ნუში "დალოცვილი" ბაღებიდან - კვირის პალიტრა

ნუში "დალოცვილი" ბაღებიდან

ლამაზყვავილოვანი და სასარგებლო ნუში ძველთაგანვე იყო ცნობილი საქართველოში და ცხოვრების ბევრ სფეროშიც იყენებდნენ. თუმცა, ალბათ არა ისეთი ინტენსივობით, როგორც დღეს. გარდა იმისა, რომ ნუში ადგილობრივ ბაზარზე ბოლომდე იყიდება, მასზე დიდი მოთხოვნაა ევროკავშირის ბაზარზეც. ამიტომ ნუშის ბაღების გაშენება აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე ფერმერმა გადაწყვიტა, - ნუში საუკეთესოდ სწორედ ქართლსა და კახეთში ხარობს. მცენარეს იმდენად ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს, რომ კარგად ეგუება ქვიან ნიადაგსაც. კასპში, სოფელ აღაიანის მკვიდრმა გივი გელხაურმა თხოთის მთის ძირას 10 ჰექტარი ნუშის ბაღი გააშენა და დღედაღამ უვლის.

- ნუშის ბაღი თხოთის მთის ძირას იმ ნიადაგზე გავაშენეთ, სადაც მის გარდა არც ერთი კულტურა არ იხარებს. მისი გაშენება ჩემმა ვაჟმა მოინდომა და ბაზრის შესწავლის შემდეგ დამარწმუნა, რომ ნუშს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს - ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის გაიყიდება. გარდა ამისა, მალფუჭებადი არ არის, რომ ვერ შეინახო და ბაზარზე საჭირო დროს ვერ გაიტანო. ასე რომ, ეს იდეა პროექტის "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაგვაფინანსეს. ბაღში წვეთოვანი სისტემა გავაკეთეთ, რისთვისაც 100 მეტრის სიღრმეზე გავბურღეთ მიწა. კიდევ კარგი, წყალი ამოვიდა. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ბაღის გაშენებას აზრი არ ექნებოდა. სხვათა შორის, ჭაბურღილიდან წყალს დიდი სიცხეების დროსაც კი არ მოუკლია. ბაღს 4-5 დღეში ერთხელ ვრწყავთ, რისთვისაც 200 ტონა წყალი სჭირდება. სხვათა შორის, თხოთის მთა ის წმინდა მთაა, სადაც მირიან მეფემ ქრისტიანობის მიღება გადაწყვიტა და პირველი ტაძარი ააშენა. ასე რომ, ნუში, როგორც იტყვიან, დალოცვილ ადგილას გვაქვს გაშენებული.

- რა ჯიშის ნუში გააშენეთ? - კულტურული ნუშია. მართალია, ჩვენი ნუში ძალიან გემრიელია, მაგრამ მისი საბაღედ გაშენება არ გამოვა, რადგან ნაჭუჭი სქელი აქვს, რის გამოც გამოსავლიანობა მხოლოდ 40%-მდეა; ჩვენ კულტურული ნუში დავრგეთ, რომლის გამოსავლიანობა დაახლოებით 70%-ია.

- ნერგებმა ადვილად გაიხარა? - საუკეთესოდ. 3220 ძირი დავრგეთ და ყველამ გაიხარა. თუმცაღა შარშან გაზაფხულზე დიდი ყინვები იყო და 400 ძირამდე წაიყინა. წლეულს დაზიანებული ძირები ამოვიღეთ და ახალი ჩავრგეთ. ეს ძირები მოსავალს ერთი წლით გვიან მოისხამს. ბაღი კი უკვე გაისად გამოიღებს ნაყოფს. იმედი მაქვს, კარგი მოსავალი მოგვივა. ამისთვის ბაღს სულ თავს დავტრიალებ, ღამითაც კი იქ ვარ. მორწყვა ხომ არ მომიკლია, მაგრამ შეწამვლაც ხშირად უნდა. ნუშის ბაღი წელიწადში 6-7-ჯერ იწამლება. ისედაც ბევრი მავნებელი ჰყავს და ახლა უკვე ფაროსანაც შევნიშე. გვარიანად შევშფოთდი, თუმცა, წამალი ამასაც აქვს, პირველ რიგში კვირტის გამოსვლამდე უნდა შეწამლო, რათა იქ სიდამპლის სოკო არ შეიტანოს ფაროსანამ. ამჟამად ბაღს მინდვრის თაგვებზე შეწამვლა სჭირდება, ძალიან მომრავლდნენ.

- ევროკავშირის ბაზარზე გატანა ჯერჯერობით დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ჭარბი მოსავალი გაგეყიდებათ? - მე მაინც მგონია, რომ ჩვენს ნუშს ევროკავშირი მიიღებს, თუმცა, მასზე მოთხოვნა ყველგან დიდია, განსაკუთრებით უკრაინასა და ყაზახეთში. ასე რომ, ოღონდ მოსავალი იყოს, ყველაფერს გავუძღვებით.