ფაროსანასთან წლევანდელი ბრძოლა მოგებულია, ომი გრძელდება...
17-09-2018
ფაროსანასთან წლევანდელი ბრძოლა მოგებულია, ომი გრძელდება...
ქართველი მეცნიერები და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები აქტიურად მონაწილეობენ მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებებში

საწყის ეტაპზევე ფაროსანასთან აქტიური ბრძოლით მავნებელს დიდ მასშტაბზე გავრცელების საშუალება აღარ მიეცა, რამაც კარგი მოსავლის მიღებას შეუწყო ხელი

გასული კვირას დედულეთს ვეწვიე. ცოტა დასვენებას ვაპირებდი, მაგრამ ჟურნალისტურმა მოუსვენრობამ ახალი ინტერესი გამიჩინა. აბაშაში ჩასულს შინისკენ გზად სიმინდის ყანები უნდა გამევლო, გლეხები მოსავალს იღებდნენ, ჰოდა, მეც მათთან სასაუბროდ ყანებს მივაშურე, მაინტერესებდა, კმაყოფილი არიან თუ არა სიმინდის მოსავლით და რა პრობლემები აწუხებთ.

დედის შორეული ნათესავი გოგიტა კვარაცხელია მეზობლად ცხოვრობს და მეც პირველად მასთან გასაუბრება გადავწყვიტე. სიმინდის აღება წინადღეს დაუწყია და კარგ მოსავალსაც ელოდა. თხილის აღება დაუმთავრებიათ და გლეხები, შარშანდელი იმედგაცრუების შემდეგ, წლეულს კმაყოფილი ჩანდნენ.

შემდეგ სოფელ პირველ მაისს ვესტუმრე. ნარგავებისა და პლანტაციების ნაწილი გაფუჭებულა, თუმცა უმეტესობა კარგად
გამოიყურებოდა.
ბაღში მოფუსფუსე ფერმერმა ამელი გოგიშვილმა მითხრა, რომ თხილი 2004 წლიდან აქვს გაშენებული. მოსავალი აიღო და ახლა ნარგავებს მომავალი წლისთვის ამზადებს - შეწამვლის დროა, ახლა თუ არ შევწამლე, გაისად კარგ მოსავალს ვერ მივიღებო.

- საკუთარი გამოცდილებით ყველას ვურჩევ ნარგავების შეწამვლას. ეს აუცილებელია უკეთესი მოსავლის მისაღებად. მას შემდეგ, რაც ნარგავები გავსხალი, ფართობი გავასუფთავე. ახლა შეწამვლას ვაპირებ. შეწამვლის შემდეგი ეტაპი, ნაცარსა და სიდამპლესთან ბრძოლა, თებერვლიდან დაიწყება,"- მეუბნება ამელი გოგიშვილი.

მეორე დღეს ლანჩხუთში გადასვლა გადავწყვიტე. მაინტერესებდა, რა ხდებოდა სხვა მუნიციპალიტეტებში. რომ ჩავედი, საღამოვდებოდა. სოფლის მოსახლეობა ბირჟაზე სასაუბროდ შეკრებილიყო. მოსავლის აღების ამბებს განიხილავდნენ. მცირე ფერმერმა გრიგოლ ბურძგლამ თავის ფერმაში მიმიპატიჟა.
გრიგოლ ბურძგლა
"მეშინოდა, მთელი წლის შრომა წყალში არ ჩამყროდა, მაგრამ ახლა შვებით ამოვისუნთქე, კარგი მოსავალი ავიღე. ალბათ, იმიტომ, რომ შრომა არ დამიკლია, ნარგავები თებერვლის ბოლოს შევწამლე სპილენძის შემცველი პრეპარატით, მაისის დასაწყისში კი კომბინირებული წამლობა ჩავატარეთ როგორც აზიური ფაროსანას, ისე სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ. წამლობებს შორის შუალედი ორი კვირაა. სულ ექვსჯერ შევწამლეთ, აგრონომების ყველა რეკომენდაციისა და სტანდარტის დაცვით. შედეგიც შესაბამისია. თხილი გაფუჭებული არ არის. ყველა ფერმერს მოვუწოდებ, აქტიურად ჩაერთონ საკუთარი ფერმების შეწამვლა-დამუშავებაში".

სამსახურში დაბრუნებულმა მოგვიანებით გავარკვიე, რომ თხილის კარგი მოსავალი სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი შრომის შედეგია. რაც შეეხება სიმინდს, რომლის მოსავალსაც ახლა იღებენ, ყანების დიდი მასივები სახელმწიფომ შეწამლა, მცირე ფართობები და საკარმიდამო სივრცეები კი ფერმერებმა დაამუშავეს.
სიმინდის ყანების დიდი მასივები სახელმწიფომ შეწამლა, მცირე ფართობები და საკუთარი საკარმიდამო სივრცეები კი ფერმერებმა დაამუშავეს
საწყის ეტაპზევე ფაროსანასთან აქტიური ბრძოლით მავნებელს დიდ მასშტაბზე გავრცელების საშუალება აღარ მიეცა, რამაც კარგი მოსავლის მიღებას შეუწყო ხელი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარიული მდგომარეობა შეამოწმეს. კვლევები ერთობლივად მიმდინარეობდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში. ლაბორატორიული ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ თხილის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებებით (ფომოფსისი, კიბო, ნაცარი, ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ციტოსპოროზი, ვარდისფერი ობი, ფუზარიოზი) არის დაზიანებული.

სპეციალისტებმა ერთმანეთს შეადარეს შეუწამლავი და შეწამლული თხილის მოსავალი. კვლევის შედეგი ასეთია: თხილის ბაღებში, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს შემუშავებული ფენოკალენდარული სქემის მიხედვით შეწამლეს, მოსავლის 84% საღია, ფაროსანათი დაზიანებულია 3%, სოკოვანი დაავადებებით კი 9%. შეუწამლავ ბაღებში თხილის მხოლოდ 8%-ია საღი, 66% სოკოვანი დაავადებებით არის დაზიანებული, 6% კი ფაროსანას მიყენებული ზიანია. იმ ფერმერებმა, ვინც თხილის ბაღების შეწამვლისას სპეციალისტების რჩევები არ გაიზიარეს, მხოლოდ 22% საღი, 6% ფაროსანათი, 60% კი სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული თხილის მოსავალი მიიღეს. სპეციალისტების განცხადებით, თხილის ბაღებში დარღვეულია თხილის მოვლა-მოყვანისა და სხვლა-ფორმირების წესებიც.

საბოლოო დასკვნა მაინც დამაიმედებელი აღმოჩნდა. თხილის მოსავალი შარშანდელთან შედარებით უკეთესია და გაისად გაუმჯობესებულს ელოდებიან, ეს კი იმის შედეგია, რომ ფერმერებმა გააცნობიერეს, რა მნიშვნელობა აქვს თხილის დაავადებებთან ბრძოლაში, სახელმწიფოსთან ერთად, თითოეული მათგანის მონაწილეობას.

ნანა მღებრიშვილი
re
06 ოქტომბერი 2018 17:12
თუარგრცხვენიათ!!! რამოიგეთ?? მოიგეთკიარა გაამრავლეტ უფრო მეტია ვიდრე იყო!! იმერეთში სამტრედისს და ვანის რაიონებში მერაცვიცი და რასაც ჩემითვალით ვხედავ ხალხი დატანჯულია ვერიძინებენ იმდენია ოთახებში!!! ტყემალი კაკალი თხილი ხურმა ორნაბი ვაშლი მსხალი მოსპო საერთოდ!!! გაფუჭებულია მთელი მოსავალი!!!!
ლევანი
23 სექტემბერი 2018 06:53
ურცხვი სიცრუეა...

რედაქტორის რჩევით