როგორ იქცა მზის ენერგია "უფასო დენად" - კვირის პალიტრა

როგორ იქცა მზის ენერგია "უფასო დენად"

"მზის ავტონომიური ელექტროსადგურები უმეტესად მიუვალ ადგილებში მონტაჟდება, სადაც ელექტროგადამცემი ხაზები არ არის"

კოტე კობახიძე დოქტორია საინჟინრო ფიზიკის დარგში და 30 წელიწადია, მზის ენერგეტიკაში მუშაობს. ცხოვრობს თბილისში, ვერეს ხეობაში, აქვს საკუთარი ეზო-კარი შესანიშნავი ბაღით. ცოტა ხნის წინ ბატონმა კოტემ სახლის სახურავზე დაყენებული მზის ავტონომიური მიკროელექტროსისტემის ნაცვლად, დაამონტაჟა თანამედროვე, ქსელს მიერთებული 3 კვტ სიმძლავრის მზის მიკროელექტროსადგური, რომელიც მზის ენერგიას ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის.

- 1977 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში გამანაწილეს. იმ დროისთვის აღიარებულ სამეცნიერო კერაში ალტერნატიული ენერგიების თემატიკაზე ვმუშაობდი. 80-იანი წლების ბოლოს მუშაობა მზის ენერგიის გამოყენების საკითხებზე განვაგრძე. დავამუშავეთ მზის ფოტოელემენტების მიღების ტექნოლოგია, შევქმენით მზის ფოტოელემენტები, მოდულები და დავიწყეთ მზის სადგურების აწყობა. სხვათა შორის, პირველი მზის მიკროელექტროსადგური სოხუმში ჩემს სახლზე ომის დროს, 1992 წელს დავამონტაჟე. ჩემი სახლის სახურავზე ახლა რაც ავაგე, ერთ-ერთი ბოლო, თანამედროვე დონის მზის სადგურია.

- მოგვიყევით მის შესახებ... - მზის ელექტრული სადგური შედგება მზის მოდულებისგან, მოდული კი ფოტოელემენტებისგან. მზის ფოტოელემენტი დაახლოებით 2 კვადრატული დეციმეტრი ფართობის ნახევარგამტარული ფირფიტაა, რომელიც 2 სხვადასხვა ტიპის ფენისგან შედგება. ფოტოელემენტზე სხივის დაცემისა და შთანთქმის შედეგად მასში წარმოიქმნება მუხტის თავისუფალი მატარებლები - ელექტრონები და ხვრელები. არაერთგვაროვან სტრუქტურაში არსებული ელექტრული ველის შედეგად, ხდება მუხტების გადანაწილება და ელემენტის ზედა და ქვედა ზედაპირებს შორის პოტენციალთა სხვაობა - ძაბვა წარმოიქმნება. თუ წრედს შევკრავთ, მასში გაივლის დენი, ე.წ. ფოტოდენი. ასე ხდება მზის ენერგიის გარდაქმნა ელექტრულ ენერგიად ფოტოელემენტის საშუალებით. მზის ელემენტები, ძირითადად, მონოკრისტალური, პოლიკრისტალური და ამორფული სილიციუმის ბაზაზე მზადდება. მზის ელექტროსადგურები მილიონობით ასეთი ფოტოელემენტისგან შედგება.

კოტე კობახიძე საკუთარ ბაღში - რით განსხვავდება ქსელს მიერთებული ელექტროსადგური ავტონომიურისგან? - ავტონომიური სადგურის გამომუშავებული ელექტროენერგია გროვდება აკუმულატორში და შემდეგ ხდება მისი გარდაქმნა-გამოყენება. ამგვარი სისტემები საქართველოში უმეტესად მიუვალ ადგილებში, მონასტრებში, მაღალმთიან, მცირეკომლიან სოფლებში მონტაჟდება, სადაც ელექტროგადამცემი ხაზები არ არის.

ქსელს მიერთებული სადგურის გამომუშავებული ელექტროენერგია კი ცვლად დენად გარდაიქმნება და ცენტრალურ ელექტროქსელს მიეწოდება.

ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგია ორმხრივი მრიცხველით აღირიცხება, წლის ბოლოს კი ელექტროენერგიის დისტრიბუტორი (`თელასი~ ან `ენერგოპრო~) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიების ბალანსს ადგენს. თუ აბონენტი უფრო მეტ დენს მიაწვდის ელექტროქსელს, ვიდრე მოიხმარს, მაშინ სხვაობის თანხას დისტრიბუტორი დაფარავს. თუ პირიქით მოხდა, მაშინ აბონენტი უხდის დისტრიბუტორს გადაჭარბებით მოხმარებული ენერგიის საფასურს.

ჩემი მზის სადგურში გამომუშავებული ელექტროენერგია 500 კვტ/სთ-ის ოდენობით ბალანსზე ზედმეტობაში მაქვს. მას ზამთარში გამოვიყენებ, როცა მზის ინტენსივობა ნაკლებია და სადგური ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

მზის მიკროელექტროსადგურის უნიკალურობა ის არის, რომ სხვა საოჯახო ნივთებისგან (ავტომობილი, მაცივარი, ტელევიზორი და ა.შ.) განსხვავებით, შეძენისა და ჩართვის შემდეგ არ მოითხოვს დამატებით ხარჯს. მხოლოდ საკუთარი თავის გამოსყიდვაზე მუშაობს. 8-10 წლის შემდეგ ოჯახს უფასო ენერგიით ამარაგებს 20-30 წლის განმავლობაში.

- დანადგარი რა ჯდება? - დანადგარის ფასი მის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. ოჯახებს ელექტროენერგიის განსხვავებული ხარჯი აქვთ, მზის სადგურის სიმძლავრეც ამის მიხედვით უნდა გამოითვალოს, რომ ოჯახს ელექტროენერგიის ხარჯი გაუნულოს. სიმძლავრის მიხედვით, მათი ფასი 3.000-დან 10.000 ლარამდეა. არსებობს მცირე სიმძლავრის მზის სადგურებიც (260-ვატიანი, რომლის ღირებულება 900 ლარამდეა), მათი მონტაჟი და მოხმარება უმარტივესია: თავსდება მზიან ადგილას და ჩვეულებრივი ელექტროხელსაწყოსავით სადენით ქსელში ირთვება. სადაც ხარჯი დიდია, იმ ოჯახებში მძლავრი სისტემები მონტაჟდება. ერთხელ ვიხდით, მოწყობილობას ვყიდულობთ, ვამონტაჟებთ და ოჯახს ელექტროენერგია მიეწოდება.

- ოღონდ თქვენ თავად დაამონტაჟეთ... - დიახ, ამაში თანხა დავზოგე, 10%, რაც დაახლოებით 1.000 ლარია.

- ვისაც დამონტაჟება თავად არ შეუძლია, რა ქნას? - რჩევით ნებისმიერს დავეხმარები. ამ საქმეში მთავარია მზის სადგურის კომპონენტების სწორად შერჩევა. კარგი ხარისხის უნდა ავარჩიოთ, რომ 30-40 წელიწადს საიმედოდ იმუშაოს. არჩევანი ცნობილი მწარმოებლების პროდუქტზე უნდა შეაჩეროთ.

- ჩვენთან რატომ არ ვითარდება ეს დარგი? - ამას წინათ გერმანიაში გახლდით მზის ენერგეტიკისადმი მიძღვნილ საერთაშორისო გამოფენაზე და სახლების სახურავების 80-90% მზის პანელებით იყო დაფარული. გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ეს მიმართულება კარგად არის განვითარებული, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობა ჰქონდათ. გაიცემოდა გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხები სადგურების ღირებულების დასაფარავად. არსებობდა ე.წ. მწვანე ტარიფი, ანუ აბონენტისგან ელექტროენერგიის შესყიდვა უფრო მაღალ ფასად, ვიდრე მიყიდვა.

საქართველო, მოგეხსენებათ, მზიანი მხარეა და ამ ბუნებრივი სიკეთის გამოუყენებლობა არ შეიძლება. ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება, საკმარისია მსოფლიო გამოცდილების გადმოღება.

ლალი ფაცია