თაფლის სასმელები "ფუტკრების დედოფლისგან" - კვირის პალიტრა

თაფლის სასმელები "ფუტკრების დედოფლისგან"

"4 წლის წინ რამდენიმე კილოგრამი ყვავილის მტვერი დამისველდა. ვერ გადავყარე, რადგან ძვირი პროდუქტია... მისგან მეტად არომატული და გემრიელი თაფლის ღვინო დადგა"

მანანა ბოლქვაძე ბათუმელი მეფუტკრეა. მესამე წელიწადია საკუთარი ფუტკარი ჰყავს, მანამდე ასევე სამ წელიწადს სხვის საფუტკრეში მუშაობდა. მისმა თაფლმა სახელიც გაითქვა, პოპულარულია, მოთხოვნილება გაჩნდა, თვით მანანას კი "ფუტკრების დედოფლის" სახელით იცნობენ, ხოლო მის პროდუქტს "ფუტკრების დედოფლის თაფლს" უწოდებენ.

"როცა რაღაცას აკეთებ, ბაზრის მოთხოვნებს მიჰყვები, ცდილობ შენი წარმოებული პროდუქტი სასარგებლო იყოს, მომხმარებელს უფრო მეტი და ხარისხიანიც შესთავაზო. ყოველთვის გინდა სიახლეები. თუ იმას არ ითხოვენ, რასაც აკეთებ, ესე იგი, ის საჭირო არ არის და თავი უნდა დაანებო", - ამბობს რესპონდენტი და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ მან უკვე ძალიან ბევრი თაფლის პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს. ბოლო დროს არყის გამოხდა დაიწყო, რისკენაც ერთმა ამბავმა უბიძგა.

- 4 წლის წინ მოულოდნელად რამდენიმე კილოგრამი ყვავილის მტვერი დამისველდა. ვერ გადავყარე, რადგან უძვირესი პროდუქტია (კილოგრამი 80 ლარი ღირს) და მისგან არყის დაყენება გადავწყვიტე, მაგრამ დავაგვიანე, გამოილექა. თუმცა გემო რომ გავუსინჯე, უნიკალური პროდუქტი აღმოჩნდა. მისგან თაფლის ღვინო დადგა. იმდენად არომატული და გემრიელი იყო, რომ ყველას ვასინჯებდი, მიუხედავად იმისა, რომ მოსწონდათ, ამბობდნენ, თაფლის ღვინო არ არსებობს, რაღაცებს იგონებო. მერე ამერიკაში მოვხვდი, სადაც ვიზიტი საფუტკრეშიც გვქონდა, გავეცანი იქაურ თაფლის წარმოებას და თაფლის ღვინის საწარმოსაც. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თურმე თაფლის ღვინო ნამდვილად არსებობს. რომ ჩამოვედი, აქ მისი დაყენება დავიწყე - სხვადასხვა პროპორციითა და რაოდენობით... როცა ამ პროდუქტზე დავიწყე საუბარი, ვიღაცებმა თქვეს, ეს ისტორიული პროდუქტია, ძველ წყაროებში საეკლესიო ღვინის სახელით არის ცნობილიო და მის დაყენებაზე დაიწყეს ფიქრი. თუმცა ჩემი და მათი რეცეპტი ერთმანეთისგან განსხვავდება.

- მოკლედ, ღვინო უნებლიეთ მიიღე. არყის გამოხდამდე როგორ მიხვედი? - უმრავლესობა თაფლის არაყს ხილისგან აკეთებს, შიგ ძალიან ცოტა თაფლის სანთელს ურევს და ამას არქმევს თაფლის არაყს. თაფლის სანთელი იმდენად არომატულია, სულ მცირეც კი სადუღარ არეში რომ ჩააგდო, დამახასიათებელ არომატს გამოსცემს და ყველას თაფლის არაყი ჰგონია.

ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, შველის კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, არტერიულ წნევას. მამაჩემს კუჭის პრობლემები ჰქონდა, ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში დილაობით თითო ჭიქას სვამდა და პრობლემა მთლიანად მოუგვარდა.

- ანუ მშვენიერი არაყი მიიღე. - უნიკალური, გემრიელი და სასარგებლო პროდუქტის მიღებას ხარისხიანი მასალა სჭირდება. რასაც ვაკეთებ, ვცდილობ იყოს ხარისხიანი და მხოლოდ რაოდენობით არ გავიდე ბაზარზე. ამიტომ,

როცა არყის გამოხდას ვიწყებ, უმაღლესი ხარისხის თაფლს ასევე მაღალი ხარისხის წყალში ვხსნი. მნიშვნელობა ყველა დეტალს აქვს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ეს აუცილებელია, ღვინოც და არაყიც ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმებია, რომელიც სუნთქავს, იბადება და კვდება.

- თაფლს წყალს ურევ და ასე აჩერებ მასას? - მას სადუღარი არე სჭირდება, რომ ალკოჰოლური დუღილი დაიწყოს, ან საფუარი უნდა, როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური.

ბუნებრივ საფუვრად ყვავილის მტვრის ან ჭეოს გამოყენება შეგვიძლია, ეს პროდუქტს მეტად აძვირებს, რადგან ორივე ძვირფასი პროდუქტია. მათი გამოყენების შემთხვევაში, მჟავიანობა მაღალია, რაც ალკოჰოლურ დუღილს უწყობს ხელს. შეგვიძლია ჩვეულებრივი საფუვრის გამოყენებაც, რასაც ქარხნები ღვინის დაყენებისას იყენებენ.

ასევე მნიშვნელოვანია, რაში ვხდით არაყს. ჩვენ კარგი სახდელი გვაქვს, რაც არომატების შენარჩუნებას ხელს უწყობს.

- ძვირი ღირს შენი თაფლის არაყი? - გააჩნია, კარგი შეფუთვა აქვს, ამასთან, ხარისხიანი პროდუქტია და ძვირად ფასობს, მოკლედ, მისი მიღება ყველანაირი ასპექტით ძვირი გვიჯდება. ბოთლის ჩამომსხმელი ქარხნები ჭურჭელში შეღავათს არ გვიწევენ, ამიტომ 1 ლიტრის ფასი 60-70 ლარს შორის მერყეობს.

- ვიცი, რომ სხვა პროდუქტებსაც აწარმოებ. - შევქმენი სამკურნალო თვისებებით სავსე პროდუქტი: სხვადასხვა ქართულ ჩირს, თხილს, კაკალს და გოგრის თესლს თაფლს ვურევ. უგემრიელესი რამ გამოდის, დელიკატესად მიიჩნევა და დიდი მოთხოვნილებაა მასზე. ყველანაირი ხილის ჩირს, თხილს, კაკალსა და ყველა ინგრედიენტს, თაფლის გარდა, ქართული ჩირის მწარმოებელი კომპანიებისგან ვყიდულობ. ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ბევრ დაავადებას შველის. აზერბაიჯანში მოეწონათ, კერძოდ, მეჰრიბან ალიევა აღფრთოვანდა და უკვე ამ პროდუქტის შეტანა იგეგმება.

აზიაში ქართულ ღვინოს წარადგენს კობა ნადარეიშვილი, რომელმაც პარტნიორობა შემომთავაზა, ჰონკონგში ცხოვრობს, იქ მალე 24 ობიექტი იხსნება, სადაც ქართული პროდუქტებთან ერთად ჩემი თაფლი და ეს პროდუქტიც გაიყიდება.

- რას ურჩევ მათ, ვისაც ამ მიმართულებით საქმის დაწყება უნდა? - პირველ რიგში, სწავლით დაიწყონ და საქმეს მერე მიხედონ. ერთწლიანი მეფუტკრეობის კურსიც გაიარონ, სადაც ყველა ნიუანსს ასწავლიან, როგორ აწარმოონ ეს პროდუქტი, როგორ მოუარონ, გაამრავლონ ფუტკარი. მოკლედ, სამი რამ არის მნიშვნელოვანი - სწავლის სურვილი, საქმის დაუზარებლობა და მონდომება.

ლალი ფაცია