მესხური ტერასების პირველი რთველი 400 წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

მესხური ტერასების პირველი რთველი 400 წლის შემდეგ

"ტერასები 12 ჰექტარზეა გაშლილი, ხოლო ვაზი ჯერჯერობით 8 ჰექტარზე გავაშენეთ"

ვაზისა და ღვინის სამშობლოში, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ყურძნის უამრავი ჯიში დაკარგულად ითვლება. კოლექციონერმა მ წლების წინ მესხური ვაზის ჯიშების შეგროვება და ოთხი საუკუნის წინ ჩამოქცეული ტერასების აღდგენა დაიწყო. დიდი ძალისხმევის შედეგად წლეულს პირველი რთველი გამართა და მოსავლის მაღალი ხარისხითაც კმაყოფილია.

- მოსავლის აღებას წინ დიდი შრომა უძღოდა, იყო ბევრი სირთულე, მათ შორის - მკაცრი ზამთარი და გაზაფხულზე მოყინვის საშიშროება. ჩვენ გვაქვს კლიმატური სადგური და ტემპერატურის ცვალებადობას მუდმივად ვაკვირდები. ვაზი ჯერ ორი წლის არის. მოსავლის აღებამდე ვაკვირდებოდი, ზამთარში ნერგები სათითაოდ შევფუთე, რომ ყინვას არ დაეზიანებინა. ექსპერიმენტიც ჩავატარე - რამდენიმე ნერგი შეუფუთავი დავტოვე და მათგან მოსავალი ვერც მივიღეთ.

ამ რეგიონში არასოდეს ყოფილა ვაზის შაქრიანობა 18-ზე ან 19-ზე მაღალი, ჩვენს ტერასებზე კი 25-მდეც კი მიაღწია, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამ მხარის მონაცემებთან შედარებით, 30-40%-ით უკეთესი ხარისხის მოსავალი მივიღეთ.

- ძნელი იქნებოდა საუკუნეთა წინ დაკარგული ჯიშების პოვნა. - ყურძნის ჯიშები მესხეთის რეგიონში მე-16 საუკუნიდან იკარგება, როცა ოსმალებმა დაიპყრეს ჩვენი კუთხე. 1595 წელს შედგენილ გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში აღწერილი იყო 1100-ზე მეტი მეღვინეობითა და მევენახეობით სახელგანთქმული სოფელი. ისინი შემოსევების შედეგად განადგურდა და მესხეთში მეღვინეობის ტრადიციაც დაიკარგა.

მესხური ვაზის ჯიშების შეგროვება 10-15 წლის წინ დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში გაბნეული უამრავი ჯიში ვიპოვეთ და როცა ჯერი მათ დახარისხებაზე, სახელების დარქმევაზე მიდგა, გაგვიჭირდა. ბევრი ჯიშის სახელი, მიუხედავად იმისა, რომ ხალხში არსებობს თქმულებები, ასევე ისტორიული ჩანაწერები, გარკვეული მაინც არ არის.

რეგიონში ყველაზე მეტად გავრცელებულია ჰიბრიდული ჯიშები, ამიტომ ბევრი შრომა დაგვჭირდა, რომ გვეპოვა კულტურული ჯიშები, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესოა მესხური მწვანე, ხარისთვალა თეთრი, ხარისთვალა წითელი, ჩიტისკვერცხა, ჩიტისთვალა, თეთრი და წითელი ცხენის ძუძუ; არის კიდევ სამარიობო - უნიკალური სახეობა, რომელიც 28 აგვისტოს ანუ მარიამობას მზად არის დასაკრეფად. მისი სახელიც აქედან მოდის.

გვაქვს თამარის ვაზი, რომლის ზუსტი სახელწოდებაც არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ თამარ მეფის საყვარელი სახეობა ყოფილა. თურქეთის საზღვართან მისი რამდენიმე ნერგი ვიპოვეთ, ჩამოვიტანეთ, გავამრავლეთ და მალე ათასობით ნერგი გვექნება.

ერთი ჯიში ისეთ ადგილას აღმოვაჩინე, სადაც არც სოფელი იყო, არც - ნასახლარი, შესაბამისად, მის შესახებ არაფერი ვიცოდით, მაგრამ მისგან დაყენებული ღვინო არაჩვეულებრივი აღმოჩნდა, ამიტომ ვერ გავიმეტე უსახელოდ დარჩენისთვის, საკუთარ თავზე ავიღე და ნათენაძის თეთრი დავარქვი. სხვა ჯიშებს კი, რომელთა სახელები არ ვიცით, პირობითად დავარქვი უცნობი 1, უცნობი 2 და ა.შ.

- საყოველთაოდ ცნობილია, მაგალითად, კახური ღვინის ღირსებები. მესხური ღვინო როგორია? - გვაქვს საოჯახო მარანი, ქვევრებით და დანადგარებით; ყურძნის ჯიშებზე ყველა ექსპერიმენტს აქ ვატარებ და ვაკვირდები. მესხური ღვინო, არატერასების, 2009 წელს დავაყენეთ. გემოვნური თვისებებით ის სრულიად განსხვავდება სხვა ქართული ღვინოებისაგან. მისი შედარება მსოფლიოში არსებულ სხვა ღვინოებთანაც კი ძალიან ძნელია; სომელიეებსაც კი უჭირთ ზუსტი დახასიათება. მესხური ღვინოებით დაინტერესდა ცნობილი გაზეთი "ლოს-ანჯელეს ტაიმსი", მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების ტოპათეულსა და სამეულშიც კი დაგვასახელეს, რაც დიდი მიღწევაც არის და დიდი სტიმულიც.

- როგორ აშენებდით ტერასებს? - რამდენიმე სპეციალისტი მოვიწვიეთ. ტერასების აღდგენა აქაურების აქტიური მონაწილეობით მოხერხდა. რესტავრატორი გიორგი დიასამიძეც აქაურია. გამოვიყენეთ მშრალი წესით ქვა-ქვაზე წყობის პრინციპი. ყოველ დეტალს, მათ შორის - ქვის წყობის სისქეს, განლაგებას, დახრილობას - ზუსტი გათვლა სჭირდება. პირველი რამდენიმე ტერასა, გამოუცდელობის გამო, ორ კვირაში ჩამოგვეშალა. ამის შემდეგ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა ის ძველი მეთოდები აღმოგვეჩინა, რომლებითაც ჩვენმა წინაპრებმა ეს ტერასები საუკუნეების წინ გააშენეს. ძალისხმევამ გაამართლა და დღეს საუკეთესო შედეგები გვაქვს.

ამ ტერასებს ისტორიულად "ხიზაბავრის დარიჯები" (დარიჯი ჯავახური ლექსიკონით ტერასას ეწოდება. - თ. ლ.) ერქვა. მალე გვექნება პირველი შედეგი - ამ ტერასებიდან ჩამოსხმული ღვინო და ვფიქრობთ მის ექსპორტზე გატანასაც.

ტერასები 12 ჰექტარზეა გაშლილი, ვაზი კი ჯერჯერობით 8 ჰექტარზე გავაშენეთ. გაისად ვაპირებთ დარჩენილი 4 ჰექტარის ათვისებასაც. წლეულს რაც დავკრიფეთ, პირველი ნიშანი იყო და სრულად გაამართლა ჩვენი მოლოდინი.

ტერასული მევენახეობა ჩვეულებრივისგან განსხვავდება და ბევრი დადებითი ეფექტი აქვს - ძალიან კარგია მზის სხივების დახრის კუთხე, აერაცია ანუ ვაზის განიავება, რაც დაავადებებისგან იცავს მცენარეს და შეწამვლა აღარ სჭირდება. მშრალ დღეებში ადვილია ტერასული ტიპის ვენახის ირიგაციაც. ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. მხოლოდ ვაზი არ არის, აქვეა ხეხილიც და მთელი გამწვანება ერთად საოცარ ლანდშაფტს ქმნის.

- პირველ რთველში სტუმრები თუ გყავდათ? - ჩვენ გვაქვს სახელობითი ტერასები, მაგალითად, "ჯაყელების ტერასა". მოგეხსენებათ, ჯაყელები ჩვენი კუთხის მმართველები იყვნენ და ახლაც მათი შთამომავლების სახით მთელ მსოფლიოში გვყავს დიდი გულშემატკივრები. პირველ რთველშიც გვესტუმრნენ და მუშაობაშიც მონაწილეობდნენ.

ასევე გვაქვს "ქართველ ებრაელთა მეგობრობის ტერასა", მესხეთში წინათ მცხოვრები ქართველი ებრაელების პატივსაცემად. პატარა აბრაც გავაკეთეთ, რომელზეც მათი სახელები ამოვტვიფრეთ; რამდენიმე მათგანი გვესტუმრა კიდეც.

400 წლის შემდეგ აღდგენილმა ვენახებმა ძალიან ბევრი მოიზიდა, ვისაც სურდა, საკუთარი თვალით ეხილა გაცოცხლებული მემკვიდრეობა. 200-მდე სტუმარი გვყავდა. მომავალში ფერეიდნელი ქართველებიც გვპირდებიან ჩამოსვლას.

ბედნიერი ვარ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი ემიგრანტების ყურადღებასა და სიყვარულს ვიმსახურებთ, ბევრი მათგანი გვეხმიანება და დახმარებას გვთავაზობს.

მიხარია, რომ საქართველოში თანდათან უფრო მეტად ექცევა ყურადღება ტერასულ მევენახეობას. ეს ტურიზმისთვისაც მიმზიდველი იქნება. ევროპაში - საფრანგეთში, შვეიცარიაში, პორტუგალიაში, იტალიაში - დიდი ყურადღება ექცევა ტერასულ მევენახეობას. მე შვეიცარიაში, ალპებში საგანგებოდ ჩავედი ასეთი ტერასების სანახავად.

ტერასულ მევენახეობაში, ჩვეულებრივთან შედარებით, მოსავალი ნაკლებია, მაგრამ სამაგიეროდ, ხარისხია მაღალი, რაც ქართული ღვინის მსოფლიოში პოპულარიზაციას დიდ სამსახურს გაუწევს.

თეკლა ლომთაძე