ახლა ფაროსანასთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლის დროა - კვირის პალიტრა

ახლა ფაროსანასთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლის დროა

ფაროსანასთან საშემოდგომო ომის შედეგებს გაზაფხულზე ვიხილავთ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობაც და მეწარმეებიც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან. ამ პერიოდისთვის გამოსაზამთრებლად მავნებელი შედარებით თბილ ადგილს ეძებს, ასეთი ადგილები კი დასახლებულ ნაგებობებში ეგულება. მოსახლეობა ნაცადი თუ გაგონილი მეთოდებით ცდილობს მასთან გამკლავებას, თუმცა ჯობს რეკომენდაციებს გავეცნოთ და მათ მიხედვით ვიმოქმედოთ.

აზიური ფაროსანა ამ ეტაპისთვის საქართველოს რამდენიმე რეგიონში მავნებლობს. მათ წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში 2018 წელს წარმართული ღონისძიებების შედეგად, მოსახლეობამ და სახელმწიფომ მიაღწიეს იმას, რომ აზიური ფაროსანა არ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში კი მისი რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, აზიური ფაროსანა არსებობის ყველა ფაზაში იცვლის საცხოვრებელს. აპრილის ბოლოდან აქტიურად იწყებს საკარმიდამო ტერიტორიიდან გამოსვლას და მავნებლობას. მომდევნო ფაზა ნიმფებისა და კვერცხდების, ანუ გამრავლების პერიოდია, რომელიც მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს, როცა მავნებელი ფართოდ ვრცელდება. შემდეგ, სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის განმავლობაში, ტემპერატურის კლების კვალობაზე, მავნებელი იწყებს მიგრაციას უფრო თბილ, ძირითადად დასახლებულ ადგილებში - სხვენებში, სახლებში თუ სხვა შენობებში, სადაც სითბო ეგულება. მნიშვნელოვანია ამ პერიოდისთვის ადამიანის აქტიურად ჩართვა მავნებლის მექანიკურად განადგურებაში, რადგან 1 მავნებელს წლის განმავლობაში 90 ათასამდე შეუძლია გამრავლება. ამიტომ საჭიროა მივმართოთ სახელმწიფოს მიერ რეკომენდებულ ზომებს.

ვინაიდან ტყის მასივებში ქიმიური ღონისძიებები კანონმდებლობით არის აკრძალული, სურსათის ეროვნული სააგენტო და ეროვნული სატყეო სააგენტო მავნებელს ტყის პირებზე "მოიზიდე და გაანადგურე" სადგურების მეშვეობით ებრძვიან. თუმცა, იმავდროულად, მნიშვნელოვანია ტყიდან გამოსული ფაროსანას მექანიკური ღონისძიებებით, მათ შორის, დამჭერი ხაფანგებით განადგურება.

აღსანიშნავია, რომ მექანიკურ მეთოდებთან დაკავშირებული ინფორმაციის გასავრცელებლად საკოორდინაციო შტაბისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურად აწყობენ. ხშირად კითხულობენ, რა იგულისხმება მექანიკურ მეთოდებში? მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციები თავსდება საცხოვრებელი სახლების ახლოს, მშრალ, მზიან ადგილებში. ამ გზით შესაძლებელია გამოზამთრებისთვის ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება; სახლებში შესული ფაროსანას მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება. რაც შეეხება "მოიზიდე და გაანადგურეს" მეთოდს:

ინსექტიციდით (მწერების საწინააღმდეგო პრეპარატი) გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის მიმდებარედ, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით მაგრდება ნათურა ან ფერომონი (ნივთიერება, რომლის არომატს მწერი ძლიერად მიელტვის). ბადესთან კონტაქტის შედეგად მავნებელი კვდება.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის რიცხოვნობა მაღალია, შეწამვლის სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით მიმდინარეობს. თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით 700 ათას ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული.

მავნებლის საწინააღმდეგო სახელმწიფო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

მკითხველს ფაროსანასთან დაკავშირებულ კითხვებზე ამომწურავ პასუხს გასცემენ ცხელ ხაზზე: 15-01.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:

www.parosana.ge