"ბარაქა, აბაშელებო!" - კვირის პალიტრა

"ბარაქა, აბაშელებო!"

"შარშანდელთან შედარებით, წელს 95%-ით უკეთესი მოსავალი მივიღეთ ჩვენც და ჩვენმა მეზობლებმაც"

აბაშაში სიმინდის მოსავალს იღებენ და, როგორც ამბობენ, ისეთი პირი უჩანს, რომ სახელგანთქმული აბაშის მჭადი დეფიციტი აღარ იქნება. ჩვენ სოფელ ტყვიევში მიმინოშვილებს ანჯელის მასივებში მდებარე ყანაში, მოსავლის აღებისას ვეწვიეთ და სიმინდის აღება-დაბინავებაშიც შევიტანეთ მცირე წვლილი.

"ბარაქა, აბაშელებო!" - ამ სიტყვებით წამოვიწყეთ დიალოგი. "გაიხარეთ, შვილო", - ღიმილით გვპასუხობს ოჯახის დიასახლისი, ქალბატონი აზა. გახარებული ჩანს, ამბობს, შარშანდლისგან განსხვავებით, წლევანდელ მოსავალს ფაროსანამ ვერაფერი დააკლოო. წელს 95%-ით უკეთესი მოსავალი მივიღეთ ჩვენც და ჩვენმა მეზობლებმაო, ადასტურებს მისი ვაჟი ლაშა.

საბჭოეთის დროინდელი ლოზუნგი "აბაშა საქართველოს ბეღელია" კვლავ ძალაშია.

მიმინოშვილების ყანა 1 ჰექტარზეა გაშლილი, სადაც გაიხედავ, ყველა მხარეს ჩალის გროვაა აყუდებული. ირგვლივ სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. გაკრეჭილ ტაროებს მზე ოქროსფრად დასთამაშებს. ჩვენ მასპინძლებთან ერთად ფუჩეჩისაგან ვარჩევთ სიმინდს, გოდრებში ვყრით, თან ვმუსაიფობთ:

აზა: - ღმერთმა დალოცოს ჩვენი კუთხე. წელს ძალიან კარგი მოსავალი გვაქვს.

ლაშა: - არც ერთი ტარო არ გაფუჭებულა. ჩემს ყანაშიც ასეა, აქეთაც, იქითაც, ყველა მასივში. მოსავალმა გაამართლა, შეწამვლამ და ამინდმაც ხელი შეგვიწყო. ჩვენ 1 ჰექტარზე გვაქვს დათესილი სიმინდი და ვფიქრობ, 7 ტონაზე ნაკლებს არ მოვიწევთ. შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესი მოსავალი გვაქვს.

აზა: - შარშან მოწეული სიმინდის ნახევარზე მეტი დამპალი იყო, ვერც ძროხას ვაჭამე, ვერც ქათმებს.

- რამდენს მოიწევთ თვალით ხვდებით თუ როგორ ითვლით? ლაშა: - შარშან 1 ჰექტარზე 165 გოდორი სიმინდი ავიღე, იქიდან მხოლოდ 34 იყო საღი, დანარჩენი დამპალი. ჩალის გროვას რომ დავდგამთ, ჩანგალას ვეძახით ჩვენებურად. ახლა აქ 222 ჩანგალა დგას, თითოდან გოდორ-ნახევარზე მეტი ტარო ამოდის. ამ გათვლებით, სულ მცირე, 7 ტონა სიმინდს მაინც მოვიწევთ წელს.

- შარშანდელი ცუდი მოსავლის მიზეზი ფაროსანა იყო. წელს როგორ გაუმკლავდით ამ მავნებელს?

ლაშა: - მთავრობა დაგვეხმარა.

ამ ადგილებს ყოველ 10 დღეში ერთხელ წამლავდნენ ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატებით. მარტო რას გავხდებოდი? წამლები ძალიან ძვირი ღირს, მერე ტექნიკა უნდა იქირაო და კიდევ ათასი რამაა საჭირო. იმასაც ცოდნა უნდა, რა დროს ჯობს შეწამვლა, რომ ფაროსანა არ შემოვიდეს ყანაში. სხვა რაიონებში არ ვიცი, მაგრამ აბაშაში მართლა მაგრად იმუშავეს.

ტაროები ხომ საღია, ჩალაც ნახეთ როგორია, ერთი ფოთოლი არ გაფუჭებულა.

- ამ სიმინდს გაყიდით? - აბაშის მჭადი განთქმულია - ჩვენ საკვებად გვინდა. ამასთან, ქათმები, ინდაურები, 6 სული საქონელი გვყავს და სიმინდი ზამთარში იმათ გამოსაკვებად დაგვჭირდება.

აზა: - დიდი მადლობა ყველას, ვინც ხელი შეგვიწყო ასეთი საღი და უხვი მოსავლის აღებაში. მანქანის საბარგული მსხვილ-მსხვილი ტაროებით გაივსო. ჩვენი მოსვენების დროც დადგაო, ამბობს მასპინძელი, შინ გვეპატიჟება და დასძენს, ხვავი და ბარაქა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ოჯახებს და მოწეული მოსავალიც მშვიდობაში მოვიხმაროთო.

საქართველოს ბეღელი ივსება - აი, რატომ გვიყვარს შემოდგომა.

ეკა სალაღაია