"ესეც ხელოვნებაა და არანაკლები, ვიდრე ის, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურები" - ცნობილი ქართველი მსახიობის მეურნეობა
01-10-2018
"ესეც ხელოვნებაა და არანაკლები, ვიდრე ის, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურები" - ცნობილი ქართველი მსახიობის მეურნეობა
ფოტო:მსახიობი ეკა ნიჟარაძე
მსახიობი ეკა ნიჟარაძე შინ რომ უამრავ ლამაზ მცენარეს ახარებდა, ვიცოდით - მის გამოცდილებაზე ადრე "კვირის პალიტრაში" ვწერდით, მაგრამ სოფლად მიწასაც რომ არის შეჭიდებული, ჩვენთვის სიახლე აღმოჩნდა, ამიტომ ამჯერად მას არა ხელოვნებაზე, თეატრსა და როლებზე, არამედ სამეურნეო საქმიანობაზე ვესაუბრეთ.

შრომა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ საკუთარი ხელით მოჰყავს ჯანსაღი პროდუქტი და დიდი გეგმებიც აქვს.

ეკა ნიჟარაძე: - დავიწყებ იმით, რომ ესეც ხელოვნებაა და არანაკლები, ვიდრე ის, რასაც მთელი
ცხოვრება ვემსახურები. ამასაც დიდი შრომა და სიყვარული სჭირდება, ამ ყველაფრისგან კი ესთეტიკურ სიამოვნებას იღებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველი ნაყოფი ჩნდება. ვისაც ეს გამოუცდია, დამეთანხმება. ამ საქმეში ჯერ არ ვარ ისე ჩართული, როგორც მინდა, რადგან ეზო-კარი, რომელიც სამი წლის წინ ვიყიდე, ცოტა მოშორებითაა­, თბილისიდან საათ-ნახევრის სავალზე.
სახლიც ძველია და დიდხანს ვერ დარჩები. დასანგრევი და თავიდან ასაშენებელია, მაგრამ ბანკმა კრედიტი არ მომცა, ამიტომ გაბრაზებული ვარ. ახლის აშენება მინდოდა, იქაურობისთვის რომ მეტი ყურადღება მიმექცია.

- სად არის ეს სოფელი?
- თელავის რაიონში, სოფელი ართანა, კავკასიონის ძირშია, ალაზნის მეორე მხარეს. სოფელში მდინარე ჩამოდის, რომელიც ლოპოტის ტბაში ჩაედინება. საოცარი სილამაზეა და თითქმის ყველაფერი ხარობს... ეზოში უკვე ჩავყარეთ ზღაპრული ვენახი, რომელიც მოსავალს გაისად მოგვცემს. დავწურავთ ღვინოს, გამოვხდით ჭაჭას... ძველი რქაწითელიც დამხვდა, რომელზეც მითხრეს, ჯობია, გაჩეხოო, რადგან იქაურობა 14 წლის მიტოვებული იყო, თუმცა მეზობლები დამეხმარნენ, ვენახი მოვაწესრიგეთ და უკვე მეორე წელიწადია, ზღაპრული რქაწითელი მოდის. მიწის ფართობი სულ 2 ათასი კვმ-ია, ახალი ვენახი ათასზეა... 13 პლანია, 70-მდე ძირი... სახლს კი მაინც ავაშენებ, რადაც უნდა დამიჯდეს.

- ხეხილის ბაღისა და ვენახის გარდა, ბოსტანიც გქონია...
- რა თქმა უნდა. დარგული მქონდა ცუკინი, ყაბაყი (ჩასვლა დამაგვიანდა და გიგანტური ზომის დამხვდა), ლობიო, პამიდორი (ჩერი), მწვანილი... გაისად უკეთესი ბოსტანი მექნება, დიდი გეგმები მაქვს. ჩერის პამიდვრებს დიდი მოწონება ხვდა სოციალურ ქსელშიც, ასე ჩემი შვილებისა და შვილიშვილების ფოტოებს არ იწონებენ... თან უგემრიელესი იყო. მოსავლის ნაწილი უკვე ავიღე. მწიფდება უგემრიელესი ტყემალი და მასაც ვხარშავ. იქაურს ყველაფერს განსხვავებული გემო აქვს. რაც მთავარია, ჯანსაღი პროდუქტია, შეუწამლავი... ამაზე დიდი ბედნიერება, მგონი, არაფერია.

- მიწასთან შრომა როდის შეგიყვარდა?
- საქმე ის არის, რომ მე, ჩემს მშობლებს, ბებია-ბაბუებს არსად არაფერი - არც სოფელი, არც აგარაკი არ გვქონია. ზაფხულობით სახლებს ვქირაობდით და ისე ვისვენებდით, ამიტომ ყოველთვის ძალიან მინდოდა, მქონოდა სოფელი, მაგრამ არა წყნეთში, კოჯორში, არამედ - კახეთში. ბავშვობაში კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში ვისვენებდი, ზღაპრულ ადგილას. კამეჩის მაწვნით ვიზრდებოდით და ახალმოწველილ რძით. მოკლედ, წლების შემდეგ მინდოდა, საკუთარი გვქონოდა და როგორც კი მომენტი ჩაგვივარდა, ოცნება ავიხდინე.
სახლი შეიძლება კიდევ 10 წელიწადს ვერ ავაშენო, მიწას კი ვერ მოვაცდენ. ჩემი დარგული ხეხილი (ბალი, ალუჩა, ბროწეული, მსხალი, ვაშლი) ნელ-ნელა იზრდება.­ ყვავილებიც მოვაშენე. მარანიც გვაქვს... ისიც ძველია, მაგრამ მის გამართვასაც ვაპირებ.

- საკუთარი გამოცდილებით რას ურჩევ ჩვენს მკითხველებს?
- 25 წლის რომ ვიყო, კახეთში სიამოვნებით წავიდოდი კარგი მწვადის საჭმელად, თათარასა და ყურძენს მივირთმევდი და კმაყოფილი წამოვიდოდი. Aახლა კი მინდა, ეს ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთო. ვაპირებ, ყველის ამოყვანაც ვისწავლო. მინდა, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ჯანსაღი საკვები ჰქონდეთ - ისედაც ბევრი სიბინძურეა გარშემო. ვეცდები, ამისთვის ყველაფერი გავაკეთო. რაც შეეხება რჩევებს - ვის რა უნდა ვურჩიო, არც ვიცი, მაგრამ თუ რჩევაზე მიდგება საქმე, ვიტყვი - ვისაც უკვე აქვს სოფელი, აქვს მიწა, არ უნდა მიატოვოს, უნდა მიხედოს.


ლალი ფაცია
გავაზელი
09 ოქტომბერი 2018 11:52
წარმატებებს გისურვებ ამ ძალიან კარგ წამოწყებაში. სახლსაც ააშენებ, ყველის ამოყვანასაც ისწავლი და ბევრ სხვა საქმესაც, მტავარი მონდომებაა.
დადუ
08 ოქტომბერი 2018 06:36
მეც იგივე დავმართე თავს...შევაკეთეთ მეუღლის პაპისეული სახლ-კარი,დავრგეთ ყველაფერი რაც საჭიროდ ჩავთვალეთ,არც ყვავილები დაგვიწყებია და ასე გავატარებინეთ შვილიშვილებს ცხელი ზაფხული სუფთა ჰაერზე...საკუთარი ხელით დაკრეფილს არაფერი ჯობს.ისეთივე მონდომებით შევედით მოსავლის შექმნაში,როგორც ადგილობრივი მეზობლები..ეგაა რომ ჩვენ გამოუცდელები ვართ მაგრამ არაფერი ჯობს იმას რომ ოჯახი სუფთა პროდუქტით ვიკვებებით..წადით ხალხო სოფელი თუ გაქვთ და მიხედეთ..საკუთარ თავსაც უმასპინძლებთ და სხვასაც მოიმადლიერებთ..ჯანსაღი პროდუქტი ჩვენს ოჯახს-- ესაა უკვე ჩვენი დევიზი.
ციცი
07 ოქტომბერი 2018 16:42
მშვიდობაში მოახმარეს, ყოჩაღი გოგო ყოფილა, არ გავხარ ამ მარიაჟ უსაქმურ ახალ ქართველ ქალებს, თავისი შვილის მოვლა რომ ეზარებათ, ძიება რომ მიუყარეს და თვითონ საჭიროდ დარბიან. ქართველმა დედებმა სულ დაკარგეს ქალის სახე. მიხარია ეკა წამოწყება , გაიხარე შენს ლამაზ შვილებთან ერთად.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?