მოსავალი დაბინავებულია, ახლა მომავალი წლისთვის მზადების დროა...
მოსავალი დაბინავებულია, ახლა მომავალი წლისთვის მზადების დროა...
ალექსანდრე ქვილითაია: "წელს დროულად დავიწყე შეწამვლა. დაახლოებით 8-ჯერ შევწამლე და შედეგი შესამჩნევია - მოსავალი კარგია. მართალია, ხარჯი გაგვეზრდება, მაგრამ მოსავლის ხარისხით ორმაგად ვიხეირებთ"

ორი თვეც და, საქართველოში დაზამთრდება. სოფლებში გახურებული მუშაობაა, ზოგი ბაღ-ბოსტნებში ფუსფუსებს, შინ დარჩენილ ბებიებს ხილის ფერად-ფერადი ტყლაპები სარეცხივით გაუფენიათ თოკებზე, ჩურჩხელების ამოსავლებად თხილს ან კაკალს აცვამენ, ხილს ჩირავენ და მზეს უფიცხებენ. რა შეედრება შემოდგომას სოფლად! ამჯერად შუკა-შუკა, შარა-შარა გავუყევით გზას და გურიასა და სამეგრელოში ვიმოგზაურეთ.
თხილის მოსავალი
ორივეგან დაბინავებული დაგვხვდა. თუმცა ფერმერები კვლავ ბაღებში ფუსფუსებენ, მომავალი წლისთვის ამზადებენ ნარგავებს, გამოცდილებასაც იშველიებენ და სპეციალისტების რჩევებსაც ითვალისწინებენ, რათა უფრო მომზადებული, მობილიზებული იყვნენ მავნებლებსა და სხვა პარაზიტებთან გასამკლავებლად.

"წელს დროულად დავიწყე შეწამვლა. დაახლოებით 8-ჯერ შევწამლე ფაროსანასგან, ნაცრისგან, - მეუბნება ალექსანდრე ქვილითაია - ამისთვის სხვადასხვა პრეპარატი
შევიძინე სპეციალურ მაღაზიაში. შედეგი შესამჩნევია - მოსავალი კარგია. დროულად თუ შევწამლავთ მავნებლებისა და დაავადებებისგან დასაცავად, კარგ მოსავალს მივიღებთ. მართალია, ხარჯი გაგვეზრდება, მაგრამ მოსავლის ხარისხით ორმაგად ვიხეირებთ".

ნუნუ ქურასბედიანის თხილის ბაღები ორგან არის გადაშლილი: "აქ 0,5 ჰექტარი მაქვს, 1 ჰექტარი - დაბლა, ამბობს და წლევანდელ თავის შრომას აჯამებს, - რომელი ბაღიც დროულად შევწამლე, იქ კარგი მოსავალი ავიღე. წლევანდელი გამოცდილებით, მომავალი წლისთვის ნამდვილად ვფიქრობ, ყველა მონაკვეთი დროულად შევწამლო და მჯერა, მოსავალიც ბევრად უკეთესი მექნება".

თამაზ ბორჩხაძე უკმაყოფილოა, ცუდი მოსავალიაო, თუმცა მხოლოდ ფაროსანას არ თვლის ამის მიზეზად და გულახდილად ამბობს: "თუ სიმართლეს ვიტყვით, ნარგავები შეუწამლავი, დაუმუშავებელი დაგვრჩა. ნახეთ, ამაზე უარეს დღეშია იქითა ბაღის თხილის ნარგავები. ყველაფერი ნაგვიანევმა შეწამვლამ გამოიწვია. წელს დიდი გამოცდილება მიიღო ხალხმა - გამოცდილებასთან ერთად ზარალიც. ელოდნენ, ორ კაპიკს ავიღებ, თავს გავიტანო, მაგრამ... როგორც მე ვარ, ისეა სხვაც. მე წლევანდელ გამოცდილებას გავითვალისწინებ, ვინც არ გაითვალისწინებს, კარგად იყოს", - ასე მხოლოდ გურული თუ იტყვის.

მაია სალუქვაძის ბაღები 5 ჰექტარზეა გაშენებული: "წელს ყველა ფართობზე სხვადასხვანაირი მსხმოიარობა გვქონდა. ეს სათხილე 3-ჯერ შეიწამლა და შედეგი საშუალოზე უკეთესია. სადაც ერთხელ შეიწამლა, იქ საშუალოზე ნაკლები, სადაც სულ არ შეგვიწამლია, შედეგიც ნულია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითებები შეძლებისდაგვარად შევასრულეთ. შედეგი იმდენად თვალსაჩინოა, უკვე ვგეგმავთ მომავალი წლის სამუშაოებს. სპეციალური აპარატიც კი ვიყიდეთ, რათა გავუმკლავდეთ მავნებლებს".

ჯემალ ჩახაია, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარი აგრონომი: "ახლა მოსავალი თითქმის ყველგან აღებულია და ამთავითვე უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი წლისთვის.
პირველად ამონაყრები უნდა მოვაცილოთ თხილის ბუჩქებს, შემდეგ გავსხლათ და ერთმანეთისგან 5-6 სანტიმეტრით დაშორებული 5-6 დედატოტი დავტოვოთ, რადგან ჩახშირებულ ბუჩქში სინათლე, ჰაერი არათანაბრად აღწევს და ასეთ გარემოში მავნებლები თუ დაავადებები იოლად ვრცელდება და აზიანებს მცენარეს.

გასხვლისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერია. ნასხლავი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და დავწვათ. თუ მცენარე სოკოვანი დაავადებითაა დასნეულებული, მისი ფოთლები უნდა დაიწვას.
შემდეგი ღონისძიება პროფილაქტიკის მიზნით წამლების გამოყენებაა, ვთქვათ, სოკოვანი დაავადებების, ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ. ამ ღონისძიებებისთვის საუკეთესო პერიოდი შემოდგომაა - როცა ფოთლების 2/3 ჩამოცვენილია, ან გაზაფხული. მცენარეს სპილენძის 2%-იანი ხსნარით ვწამლავთ.
ჩვენთან მჟავე ნიადაგებია და თავდაპირველად აუცილებელია ანალიზით მჟავიანობის დადგენა. ამის მიხედვით უნდა გავანოყიეროთ ნიადაგი კირით.

ზოგიერთი კირს მცენარის გარშემო, წრეზე ყრის, რაც არასწორია. კირი მთლიან ფართობში უნდა მიმოიფანტოს, კარგი იქნება ნიადაგში, სასუქებთან ერთად თუ ჩაიხვნება კიდეც.

ნიადაგს ვამდიდრებთ აზოტით, ფოსფორითა და კალიუმით. განოყიერებისთვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბერი. ამ დროს ბაღებში სასუქის 1/3 შეგვაქვს, დანარჩენი 2/3 კი გაზაფხულზე.

თუ ნარგავებთან ჩადაბლებული ადგილები აღმოვაჩინეთ, მასთან გაზაფხულზე ან შემოდგომით აუცილებლად ვაკეთებთ დრენაჟს, რათა წყალი არ დაგროვდეს. წყალი თხილს ზომიერად სჭირდება, დიდი დოზით არ უყვარს.
კვებისა და წყალ-ჰაეროვანი ბალანსის თვალსაზრისით თუ ყველა სამუშაო მოვილიეთ და მჟავიანობაც დავარეგულირეთ, ვიწყებთ ბრძოლას მავნებლებთან, რომლებიც მცენარის ზედა ნაწილს უფრო ეტანებიან. ჩვენთან ფართოდ გავრცელდა ამროზიის ხოჭო, ესევა დედატოტს, რომელიც მეორე წელს ხმება. ამიტომ საჭიროა ამ მცენარის მთლიანად ამოჭრა, ტერიტორიიდან გატანა და დაწვა. თხილს ბევრი სხვა მავნებელიც ჰყავს. ფართოდ არის გავრცელებული კვირტის ტკიპა, რომელსაც დიდი ეკონომიკური ზარალის მოტანა შეუძლია ფერმერისთვის. მის გასანადგურებლად სპეციალური პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როცა კვირტი იბერება და ჯერ მხოლოდ 2-3 ფოთოლია გამოსული. ასევე ფეხი მოიკიდა ნაცარმა. ნაცროვანი დაავადებების წინააღმდეგ გოგირდის პრეპარატს ვიყენებთ. თუ დაავადება მასობრივია და ამ მეთოდით ვერ შევაკავეთ, მაშინ მაისში სისტემურ პრეპარატს მოვიხმართ. მაისის შუა რიცხვებიდან მცენარეს ბუგრები უჩნდება. თუ ბუგრი მრავლად არის, სპეციალურ პრეპარატებს ვიყენებთ. დაახლოებით ამავე პერიოდში გამოჩნდება ხოლმე მავნებელი აზიური ფაროსანა, რომელიც განსაკუთრებით თხილს აზიანებს. მისგან მოყენებული ზარალი ყველაზე დიდია. არიან სხვა მავნებლებიც, მაგალითად, ფოთლის რწყილი, რომელთა გასანადგურებლად ინსექტიციდებს ვიყენებთ.

ჩვენი სქემით წამლობა ტარდება 5-ჯერ, თუმცა მთავარია არა წამლობების რაოდენობა, არამედ დოზების დაცვა და დროულად და ხარისხიანად შეწამვლა. ყოველ 2-3 დღეში უნდა ვნახოთ, ჩვენს ბაღში რა მდგომარეობაა, რომელიმე დაავადებამ ან მავნებელმა ხომ არ იჩინა თავი. მაგალითად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ასეთი რამ შემოგვთავაზეს - დილით, მზის ამოსვლამდე, ნარგავებთან ვაფენთ თეთრ ტილოს ან ბრეზენტს. თხილის დედატოტს რამდენჯერმე დავბერტყავთ, 1 ან 2 ფაროსანაც თუ დაეცა, მაშასადამე, მცენარე დროულად უნდა შევწამლოთ.

მნიშვნელოვანია სარეველების ამოძირკვაც. აგროტექნიკური ღონისძიებანი ტარდება იმის გათვალისწინებით, ბაღი როგორია, რა ასაკის, ფერდობზეა გაშენებული თუ დაბლობზე. 2-3-ჯერ მაინც ნიადაგი აუცილებლად უნდა დამუშავდეს როგორც რიგში, ისე რიგთაშორის. შეიძლება ბალახი მწკრივებს შორის გაითიბოს, თუმცა მწკრივში აუცილებლად უნდა დამუშავდეს, გაითოხნოს. თუ მუშახელის დეფიციტია, ვიყენებთ კონტაქტურ პრეპარატებს.
მოსავლის აღების წინა პერიოდში თუ ბაღში არის ფაროსანა, მაშინ მოსავლის აღებამდე 15 დღით ადრე ვწამლავთ. ცხადია, მოსავლის აღების წინ პლანტაცია უნდა გასუფთავდეს. მოსავალს რაც შეიძლება სწრაფად ვიღებთ, სწრაფად ვაცლით ჩენჩოს, შემდეგ საშრობში ვაშრობთ. დაბალი ტენიანობის დროს დაავადება თუკი არსებობს, ჩერდება. ასეთია თხილის მოვლისა და მოსავლის აღების ციკლი".
თხილის მოსავალი დაბინავდა და ახლა ციტრუსის მოსავალს ელიან.

ელეონორე ჩიქოვანი თავის ბაღს გვათვალიერებინებს: "შარშანდელთან შედარებით წელს ასხია, შარშანდელს კი ყველაფერთან ერთად კიდევ ის უბედურება დაემატა, რომ ზამთარი ძალიან ცუდი იყო, დაახმო, მოაჭკნო მცენარეები. წელს მანდარინის ნაყოფი საღია. სახელმწიფო პროგრამა მუშაობდა და ჩვენც ფეხდაფეხ მივდევთ მითითებებს".

ჩიქოვანებიდან წამოსული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში დავით ლესელიძის ბაღს ვესტუმრეთ. შარშან სიმწიფეში შესული ციტრუსი ფაროსანას გაუნადგურებია - ძირს ცვიოდაო. "წელსაც იგივე მდგომარეობაა, თუმცა, თუ შევწამლავთ, შედეგს ნამდვილად მივიღებთ. ნახევარ ჰექტარზე მაქვს გაშენებული ციტრუსი, მხოლოდ ერთხელ შევწამლე და ძალიან კარგი ნაყოფი გამოიღო. ფაროსანა ძირს ჩამოცვივდა. კიდევ უნდა შეწამვლა, ოღონდ დაახლოებით 30 დღის შემდეგ".

გურიასა და სამეგრელოში ფერმერებმა ფაროსანასთან გამკლავება ისწავლეს. თუ ასე გაგრძელდა, მავნებლებს ჩვენთან არ დაედგომებათო, ხუმრობენ კიდეც. უხვი მოსავლით გახარებულებს, უკეთესი მოსავლის მიღების იმედით ვტოვებთ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?