რატომ შეარქვა ტელეწამყვანმა საკუთარ თავს "დურგალი" - კვირის პალიტრა

რატომ შეარქვა ტელეწამყვანმა საკუთარ თავს "დურგალი"

ხშირად გვყოლია სტუმრად ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავში რაღაც ახალი უნარები აღმოაჩინეს, საქმეც წამოიწყეს, გამოუვიდათ და ახლა ამ საქმის კეთება სიამოვნებთ. როგორც ჩვენი რესპონდენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ნაშუადღევის" წამყვანი ირაკლი გაფრინდაშვილი ამბობს, მთავარია, საქმის კეთება გინდოდეს და ყველაფერი გამოგივა. ბოლო დროს მან ხეზე მუშაობა დაიწყო. მასალას გარემოში, ბუნებაში მოიპოვებს, საკუთარ თავს კი "დურგალი" შეარქვა...

- დურგლობა შემთხვევით დავიწყე. ხატვით დავინტერესდი, ფუნჯები და სახატავი ფურცლები მოვიმარაგე, რაღაცები დავხატე, მაგრამ დიდად არ გამომივიდა. მერე არტისტ კირსტი ელსონის ნამუშევრები ვნახე და იდეებიც გამიჩნდა. მაშინვე მშრალ ხიდზე წავედი, რაღაც დეტალები ვიყიდე და პირველი ნამუშევარი სწორედ დურგალი იყო, რომელიც ღვინის ბოთლის გასახსნელით (რაც ღვინის სიყვარულს განასახიერებს), კალმებითა (წერის სიყვარული) და გასაღებით (სახლს ნიშნავს) შევქმენი... სიტყვა "დურგალი" მომწონს, არადა, მეტყველებაში ნაკლებად იყენებენ და ზღაპრებში დაგვრჩა.

იმ ნახატს მოჰყვა ეს სახელოსნო, რომელიც მეზობელმა მათხოვა, მერე სკივრებიც მაჩუქეს, სადაც საჭირო მასალას ვალაგებ და იქიდან შემდეგ ჯადოსნობები ამომაქვს, რისგანაც კომპოზიციებს ვაკეთებ. ახლა შედუღების სწავლა მინდა, ნამუშევრები უფრო საინტერესო გამომივა.

ამას წინათ კარის გული ვიპოვე, არც საღებავი ამიცლია და არც ახალი წამისვამს, სხვა ელემენტები მივუსადაგე, რაც ახალ განწყობას აღძრავს.

- მასალას სად აგროვებ? - სამხერხაოებში, გადაყრილ ნარჩენებში ხის ნაჭრებს, ნაფოტებს ვეძებ. ტყეშიც უამრავი საინტერესო მასალის აღმოჩენა შეიძლება. ამის გარდა, ვიყენებ რკინას, ლურსმანს... ჟანგიანი ლურსმანი განსაკუთრებულად მიყვარს, ვიყენებ, ასევე გამხმარ მცენარეებს.

ცოტა ხნის წინ აბასთუმნის ტყეში ვიყავი... ტყე სულ სხვა შეგრძნებებსა და შთაგონებას გაწვდის. არ იცი, რომელი ხის ძირას რას წააწყდები. შეიძლება ფესვი იყოს, მოტეხილი ტოტი, ნაფოტი... გუშინ კუნძი ვიპოვე და ძალიან მომწონს...

როცა ვმუშაობ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ. საოცარი შეგრძნებაა, როცა არაფრისგან რაღაცას ქმნი. დილის რვა საათზე შემოვდივარ სახელოსნოში და ღამის პირველ საათამდე არ გავდივარ. დროის შეგრძნება მეკარგება.

- ქვაზე რას იტყვი? - ქვაც ძალიან მიყვარს... ანიმაციის გაკეთება მინდა, მაქვს სცენარი ჩემსა და ბაბუაზე. გივი ნაჭყებიას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რასაც ახლა ვაკეთებ. ბაბუასთან ერთად ხშირად ვაკეთებდი რაღაცებს. ახლა ვხვდები, ბავშვობაში მიღებული ის გამოცდილება მეხმარება.

- შენი დამზადებული ულამაზესი ჩიტის ბუდეები ვნახე. - სასტუმროსთვის დავამზადე 13 ცალი ჩიტის სახლი. ამ ზაფხულს კარგად ვიმუშავე, იმედია, ჩიტები წლეულს კარგად გამოიზამთრებენ.

- რას ვურჩევთ ადამიანებს, როგორ დაიწყონ? - მთავარია, სურვილი. პროცესი ისეთი საინტერესოა, რომ მაგნიტივით გიზიდავს, და თანაც კარგი დამამშვიდებელია.