მებაღის "სანიტარი" თანაშემწე - კვირის პალიტრა

მებაღის "სანიტარი" თანაშემწე

ბავშვობაში ვის არ უთამაშია ჭიამაიასთან. ალბათ, ყველას გვახსოვს "ჯადოსნური" სიტყვები, რომლითაც ამ პატარა, უწყინარ არსებას მივმართავდით: "ჭია, ჭია, მაია, ხვალ თუ კარგი დარია?" ჭიამაია თითქმის ყველა ქვეყანაში ბინადრობს და ყველგან სასურველი სტუმარია. ზოგიერთი ლეგენდის მიხედვით, ადრე მას ღვთის "სისხლის წვეთს უწოდებდნენ და სწამდათ, რომ ჭიამაიები ხალხს ღვთის ნებას ამცნობდნენ. ხმელეთის ყველა კუთხეში ჭიამაიას ბედნიერების მომტან თილისმად მიიჩნევენ, ბევრგან მისი გამოსახულებებით სახლს რთავენ. გავრცელებულია აზრი, რომ ჭიამაიას მოკვლა ან შინიდან გაგდება აკრძალულია - ვინც ამას ჩაიდენს, საქმეში აღარ გაუმართლებსო...

გვესაუბრება ენტომოლოგი თამარ ჭუნაშვილი.

- ჭიამაია ჩვეულებრივი ხოჭოების ჯგუფს მიეკუთვნება. ეს ფერადი მწერია, რომელსაც მრგვალი ან ოვალური სხეული აქვს და სხვადასხვა ფერის კოპლები ამშვენებს. დედამიწაზე მისი უამრავი სახეობა არსებობს. ისინი განსხვავებულია ფერით და წერტილების რაოდენობით. ჭიამაიები მტაცებელი ხოჭოები არიან და სხვა მწერებით იკვებებიან, მათ შორის, ბუგრებით - ეს მათი საყვარელი საჭმელია.

- ანუ ჭიამაია ბუნებაში სანიტრის როლს ასრულებს? - ბუგრები ბაღ-ვენახებს აჩანაგებენ, შესაბამისად, ჭიამაია სასარგებლო არსებაა. ზოგიერთი ჭიამაია სიცოცხლის განმავლობაში ათასობით ბუგრს ჭამს. ამ მავნებლებს სიამოვნებით მიირთმევენ ჭიამაიას მატლებიც. ჭიამაიები სხვა მავნებლებსაც შეექცევიან, ზოგიერთი სახეობა პარაზიტი სოკოებითაც იკვებება. ჭიამაიას ხშირად იყენებენ მავნებლებთან საბრძოლველად და ბაღებსა და პლანტაციებში სპეციალურად შეჰყავთ. რადგან მავნებლებს ანადგურებენ, ამიტომაც ჭიამაია მებაღეებისა და ფერმერების საუკეთესო თანაშემწე და მეგობარია. ზოგიერთი სახეობის ჭიამაია ხილზეც არ ამბობს უარს, გვიან შემოდგომაზე კი სახლებში შედის და ზამთარს იქ ატარებს.

- უცნაურია, მაგრამ ჭუპრი საერთოდ არ ჰგავს ჭიამაიას. - დაბადებიდან ზრდასრულობამდე ჭიამაია მეტამორფოზებს განიცდის და მრავალ ფორმას იცვლის: კვერცხიდან ჯერ ლარვა (მატლი) იჩეკება, რომელიც ჭუპრად იქცევა და მერე მისგან ზრდასრული ჭიამაია ყალიბდება. ზრდასრულ მწერს ორი წყვილი ფრთა აქვს. მბზინავი და ლამაზად შემკული ზედა ფრთები სიფრიფანა უკანა ფრთებს იცავს. ფრენისას მწერი ზედა ფრთებს იყენებს. ბევრს ჰგონია, რომ ჭიამაია მაინცდამაინც წითელია და შავად დაწინწკლული, მაგრამ არსებობს უამრავი სხვადასხვაგვარად შეფერილი და დაწინწკლული ჭიამაია. ზოგი ნარინჯისფერია, ზოგი - ყვითელი და შავად დაწინწკლული, ზოგიც შავია წითელი წინწკლებით. შეიძლება იყოს ყვითელი, ყავისფერი და სხვა ფერიც. იშვიათად თუ შეხვდებით ჭიამაიას წინწკლების გარეშე. არსებობს სახეობები ჭადრაკულად განლაგებული წინწკლებითაც და დაზოლილიც. მოგეხსენებათ, ჩიტები და ობობები განსაკუთრებით ემტერებიან მწერებს, ჭიამაიას მკვეთრი შეფერილობა კი მათთვის გამაფრთხილებელი სიგნალია. მათი უმრავლესობა უსიამოვნო სუნისა და გემოს სითხეს გამოყოფს, რომელიც საუკეთესო თავდაცვის იარაღია. ფრინველებს ეს გემო და სუნი არ მოსწონთ და ჭიამაიებს თავს არიდებენ. ფრინველი ჭიამაიას ერთხელ მაინც თუ მიეკარება ან გასინჯავს, იცის, რომ ეს მწერი სხვა დროს აღარ უნდა შეჭამოს.

- რამდენ ხანს ცოცხლობენ ჭიამაიები? - სასიცოცხლო ციკლი ერთწლიანია. შედარებისთვის, ბუზი 21 დღეში ერთხელ ჩეკავს კვერცხებს და შთამომავლობას იძლევა, შესაბამისად, ის მთელი წლის განმავლობაში, ყოველი 21 დღის შემდეგ მრავლდება, მწერების უმრავლესობა კი გაზაფხულზე ხდება აქტიური.ასევეა ჭიამაიაც. ხოჭოს ბევრი სახეობა ერთ წელიწადს ცოცხლობს. წვიმისა და ქარისგან თავის დასაცავად ისინი მშრალ, დახურულ ადგილას იზამთრებენ. გაზაფხულზე, როცა ბუნება იღვიძებს, ჭიამაიები გამოდიან და ისეთ მცენარეებს ეძებენ, რომლებზეც ბუგრებია. დაწყვილების შემდეგ, მდედრობითი სქესის ჭიამაია ფოთლის ქვეშ პაწაწინა ყვითელ კვერცხებს დებს. თითოეული კვერცხიდან იჩეკება მატლი, რომელიც მშვენიერ ჭიამაიას არაფრით ჰგავს. მატლები თითქმის შეუჩერებლივ შეექცევიან ბუგრებს და იმხელები იზრდებიან, რომ კანში ვეღარ ეტევიან და მას რამდენჯერმე იცვლიან. ამის შემდეგ ისინი ჭუპრებად გარდაიქმნებიან. ჭუპრს გადაადგილების უნარი არ აქვს და დაუცველია. ის მანამ იზრდება, სანამ ზრდასრული ხოჭოს სახეს არ მიიღებს. მოძლიერებამდე ხოჭო მცენარეს არ სცილდება, დამახასიათებელ შეფერილობას კი ერთ დღეში იძენს.

- ყველაზე მეტად რომელ მცენარეებს ეტანებიან ჭიამაიები? - ძალიან ბევრ კულტურულ მცენარეს. საკუთარი თვალით მინახავს ჭიამაიას ლარვები ბროწეულსა და ვარდის ბუჩქზე - ამ მცენარეებზე ბუგრები ბლომად არიან და ჭიამაიებიც სწორედ ასეთებს ეტანებიან. ისინი, ძირითადად, ფოთლებზე ცხოვრობენ, იქ დაფუსფუსებენ და თავიანთ საკვებს ეძებენ. მცენარეებზე შერჩენილი ან მიწაზე ჩამოცვენილი ფოთლები, შესაძლოა, ზამთარში მათთვის მყუდრო ბინად იქცეს, რომელსაც თავს აფარებენ. ზამთარში ისინი ხის ქერქის ქვეშაც იმალებიან.

- რაკი ჭიამაია მავნებლებს ებრძვის, ალბათ, ყველა ფერმერი უნდა ეცადოს, თავის მამულში რაც შეიძლება მეტი ჭიამაია მოიზიდოს. როგორ უნდა შეძლონ ეს? - დიახ, ყველა ფერმერი უნდა ეცადოს თავის ეზოსა და ბაღებში ჭიამაიების მომრავლებას. ამ ზაფხულს ჩემს ეზოშიც ვნახე ჭიამაიას ლარვები და რამდენიმე მათგანი ვარდის ბუჩქზე გადავიყვანე, რომელსაც ბუგრები ესეოდნენ. რამდენიმე დღეში ვარდის ბუჩქზე ბუგრები აღარ შემიმჩნევია. ნაპოვნი ჭიამაია შეგვიძლია იმ მცენარის ფოთოლზე დავსვათ, რომელსაც მავნებლები ჰყავს - ამით მასაც საუკეთესო სამსახურს გავუწევთ და მცენარესაც ვიხსნით საშიში მტრებისგან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიამაია ჩვენი ბაღების ერთ-ერთი საუკეთესო მკურნალი და სანიტარია.

ხათუნა ჩიგოგიძე