თუ ცხოველი დაინფიცირებულია... - კვირის პალიტრა

თუ ცხოველი დაინფიცირებულია...

ლაშა ავალიანი: "დაავადების თავიდან ასაცილებლად მუდმივი კავშირი უნდა გვქონდეს ვეტერინართან. თუ ამა თუ იმ დაავადების რამე ნიშანს აღმოაჩენენ, პირუტყვს დროულად უნდა მიხედონ"

ცხოველიდან ადამიანზე გადამდებ დაავადებებს ზოონოზები ეწოდება. ამ კატეგორიას მიეკუთვნება, მაგალითად, ბრუცელოზი და ჯილეხი. ადამიანსა და ცხოველს დაავადებათა უმეტესობა საერთო აქვთ, შესაბამისად, ცხოველთან კონტაქტით ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია. გვესაუბრება ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის სამსახურის უფროსი.

- დადგენილია, რომ ამ გადამდები დაავადებების 70% ცხოველური წარმოშობისაა. ჩამონათვალი ვრცელია, თუმცა გამოვყოფ რამდენიმეს - ბრუცელოზი, ჯილეხი, ცოფი, ტუბერკულოზი და სხვა.

- ეს დაავადებები შეიძლება ნებისმიერ პირუტყვს დაემართოს? - თითოეული დაავადება ერთ ან რამდენიმე ცხოველს ემართება. მაგალითად, ბრუცელოზი ფართო სპექტრს აავადებს - მსხვილფეხა პირუტყვს, ღორს, გვხვდება ძაღლებშიც. არის დაავადებების ამორჩევითი სახეობები, რომლებითაც ადამიანი ხშირად ავადდება. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფერმის ცხოველების დაავადებები. ჯილეხითა და ბრუცელოზით დაავადებული მსხვილფეხა პირუტყვი ადამიანისთვის სახიფათოა, რადგან ორივე გადამდებია.

ინფიცირების ტიპი ავადმყოფობის სახეობიდან გამომდინარეობს. არის ვირუსული, ბაქტერიული თუ პარაზიტული დაავადებები.

ჯილეხი ნიადაგობრივი დაავადებაა, ანუ ცხოველები ავადდებიან ნიადაგში არსებული სპორით (ბაქტერიის ფორმა), რომელიც დაახლოებით ერთ საუკუნემდე ძლებს და იმ კერაში ძოვების დროს ცხოველი ავადდება. შედეგად შესაძლოა სიკვდილამდეც მივიდეს. ჯილეხით დაავადებული საქონელი ეცემა, ძლივს სუნთქავს და ზოგიერთი პატრონი, რომ არ იზარალოს, სასწრაფოდ კლავს და ხორცს საკვებად იყენებს, სამეზობლოში არიგებს ან ყიდის...

- რა შეიძლება ასეთმა ხორცმა გამოიწვიოს? - ჯილეხით დაავადების დიდი რისკი არსებობს უკვე მისი დაკვლა-დანაწევრება-მომზადებისას. ეს იწვევს კანის ადგილობრივ დაზიანებებს. თუ ძალიან მძიმე ფორმა არ არის, როგორც წესი, ადამიანს არ კლავს, თუმცა მძიმედ მიმდინარეობს - არის ადგილობრივი შესივებები და ანთება, დაზიანება, ხოლო თუ შინაგანი ფორმა განვითარდება, შესაძლოა ადამიანი დაიღუპოს კიდეც. ამიტომ საჭიროა ანტიბიოტიკური თერაპია მდგომარეობიდან დროულად გამოსასვლელად. ეს დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. პარალელს თუ გავავლებთ სხვა დაავადებასთან, ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარეობს.

როგორც წესი, პირუტყვს ბრუცელოზის არანაირი კლინიკური ნიშანი არ ეტყობა. ერთადერთი გამოხატული ნიშანი მაკეობის მოშლაა, რითაც ეჭვი შეიძლება შევიტანოთ, რომ ცხოველს ეს დაავადება აქვს. სწორედ მაკეობისას არის დიდი ალბათობა, რომ ის ბრუცელოზით დაავადდეს.

- ცხოველიდან ადამიანზე ბრუცელოზი როგორ გადადის?

- თუ ფერმაში დაინფიცირებული ცხოველია, მისი სადგომის დალაგებისას შესაძლოა დაავადდეს მომვლელი, იქაურობის დამლაგებელი. დაავადების დიდი შანსია ასეთი ცხოველების პროდუქტების მიღებისას - რძე, რძის პროდუქტები, ხორცი. ადამიანს შესაძლოა გამოაჩნდეს ციებ-ცხელება, სახსრების, თავის ტკივილი... ეს პერიოდული მოვლითი სიმპტომებია. საზოგადოდ, დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ამ დროსაც საჭიროა ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია. როგორც წესი, თუ ექიმები დროულად ჩაერევიან, პაციენტი გამოჯანმრთელდება. თუმცა ზოგჯერ მას მძიმე შედეგებიც მოაქვს, უშვილობას იწვევს.

- როგორც შევიტყვე, სახლის პირობებში ადუღებულ რძეში ბაქტერიები რჩება. რას გვეტყვით ამაზე? - თუ კომერციული ფერმაა და შედარებით დიდი რაოდენობით რძეს აწარმოებს, აუცილებლად პასტერიზატორი უნდა იყიდოს. ეს არის პატარა მანქანა, რომლის მეშვეობითაც პასტერიზაცია ხდება. რძე მხოლოდ 70 გრადუსზე ცხელდება და ყველანაირი მიკროფლორა, რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის, ნადგურდება. თუ რძის დამუშავება ოჯახურ პირობებში გვიწევს, ერთხელ წამოდუღება არ კმარა. რძე რომ არ გადმოვიდეს, ქურას მოვაშორებთ, მაგრამ შესაძლოა ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგანაც ამ შემთხვევაში სრულად არ მიიღწევა საჭირო ტემპერატურა. ამიტომ სასურველია, რძე მაღალყელიან ჭურჭელში ჩავასხათ და სამჯერ მაინც წამოვადუღოთ. მესამედ წამოდუღების შემდეგ რძე გაცილებით უსაფრთხოა.

ქარხანაში, სათანადოდ აღჭურვილ რძის პუნქტში, რძე პასტერიზაციის სრულ პროცესს გადის და მოხმარებისთვის უსაფრთხოა.

თუ რძის ან რძის პროდუქტების შეძენა სოფლიდან გვსურს, აუცილებელია ცხოველების გამოკვლევა, განსაკუთრებით ბრუცელოზზე, რისთვისაც სისხლის ანალიზი უნდა ავუღოთ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ცხოველს ბრუცელოზი არა აქვს, რადგან, ვიმეორებ, ეს დაავადება პირუტყვს დიდად არ ემჩნევა.

განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როცა პატარებისთვის ვყიდულობთ თხის ან ძროხის რძეს. მოსარიდებელია, თუკი არ ვიცით, ჯანსაღია თუ არა საქონელი.

- ხორცზეც გვითხარით... - მოქმედი კანონით, ნებისმიერი კატეგორიის საქონელი, რომელიც განსაზღვრულია გასაყიდად, მხოლოდ და მხოლოდ სასაკლაოზე უნდა დაიკლას. იქ მას სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი ამოწმებს დაკვლის წინაც და დაკვლის შემდგომაც, რაც ნებისმიერი ტიპის დაავადებას გამორიცხავს. გარე მოვაჭრესთან ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირდაპირ ქუჩაში შეძენილი ხორცის უვნებლობის გარანტი სახელმწიფო ვერ იქნება, რადგან უმეტესწილად ეს ცხოველი სასაკლაოზე არ არის დაკლული. იშვიათად ასეც ხდება - იციან, რომ ცხოველი დაავადებულია, ამიტომ სასაკლაოზე ვერ მიიყვანენ და შინ კლავენ, მერე კი მის გაყიდვას სადმე შედარებით იაფად ცდილობენ...

ბრუცელოზი ენდემური დაავადებაა, მრავალი წელიწადია გავრცელებულია საქართველოში და წლის განმავლობაში 200-მდე შემთხვევა მაინც აღირიცხება.

- ლეტალურად არ მთავრდება? - არა, ქრონიკულია. სურსათის ეროვნული სააგენტო ამ დაავადების საწინააღმდეგოდ უკვე მესამე წელიწადია აქტიურ ღონისძიებებს მიმართავს - მასობრივ გამოკვლევებს, ვაქცინაციას ძვირად ღირებული ევროპული ვაქცინით, რომელიც ამ დაავადების პრევენციას ახდენს.

რაც შეეხება ჯილეხს, საუკუნის განმავლობაში ქვეყანაში მისი 2000-მდე კერაა აღნუსხული. ამ ზონებში პრევენციულ ვაქცინაციას მიმართავენ, რაც საქონელს ჯილეხისგან იცავს. ჯილეხი საგრძნობლად არის შემცირებული. სამწუხაროდ, ეს რისკი სულ იარსებებს, რადგანაც ტერიტორია ისეა დაბინძურებული, რომ მისი აღმოფხვრის საშუალება არ არსებობს.

- რა რეკომენდაციების გაცემა შეგიძლიათ? - სურსათის ეროვნული სააგენტო უფასოდ ატარებს პროფილაქტიკურ ვაქცინაციას. ამიტომ მოსახლეობა ყურადღებით უნდა იყოს, რომ ვეტერინარებს თავიანთი ცხოველები დაახვედრონ ვაქცინაციისთვის. ბრუცელოზზე აუცილებელია გამოკვლევა წელიწადში ორჯერ, რათა დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ პირუტყვისგან მიღებული პროდუქცია უსაფრთხოა. დაავადების თავიდან ასაცილებლად მუდმივი კავშირი უნდა გვქონდეს ვეტერინართან. თუ ამა თუ იმ დაავადების რამე ნიშანს აღმოაჩენენ, პირუტყვს დროულად უნდა მიხედონ.

არ დაიზაროთ პრევენცია!

ბრუცელოზით დაავადებას იწვევს ბაქტერია, რომელიც დაავადებული ცხოველიდან შესაძლოა ადამიანში მოხვდეს:

თერმულად დაუმუშავებელი (არაპასტერიზებული, აუდუღარი რძე) რძის და რძის პროდუქტების მიღებისას (ყველი, რძე და სხვ.);

მოგების დროს საქონლის შიშველი ხელებით მიხმარებისას;

საქონლის მოწველისას;

დაავადებული ცხოველის სადგომის დასუფთავებისას.

ბრუცელოზით დაავადებული ცხოველისგან წარმოებული პროდუქტით - რძე, ყველი, მაწონი და ა.შ. საფრთხეს უქმნით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. არ დაიზაროთ პრევენცია! იქონიეთ მუდმივი კავშირი ვეტერინართან და ჩაერთეთ საქონლის იდენტიფიკაციის უფასო სისტემაში.

ბრუცელოზით დაავადებულ ადამიანებს აღენიშნებათ:

ცხელება, ზოგადი სისუსტე;

ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;

სახსრების, კუნთებისა და თავის ტკივილი;

მადის დაქვეითება, წონაში დაკლება;

დეპრესია, უძილობა.

ბრუცელოზი მამაკაცებში იწვევს უშვილობას!

როგორ დავიცვათ თავი ბრუცელოზისგან:

დაუმაგრეთ საქონელს საყურე ნიშნები, რათა ჩართოთ ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემაში, და გაუკეთეთ აცრა;

ნუ მიიღებთ აუდუღარი (თერმულად დაუმუშავებელი) რძისგან დამზადებულ პროდუქტებს;

მოგებისას ცხოველი იყოლიეთ სხვა ცხოველებისგან იზოლირებულად;

დაავადებული ცხოველები მოაცილეთ ნახირს;

საქონლის გართულებული მოგების შემთხვევაში მიმართეთ ვეტერინარს.

ჯილეხი (ციმბირული წყლული) მისი გადადების გზები და პრევენცია

ჯილეხი ცხოველიდან ადამიანზე გადამდები ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. განსაკუთრებით აქტიურია წელიწადის თბილ დროს, როცა ცხოველს დაავადება შესაძლოა დაინფიცირებულ საძოვარზე ძოვებისას გადაედოს. ჯილეხით დაავადებული ცხოველი ხშირად რამდენიმე საათში ან დღეში კვდება!

ჯილეხით დაავადებას იწვევს ბაქტერია, რომელიც დაავადებული ცხოველისგან ადამიანში შესაძლოა მოხვდეს: დაავადებული გარემოდან (მიწა, წყალი), დაავადებული ცხოველის მოვლითა და დაკვლით;

ჯილეხით ადამიანი ავადდება ასევე დაავადებული ცხოველის პროდუქტების მიღებით (ხორცი, რძე, ყველი).

გახსოვდეთ:

ჯილეხის ბაქტერიას ნიადაგში შეუძლია 100 წელზე მეტიც კი გაძლოს. ცხოველის დაკვლა ოჯახურ პირობებში დაუშვებელია!

ჯილეხით დაავადებულ ცხოველს აღენიშნება:

მადის დაკარგვა;

ქოშინი;

კუჭის აშლილობა;

მაღალი ტემპერატურა.

ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში ჯილეხის უმთავრესი განმასხვავებელი ნიშნებია:

ქაფნარევი გამონადენი პირიდან და სხვა ბუნებრივი ხვრელებიდან;

შეუდედებელი მუქი ფერის სისხლი;

ლეშის გაბერვა.

ამგვარი სიმპტომების არსებობისას მოერიდეთ ცხოველთან ყოველგვარ შეხებას, მოახდინეთ ცხოველის იზოლირება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს.

გახსოვდეთ:

ჯილეხისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა ცხოველის ვაქცინაცია. ჩაუტარეთ ცხოველს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული უფასო აცრები და იყავით დაცული!!!

ლალი ფაცია