ქართული ნესვის სიტკბო - კვირის პალიტრა

ქართული ნესვის სიტკბო

"ჩვენებური ნესვი შეიძლება უფრო გემრიელი კი იყო, მაგრამ ბაზრამდე მიტანამდე გვიფუჭდებოდა და მოწევის დროსაც კი სკდებოდა სიმწიფისგან, ახლანდელი ნესვი კი გამძლეა"

უგემრიელესი აზიური ბაღჩეული (ასევე საზამთროც) საქართველოში დიდი ხნის წინ შემოვიდა და, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში გაშენდა; თუმცა მასზე არც დასავლეთ საქართველოში უთქვამთ უარი, მეგრული ნესვი ჩვენში ოდითგან ცნობილი იყო. თითქმის ყველა დასახელების ვიტამინითა და სასარგებლო ნივთიერებით მდიდარი ეს ბაღჩეული ყველას მოსწონს, ამასთან, ჯანმრთელობასაც აუმჯობესებს. ნესვს თბილი კლიმატი ძალიან უყვარს, ამიტომაც საუკეთესო მოსავალს მაინც კახეთი იძლევა. მაგალითად, ყვარლის მუნიციპალიტეტში ნესვს ბევრ სოფელში თესავენ, ყველაზე უხვი მოსავალი კი სოფელ გავაზში მოდის.

გავაზელ ნიკოლოზ კირვალიძეს ყოველ წელიწადს ნესვის საუკეთესო მოსავალი მოჰყავს. ამას ოჯახურმა ტრადიციამაც შეუწყო ხელი - ნესვი და საზამთრო მის პაპასაც მოჰყავდა და მამასაც, ახლა კი თავად ტრიალებს ნესვის ბაღჩაში, იმ განსხვავებით, რომ მას ნესვის თანამედროვე ჯიშები მოჰყავს.

- ჩვენებური, ქართული ნესვი, 15-20 წლის წინ მომყავდა და მისი გემოც საუკეთესოდ მახსოვს - თაფლივით ტკბილი იყო. დრო გადის, ყველაფერი იცვლება და ახლდება, განახლდა ნესვის ჯიშებიც. ალბათ, დრომ მოითხოვა ასე, გარემოსა და კლიმატის შეცვლას ჯიშების გაახლება მოჰყვა. ჩვენებური ნესვი შეიძლება უფრო გემრიელი კი იყო, მაგრამ ბაზრამდე მიტანამდე გვიფუჭდებოდა და მოწევის დროსაც სკდებოდა სიმწიფისგან, ახლანდელი ნესვი კი გამძლეა. - როგორც ვიცი, ის ჰიბრიდულია, ამიტომაც არის საჭირო ყოველ გაზაფხულზე თესლის თავიდან ყიდვა.

- ჰიბრიდი შეჯვარებული კულტურაა და ეგ ჩვენში ყოველთვის გამოჰყავდათ. არც თესლის ყიდვა მგონია ცუდი. გლეხები რომ ნესვს ავიღებდით, თესლს გამოვაცლიდით და ვახმობდით. ცხადია, ყველაფერს საუკეთესოდ ვერ ვაკეთებდით და თესლი ხშირად გვიზიანდებოდა, შეEსაბამისად, მოსავალიც ნაკლები იყო. ახლა თესლს ცალობით ვყიდულობთ - 1000 თესლის მარცვალი 1 შეკვრაშია და 160 ლარი ჯდება, მაგრამ სამაგიეროდ ვიცით, რომ ამ 1000 ცალიდან, დიდი-დიდი, 10-15-მა არ გაიხაროს. სხვაფრივ ნესვის მოყვანას დიდი შრომა ისევე სჭირდება, როგორც ყოველთვის სჭირდებოდა.

- ალბათ, თანამედროვე ტექნოლოგიებით ამუშავებთ ნესვის ბაღჩებს. - ვისაც თანამედროვე ტექნოლოგიების შეძენის საშუალება აქვს, რა ჯობს, მაგრამ უმეტესობა ნესვსაც და საზამთროსაც მამაპაპურად ვამუშავებთ. ნესვი ვაზის ჩვეულებრივი წამლით იწამლება და ჩვენც ზურგზე წამოკიდებული სარწყავი მანქანებით ვრწყავთ, წელიწადში ოთხჯერ. ძალიან გვიშველა უბრალო ცელოფანმა - ნიადაგს გადავაფარებთ და მხოლოდ იმ ადგილს ამოვჭრით, სადაც ნესვის ღერო ამოიწვერება. ცელოფანი სარეველებს ამოსვლის საშუალებას არ აძლევს, ასე რომ, ნესვის გათოხნა აღარ გვჭირდება.

- თქვენ, ალბათ, ტენტს გულისხმობთ, რომელიც ნარგაობას სარეველებისგან იცავს. თუმცაღა ნესვის ბაღჩას ბალახის მოშორება დასჭირდება, - ნესვის ბარდები ძალიან დიდ ფართობებს იკავებს და ნერგებით ერთმანეთში აიხლართება ხოლმე. - კი, ნესვის ბარდები 2 მეტრზე მეტი იზრდება, თითო ძირიდან კი 25 კილოგრამამდე ნაყოფს ვიღებთ. ცხადია, გამარგვლა აუცილებელია. დღეგამოშვებით ვკრეფთ და სოფლის ბაზრობებზე გაგვაქვს გასაყიდად. ნესვსა და საზამთროს კილოგრამს 20 თეთრად მაინც ვყიდდით, მაგრამ წლეულს ნესვისა და საზამთროს ფასმა ისე დაიწია, ზოგიერთმა ისიც კი თქვა, ჯობია მოსავალი ბაღჩაში დალპესო.

- მიზეზი რა არის? - ის არის, რომ შემოზავდა თურქეთიდან და სპარსეთიდან ქიმიკატებით გაჟღენთილი ნესვი და საზამთრო და ჩვენი მოსავლის ფასი დასწია, თან გაიძახოდნენ, ნესვსა და საზამთროში დიდი რაოდენობით ქიმიკატია, რადგანაც ეგ ბაღჩეული ბევრ ტოქსინს ისრუტავსო. ჩვენ კიდევ, რა სასუქიც შარშან მივეცით, წლეულსაც იმაზე მეტი არაფერი მიგვიცია და რატომ ატყდა ეს ამბავი, ვერ გაგვიგია.

კახური ნესვის ხარისხისა და ფასის შესახებ კომენტარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსმა მიხეილ ბეროშვილმა გააკეთა. მისი თქმით, კახური ნესვი და საზამთრო საუკეთესო ხარისხისაა: - ნესვი, ძირითადად, საზამთროსთან ერთად ითესება ბაღჩებში და კარგადაც ხარობს. 1 ჰექტარზე ნესვი 20-30 ტონამდე მოდის, საზამთრო კი 40-50 ტონამდე. ასე რომ, საშრომი ბევრია, მაგრამ შემოსავალსაც არა უშავს: ჩვენი ფერმერები და გლეხები თითოეული ჰექტრიდან 7-8 ათას ლარს იღებენ სეზონზე. თუმცა წლეულს ამ ბაღჩეულის ფასი მართლაც მკვეთრად დაეცა და შემოსავალი, ალბათ, 4 ათას ლარს არ ასცდება.

- მიზეზი რა არის? - თურქეთიდან შემოტანილი იაფი პროდუქცია, რომელმაც ჩვენი ნესვის ფასი დასწია. არადა, ჩვენი მოსავალი ბევრად ხარისხიანია, ვიდრე თურქული.

- როგორ გავარჩიოთ ქართული ნესვი თურქულისგან?

- არის ერთი დეტალი - ჩვენებურ ნესვსა და საზამთროს მიწაზე დებისგან ცალი გვერდი შეყვითლებული აქვს, თურქული კი ყველა მხრიდან ერთნაირია.

ეთერ ერაძე