ორეგანო თავშავას ევროპელი "ტყუპისცალი" - კვირის პალიტრა

ორეგანო თავშავას ევროპელი "ტყუპისცალი"

შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სანელებელ ორეგანოს ჩვენებურად თავშავა ჰქვია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამ მცენარეს სხვადასხვა სახელს ეძახიან: შავბალახა, თავყვავილა, ლეილაღა, მარმიჭი, ისხანი, მოხევურად ის ოსური ჩაია, ზემორაჭაში კი ჩაის პიტნას ეძახიან. თავშავა ცნობილია როგორც საუკეთესო სამკურნალო მცენარე. გვესაუბრება ნატო კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი.

ნატო კაკაბაძე:

- ორეგანო, იგივე თავშავა, სურნელოვანი, სასიამოვნო არომატის მქონე მცენარეა. ის ტუჩოსანთა ოჯახს მიეკუთვნება. მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეს იისფერი ყვავილები ამშვენებს სასიამოვნო არომატითა და ოდნავ მომჟავო-მოტკბო გემოთი. ორეგანო საქართველოში ყოველთვის ხარობდა, მაგრამ როგორც სანელებელი, ბოლო ხანებში გახდა ცნობილი. ის ფართოდ არის გავრცელებული ხმელთაშუა ზღვისპირეთში, კავკასიასა და რუსეთში. ორეგანოს ვრცელი პლანტაციები გვხვდება იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, მექსიკაში, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში. ყველაზე მეტი პოპულარობით მაინც იტალიაში სარგებლობს. თავშავა შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინების კომპლექსსა და მაკროელემენტებს: თუთიას, რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმს, ნატრიუმს, სპილენძს და სხვ.

- რა განაპირობებს ამ მცენარისგან დამზადებული სანელებლის სასიამოვნო, პიკანტურ გემოს? - უპირველესად ადგილმდებარეობა - როგორია ნიადაგი და კლიმატური პირობები. შესაძლოა ერთი სახეობის მცენარე სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს როგორც გემოთი, ისე არომატით. ყველაზე მძაფრი არომატის მქონე ორეგანო იტალიაში იზრდება. ამ მცენარის სანელებელი იტალიური სამზარეულოს განუყოფელი ინგრედიენტია. ორეგანო ძალიან კარგად ეხამება სხვა სანელებლებს - შავ პილპილს, რეჰანს, როზმარინს, ქონდარს.

ორეგანოს ფოთლები და ყვავილები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ნედლად, ასევე ხმელიც. განსაკუთრებით კარგია ეს სანელებელი ბოსტნეულის სალათების, სოკოს, კარტოფილის, სუპების, საწებლების, ძეხვეულის, ხორცისა და თევზეულის კერძების მოსამზადებლად.

- როგორ უნდა მოვაშენოთ? - ორეგანოს კულტივირება ღია სივრცეში - ღია გრუნტში შეიძლება. კარგია მისი ჩითილის მეთოდით გახარებაც და თესლით კულტივირებაც. თესვა უნდა დაიწყოს მარტის დასაწყისში. აუცილებელია ნიადაგის დამუშავება დაახლოებით 24-25 სმ სიღრმეზე, შემდეგ კი ორგანული თუ მინერალური სასუქების შეტანა, იმის მიხედვით, თუ რას საჭიროებს ნიადაგი. ადრე გაზაფხულზე უნდა დავიწყოთ ნიადაგის ფარცხვა, კულტივაცია და თესვა. ორეგანოს მწკრივებს შორის მანძილი 30 სმ უნდა იყოს, ხოლო მწკრივში მცენარეებს შორის - 20 სმ. როცა მცენარე 2 ფოთოლს განივითარებს, საჭიროა ნერგების გამეჩხრება და გამოხშირვა. ორეგანო გვალვაგამძლე მცენარეა, მაგრამ როცა ნიადაგი გამომშრალია, სასურველია მისი მორწყვა. რაც შეეხება მოსავლის აღებას, იწყება მაშინ, როცა მცენარის სიმაღლე 25-30 სანტიმეტრს მიაღწევს. ორეგანოს ღეროები მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 2 სმ სიმაღლეზე უნდა მოიჭრას, ხოლო ის ფესვები, რომლებიც ნიადაგზე რჩება, აუცილებლად უნდა დაიმულჩოს. ახალი ნერგი 3-4 წელიწადში ერთხელ უნდა დავრგოთ, ვინაიდან ორეგანოს მცენარე ხევდება.

- როგორ გამოიყურება მცენარე? - ბუჩქი 15-დან 60 სმ-მდე სიმაღლისაა. აქვს სწორმდგომი ღერო და კვერცხის ფორმის ფოთლები, რომელთა ბოლოები წაწვეტებულია. ყვავილობს ივლის-აგვისტოში. მისი ყვავილები ფერს იცვლის თეთრიდან მოყვითალო-მოწითალომდე.

- ორეგანოს მოსავლის აღებისას თუ არის საჭირო რამე წესების დაცვა? - მცენარეს მანამდე ჭრიან, სანამ მზის სხივები მოხვდება. მიზეზი მარტივია: მზე იმ ზეთის აორთქლებას იწვევს, რომელიც ორეგანოს არომატს აძლევს. რაც შეეხება ორეგანოს გაშრობას, ეს უნდა გაკეთდეს ბნელ ოთახში, სადაც კარგი ვენტილაციაა. გამშრალი მასა აუცილებლად უნდა მოთავსდეს ჰერმეტულად დახურულ, ბნელ ადგილას. ასე შენახული ორეგანო დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში ინარჩუნებს საუკეთესო თვისებებს.

ორეგანოს თესლში ყველაზე დიდი რაოდენობით არის ცხიმოვანი ზეთები. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი და ნაღველმდენი ეფექტი, კარგია კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ და ა.შ.

- საქართველოს რომელ რეგიონებში ხარობს ორეგანო? - თითქმის ყველა რეგიონში, განსაკუთრებით კი რაჭაში, იმერეთსა და სამეგრელოში. უფრო მეტად, გვალვიან ადგილებში.

ხათუნა ჩიგოგიძე