ჩვენი სუფთა და ჯანსაღი ლობიო - კვირის პალიტრა

ჩვენი სუფთა და ჯანსაღი ლობიო

"ჩვენი ლობიოს პარკი, მართალია, 10 სანტიმეტრამდე სიგრძისაა, მაგრამ ის უფრო წვრილი და თხელია, ვიდრე დღევანდელ ბაზარზე გამოტანილი ლობიოს პარკი, მარცვლები კი

მოსტაფილოსფრო-მოხაკისფროა"

ლობიოს კულტურა არა მხოლოდ ჩვენშია პოპულარული - მაღალი კვებითი ღირებულებების ეს პარკოსანი მრავალი ხალხის მენიუშია შეტანილი. შესაბამისად, ლობიოს სელექციაც ბევრ ქვეყანაში ხდება, ჩვენთან კი ამ კულტურის სელექცია, სხვა დანარჩენი კულტურების მსგავსად, შეჩერდა; გაქრა ან გაქრობის პირას მივიდა ლობიოს უძველესი, ადგილობრივი ქართული ჯიშებიც. ლობიოს ჯიშების გამოყვანითა და სელექციით ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-საკვლევი ცენტრია დაკავებული. ამ საკითხზე ნანა ვაჩეიშვილი მუშაობს, მისი რამდენიმეწლიანი გარჯით სელექციის გზით ლობიოს რამდენიმე ჯიშია მიღებული და დარეგისტრირებული.

- ჯერ იმ ჯიშების მოძიება იყო საჭირო, რომლებიც ოდითგან გვქონდა, მერე კი სელექციის გზით მათგან ახალი ჯიშის გამოყვანა. მოვიარეთ გურია, სამეგრელო, რაჭა, სვანეთი და, რასაკვირველია, თიანეთი, რომელიც ლობიოს მოსავლით არის განთქმული. ყველა ოჯახში გვეუბნებოდნენ, ეს ლობიო უფროსი თაობისგან დაგვრჩა და ვუფრთხილდებითო. ასე შევაგროვეთ ლობიოს 164 სახეობა-ჯიში, რომელთა დიდი ნაწილი სათესლე ბანკში დავაბინავეთ და მათ გამოყვანაზე მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება, ნაწილის კი, მათ შორის, გემური თვისებებით საუკეთესოების გადარჩევას, სელექციის გზით შევუდექით. ეს მრავალწლიანი პროცესია. სოფლებში მოპოვებული თესლიდან ზოგჯერ სულ სხვადასხვა თვისების მარცვალი ამოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ჩვენთვის მისაღებ პარკებს ვკრეფდით, ვინახავდით და შემდგომ კვლავ ვთესავდით - სანამ, ბოლოს და ბოლოს, სასურველი ჯიში არ მივიღეთ. ასე გამოვიყვანეთ ლობიოს ჯიშები "კუტი საპარკე", "მოსავლიანი", "საპარკე" და "წილკანი"...

- რა არის ამ ჯიშების მთავარი მახასიათებელი? - ისინი, ძირითადად, საპარკე ჯიშებია, იძლევა საუკეთესო მწვანე ლობიოს, რომელიც უამრავ კერძში გამოიყენება და გემრიელია, მის სასარგებლო თვისებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ, თუკი ამ ლობიოს პარკად გამოყენება არ გვინდა და ვახმობთ, მისი გემური თვისებები არც ამ შემთხვევაში დაკნინდება. ამ ჯიშების თითო ყუნწი 8-იდან 12-მდე პარკს ისხამს.

მინდა რამდენიმე სიტყვა შეფერილობაზეც ვთქვა - ჩვენი ლობიოს პარკი, მართალია, 10 სანტიმეტრამდე სიგრძისაა, მაგრამ ის უფრო წვრილი და თხელია, ვიდრე დღევანდელ ბაზარზე გამოტანილი ლობიოს პარკი, მარცვლები კი მოსტაფილოსფრო-მოხაკისფროა.

- ლობიოს ჯიშები მიიღება შეჯვარების გზითაც. - ლობიო, სხვა პარკოსანი კულტურებისგან განსხვავებით, ძნელად შესაჯვარებელია, რადგან ის თვითდამტვერვადი მცენარეა და ყვავილშივე მანამდე იმტვერება, სანამ გაიშლება. ამას ის ბუტკოსა და 9 მტვრიანას საშუალებით ახერხებს, რომლებიც პირდაპირ ბუტკოზეა მიწებებული. ხელოვნური დამტვერვისას, ხელსაყრელი ამინდის დროს, ყვავილი ხელით უნდა გახსნა, მტვრიანები ამოაცალო და სხვა ჯიშის ლობიოდან ბამბით აღებული მტვერი მას ამ ბამბითვე უნდა წაუსვა ბუტკოზე, რაც ან გამოგივა, ან არა - მტვრიანების მოშორების დროს ლობიოს ყვავილი შეიძლება ისე დააზიანო, რომ გახმეს და ჩამოცვივდეს. ამდენად, ამ საქმეს რამდენიმე მეცნიერი და რესურსები სჭირდება. იმედია, ცენტრში ახალგაზრდა სპეციალისტები გამოჩნდებიან, რომელთაც ამ საქმეს შევასწავლი და ლობიოს ახალი ჯიშების მიღებას მისი ხელოვნური შეჯვარებით შეძლებენ.

- ზოგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რა საჭიროა ამდენი შრომა, როცა მსოფლიოში მრავალი ჯიშია გამოყვანილი, რომლებიც გარემო პირობებსაც მოერგება და კარგი მოსავლიანობაც ექნება?

- საკუთარი სივრცისა და საკვების გადარჩენას ცხოველებიც კი ცდილობენ, რადგან ისინი სწორედ ამ სივრცეში, ამ საკვებით გრძნობენ თავს საუკეთესოდ და მოაზროვნე ადამიანებმა რატომ არ უნდა გადავარჩინოთ? ჩვენი, ადგილობრივი ლობიოც სწორედ ასეთი საკვებია ჩვენთვის, რომლის სარგებლიანობა დიდი ხანია დამტკიცდა. არსებობს სხვა ფაქტორიც. ამბობენ, რომ არავის დაუმტკიცებია გენმოდიფიცირებული პროდუქტების მავნებლობა, მაგრამ არც მათი უვნებლობა დაუმტკიცებია ვინმეს. ამიტომ ხალხი სუფთა პროდუქტებში უამრავ ფულს იხდის. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენი სუფთა და ჯანსაღი ლობიო რატომ არ უნდა გადავარჩინოთ?! არ გვირჩევნია, ჩვენი ლობიო შევინარჩუნოთ და ამით საკუთარი ჯანმრთელობაც?!