"ყველაზე კარგად ოქროს ვაშლები მეყიდება" - კვირის პალიტრა

"ყველაზე კარგად ოქროს ვაშლები მეყიდება"

ქარელის რაიონის სოფელ მოხისში, კახი გოჩიაშვილის ოჯახმა 14 წლის წინ გადაწყვიტა ვაშლის ბაღი გაეშენებინა. გოლდენის, ბანანისა და აიდარიდის ჯიშის 165 ძირზე წლეულს 16 ტონა მოსავალი მოიწიეს. მაგრამ სიუხვემ გასაღების პრობლემა გააჩინა.

კახი გოჩიაშვილი: - ზოგი ჭირი მარგებელიაო, მეც ავდექი და სამეზობლოს, სანათესავოსა და სამეგობროს დავურიგე. სუფთა ვაშლი თვალადობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, უმეტესობას ხალები უჩნდება, მოკლედ, სადახლე არ არის. ადამიანი ასეთ ვაშლს რომ ხედავს, ჰგონია, არაჯანსაღი პროდუქტია, არადა, პირიქითაა. მიხაროდა, უხვი მოსავალი მომდის-მეთქი. რამდენიმე ვაშლის სავაჭრო კომპანიას დავუკავშირდი და დამაიმედეს, მთავარია, ბიოპროდუქტი იყოს და ნებისმიერი რაოდენობით ავიღებთო, საქმე საქმეზე რომ მიდგა, უარით გამომისტუმრეს - შეუხედავიაო. ვცადე, დამერწმუნებინა, რომ ბუნებრივად მოწეული ნაყოფი უხინჯო ვერ იქნებოდა. გაეღიმათ, ამას დახლზე ვერ დავაწყობთ და რომც დავაწყოთ, ზედ არავინ შეხედავსო. რა გაეწყობოდა, ცოტა თბილისის ბაზრებში გადამყიდველებს დავუტოვე და ჩემი ავლადიდებით უკან დავბრუნდი. წამოსვლამდე სპეციალურ აპარატზე შევამოწმე და ბიოლოგიური სისუფთავის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში იყო. ვაშლის გადამმუშავებელ საწარმოებში, სადაც წვენებს ამზადებენ, ისეთ მცირე თანხას იხდიან, ხარჯს ვერ ანაზღაურებს. აგარაში, სპირტის სახდელში, 1 კილოგრამში 8 თეთრს იხდიან. ეს თანხა მუშის ფულსაც ვერ ასწორებს, ხეზე ან ძირნაყარი რომ მოაკრეფინო.

შარშან მთლიანად დამესეტყვა, კომპენსაციად კი მხოლოდ 116 ლარი ავიღე. ვაის გავეყარე და უის შევეყარეო, ისეა ჩვენი საქმე. თუ მოყინვას, სეტყვასა და ათას დაავადებას გადაურჩა მოსავალი და ტენიანი წელიწადის პირობებში ჭარბად მოვიდა, მერე გასაღება ჭირს ან ფასია დაბალი.

ბაზარი არეგულირებსო, აცხადებენ სახელმწიფო სამსახურებში. რომელი ბაზარი, რომელიც არ არსებობს, სისტემურად მოშლილია და არ მუშაობს?

ბუნებამ წლეულს დაგვინდო, კვირტი კარგად შერჩა ტოტს და კარგადაც დაიხუნძლა, ახლა კი სხვა ჭირმა იჩინა თავი. რამდენიმე წლის წინ, ცხელ გულზე, ბაღის ამოყრასაც ვაპირებდი, მაგრამ ვერ გავიმეტე.

ნატურალურს უნაკლოს ვერ მოიყვან, ბუნებრივი მოვლენები არ მოგცემს ამის საშუალებას. მხოლოდ ნაკელი მაქვს შეტანილი, შხამ-ქიმიკატებს არ ვაკარებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემმა შვილებმა უნდა ჭამონ.

ნაყოფს რომ ნირი არ შეეცვალოს, ყოველი წვიმის მერე დამუშავება სჭირდება. ეკოლოგიურ სისუფთავეს ვაშლს დროული ვიტამინიზებაც უნარჩუნებს. იმუნიტეტი უძლიერდება და მთელ წელიწადს გამძლეა დაავადებების მიმართ.

ყველაზე კარგად გოლდენი, ჩვენებური ოქროს ვაშლი მეყიდება. საბედნიეროდ, ჩემი კლიენტი მყავს და თვითონ მაკითხავენ ბაღში. მენანება - დაახლოებით ასი ყუთი, თუ მეტი არა, მაინც ყრია დაბლა. სანამ დანარჩენსაც იგივე ბედი არ სწევია, უნდა მივხედო, გამვლელ-გამომვლელს დავურიგო, შინაურ-გარეულის მადლი მოვისხა, ვაშლის ჩირი გავუმრავლო მარანში, თუ მოისურვებენ, საბავშვო ბაღებსა და სკოლებს გავუგზავნო საჩუქრად. მადლობა ღმერთს, რომ ამის საშუალება მაინც მაქვს.

კახა მჭედლიშვილი