ბოისას გამარჯვების მოედანი
ბოისას გამარჯვების მოედანი
"დაველოდები, რომ ვნახო, რა იქნება გახსნისას ქვევრებში. ეს ისეთივე განცდაა, როგორიც თამ­აშის წინ მოედანზე გასვლისას, როცა გამარჯვებაზე ვფიქრობდი..."

ვლადიმერ ბოისა სპორტსმენების ოჯახში იზრდებოდა. კალათბურთმა გაიტაცა, რაც მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა... სპორტული კარიერა 17 წლისამ სლოვენიაში, ლიუბლიანაში განაგრძო, რომელიც მისთვის და მისი ოჯახისთვის მეორე სამშობლო გახდა. სლოვენიას მოჰყვა იტალია, რუსეთი, საბერძნეთი, ესპანეთი და ხორვატია. ბოლოს კი საქართველოში დაბრუნდა, სადაც აქტიური საკალათბურთო კარიერა 2013 წელს დაასრულა. ამჟამად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის
ვიცე-პრეზიდენტია. იმავდროულად, საყვარელი გატაცებისთვისაც იპოვა დრო და მეღვინეობას მიჰყო ხელი. თავს იღბლიანად მიიჩნევს, რადგან ამბობს, რომ გარშემორტყმულია დიდებული ადამიანებით და პროფესიონალებით, რომლებიც დაუღალავად უზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს.

- საშუალება მაქვს, ვემსახურო ღვინის დაყენების ძირძველ ქართულ, ტრადიციულ მეთოდს და თითოეულ ბოთლში ჩემი სული ჩავაქსოვო. ჩემი
გატაცება ღვინის სახელობითი ბრენდის წარმოებაში გადაიზარდა. თელავის მახლობლად, სოფელ შალაურში მაქვს ვენახი და მარანი. ღვინის დამზადებისას ტრადიციულ მეთოდს მკაცრად ვიცავ, ვიყენებთ სხვადასხვა სახის ქვევრებს, ადგილობრივ, ტრადიციულ თიხის ჭურჭელს - მათი ასაკი 100 წელსაც აღწევს.

ჩემი ვაზი ბიოლოგიურად სუფთა მეთოდებით გაშენებულ ვენახში იზრდება. ფერმენტაცია ბუნებრივად მიმდინარეობს, სახამებლის ან სხვა მასალის დამატების გარეშე.
ვაზისადმი დიდმა სიყვარულმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი და ფული არაფერ შუაშია. 2014 წელს მეგობრის მარანში შევედი­ და ვნახე, რომ ძალიან მოუვლელი იყო. ხელი შევავლე, გავარემონტე და უკვე ოთხი წელია, ვიყენებ. მანვე მათხოვა ვენახიც - თვითონ არ იყო ამ საქმიანობით დიდად დაინტერესებული და მე მივხედე.

ახლა რქაწითელის მოსავალი 3-4 ტონამდეა, თუმცა წლეულს სეტყვა დაგვერთო­ და რქაწითელი კიდევ ვიყიდე, საფერავიც; წლეულს პირველად დავამატე ქისი და ხიხვი. ქვევრებს რომ გავხსნი, სამი ღვინო - რქაწითელი, საფერავი და ქისი მექნება.

- ღვინოს ასწლოვან ქვევრებში აყენებთ?
- ბოთლებს ეტიკეტზე აწერია, რომ მარანი ძალიან ძველია და ქვევრები 1910 წელს არის ჩაყრილი. უჩემოდ არაფერი კეთდება, მაგრამ პროფესიონალი მეღვინე მეგობრების რჩევებს ვითვალისწინებ.

- პროფესიული კალათბურთის შემდეგ ეს საქმიანობა რა არის თქვენთვის?
- კალათბურთს თავი დავანებე და პენსიისთვის ვემზადები. მიმაჩნია, რომ კარგი მეღვინე ვარ, თუმცა კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. მეღვინეობა ჩემთვის ჯერჯერობით გატაცებაა, მაგრამ მომავალში აუცილებლად ვიქნები პროფესიონალი მეღვინე.

- რით განსხვავდება თქვენი ღვინო სხვებ­ისგან?
- ჩემი ღვინო ისეთია, როგორიც მე ვარ - მივდევ ძველ ტრადიციას, დაწურულ მასას ქვევრებში ვათავსებ და აპრილამდე ვხურავ. გასულ კვირას დავლუქეთ და ახლა დაველოდები, რომ ვნახო, რა იქნება გახსნისას ქვევრებში. ეს ისეთივე განცდაა, როგორიც თამ­აშის წინ მოედანზე გასვლისას, როცა გამარჯვებაზე ვფიქრობდი... ოღონდ, ამ სამზადისისას არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ფულს იშოვი... 3 ტონა რქაწითელიდან 2000 ბოთლი გამოდ­ის, საფერავი კი 1000-1500 ბოთლია. ახლა ქისი და ხიხვი რომ დავამატე, 4000 ბოთლამდე ავალ. აქამდე ორ რესტორანს და მაღაზიას ვამარაგებდი, ახლა 30-40% უცხოეთში­ მიდის. 2016 წლის საფერავი ისეთი კარგი გამოვიდა, მეუბნებიან, არ გაყიდო, კიდევ ორი წელი იყოს მარანშიო.

- რას ურჩევთ მეღვინეობით დაინტერესებულ ადამიანებს?
- ამ საქმეს მატერიალური თვალსაზრისით არ უნდა შეხედო, თორემ აზრი არა აქვს კეთებას. ღვინო უპირველესად, უნდა გიყვარდეს, მერე ძალიან გინდოდეს მასთან ურთიერთობა. არა მგონია, ამ საქმით 3-4 წელიწადში ვინმემ ბევრი ფული იშოვოს, მაგრამ არც წააგებს.
თუ ოჯახში მეღვინეა და მის ტრადიციას­ ვინმე აგრძელებს, უფრო ადვილია დაწყება და თუ შესაძლებლობაც გაქვს და სურვილიც, მაშინ აუცილებლად უნდა დაიწყო. თუმცა ვერავის დავამშვიდებ და ვერ ვეტყვი, რომ წარმატება მაშინვე მოდის. ცოტა დრო უნდა...
მაქვს კონიაკის ბრენდიც... ოჯახი ყველაფერში გვერდში მიდგას. ჩემი ძმა ტოლიც აქტიურია. ვხუმრობთ, თუ ვერ გავყიდით, დავლევთ მაინც და მოგებული დავრჩებითო.

- წინაპრებში მეღვინე არავინ გყოლიათ?
- არავინ. ჩემი შვილები თუ მოინდომებენ, გააგრძელებენ. ყველას აქვს თავისი არჩევანი. მეგონა, ჩემი შვილები კალათბურთს ითამაშებდნენ, მაგრამ ერთი ფრენბურთს თამაშობს, მეორე - ფეხბურთს. ყველაფერი მათი გადასაწყვეტია.