსავლის აღება ყვავილობის დასაწყისშია საჭირო, აუცილებლად მშრალ ამინდში. ამ დროს მისი ფოთლები და ახალგაზრდა ყლორტები ყველაზე არომატულია.

- როგორც ვიცით, რეჰანი ერთობ სასარგებლო კულტურაა. - რეჰანის ქვესახეობა სასარგებლო ვიტამინების მთელ კომპლექსს შეიცავს. ეს მცენარე კაროტინისა და ეთერზეთების ნამდვილი წყაროა. ის, როგორც წამალი, საუკეთესო სადეზინფექციო საშუალებაა. რეჰანს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოში ტომატ-პასტების, მარინადების, სოუსების დასამზადებლად. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ნედლი, ასევე ხმელი სახითაც. რეჰანის ნაყენი ძალიან კარგია როგორც ყელის გამასუფთავებელი საშუალება: თუ რეჰანის 20-მდე ფოთოლს 200 გრამ მდუღარე წყალს დაასხამთ და გაგრილებულს ყელში გამოივლებთ, საკუთარ თავს ძალიან კარგ სამსახურს გაუწევთ. იგივე ნაყენი კარგია თავის ტკივილის დროს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებლად.

ხათუნა ჩიგოგიძე