თხუნელების მიწისქვეშა ქვეყანა - კვირის პალიტრა

თხუნელების მიწისქვეშა ქვეყანა

ეს პატარა ცხოველები გამუდმებით თხრიან, რითაც აფხვიერებენ და ჟანგბადით ამდიდრებენ ნიადაგს

თხუნელას შესახებ ნებისმიერ ჩვენგანს ბავშვობიდანვე სმენია. ვიცით, რომ ეს პატარა ცხოველი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს და მიწის თხრის დიდოსტატია. ჩვენს ქვეყანაში თხუნელა ყველგან ბინადრობს. უფრო ხშირად გვხვდება ნოტიო ადგილებში, სადაც ნესტიანი ჰავაა და ნალექიც უხვად მოდის. თხუნელა ბინადრობს ტყეებში, ველ-მინდვრებში, ბოსტნებსა და ბაღებში. უფრო დაწვრილებით ამ იდუმალ და საინტერესო არსებაზე გვესაუბრება თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილი.

- თხუნელა მცირე ზომის ძუძუმწოვარი ცხოველია. მისი მაქსიმალური სიგრძე 20 სანტიმეტრია. შესაბამისად, მცირეა თხუნელას წონაც. ის უფრო ღამის ცხოველია, რომელიც მთელ ცხოვრებას მიწის ქვეშ ატარებს.

თხუნელას თვალები არა აქვს. ბრმაა და ეს ზედგამოჭრილია მისი ცხოვრების სტილისთვის: თვალები რომ ჰქონდეს, დიდი დისკომფორტი შეექმნებოდა, რადგან მიწის ნაწილაკები თვალებში ჩაეყრებოდა. თხუნელას არა აქვს არც ყურის ნიჟარა, აქვს მხოლოდ ყურის ნახვრეტები და მაინც შესანიშნავი სმენით გამოირჩევა. თხუნელას აქვს უზადო ყნოსვა და შეგრძნების უნარი. როგორც აღვნიშნეთ, მთელ სიცოცხლეს მიწაში ატარებს. ზაფხულობით მიწის ზედაპირთან ახლოს ამოდის, ხოლო ზამთარში, როცა ცივა, ღრმად ჩადის - შეიძლება 1,5-2 მეტრ სიღრმესაც კი მიაღწიოს.

- სად არის ეს ცხოველი გავრცელებული? - ისინი ბინადრობენ ყველგან, სადაც მათთვის ხელსაყრელი გარემოა. უფრო ისეთ ადგილებს ეტანებიან, სადაც საკვების შოვნა ადვილია, ანუ დაბლობსა და ბარში. ძირითადად, გვხვდება ევრაზიის, ასევე ამერიკის კონტინენტზე, გავრცელებულია საქართველოშიც. მისი ნახვა თითქმის ყველა რეგიონში შეიძლება, მაღალმთიანი რეგიონების გარდა, სადაც მკაცრი და ცივი კლიმატის გამო ვერ ჩერდება.

- ამდენ მიწის თხრას როგორ ახერხებს? - თხუნელას აქვს კონუსის ფორმის სხეული, მეტად ძლიერი კიდურები და ასევე ძლიერი ბრჭყალები - ეს თვისებები ეხმარება მას მიწის თხრაში. თხუნელა მტაცებელი ცხოველია და ყველაფერს სანსლავს, რასაც მოერევა. მისი საყვარელი საკვებია ჭიაყელები, რომლებსაც გამუდმებით დაეძებს.

რაც უფრო მცირე ზომისაა თხუნელა, მით უფრო მგრძნობიარეა სიცივისა და სიცხის მიმართ. ის მთელ ცხოვრებას მოძრაობაში ატარებს, რადგან გამუდმებით დაეძებს საკვებს. დაზამთრებამდე, სხვა წვრილი ძუძუმწოვრების მსგავსად, ისიც იმარაგებს საკვებს და მერე ამ მარაგს მთელი ზამთრის განმავლობაში იზოგავს.

ძალიან საინტერესოა მისი ბეწვი, რომელსაც ნებისმიერი მიმართულების მიღება შეუძლია, რაც თხუნელას როგორც წინ, ასევე უკან ხოხვასა და თავისუფალ მოძრაობას უადვილებს.

- როგორ მრავლდებიან თხუნელები და უვლიან ნაშიერებს? - თხუნელები წელიწადში ერთხელ, გაზაფხულზე მრავლდებიან. დედა თხუნელა პატარა ბუნაგს აწყობს, რომ შთამომავლობის გასაზრდელად თადარიგი დაიჭიროს. ბუნაგების მოწყობასა და ნაშიერების გაზრდაში მამრი თხუნელები არ ერევიან. როცა პატარები წამოიზრდებიან, დედას ტოვებენ და დამოუკიდებლად ცხოვრობენ, როგორც დიდი თხუნელები. როგორც წესი, თხუნელა ხუთამდე ნაშიერს შობს, ზოგჯერ - მეტსაც. ისინი მარტოხელა ცხოვრების წესით ცხოვრობენ, მხოლოდ გამრავლების პერიოდში, ძალიან ცოტა ხნით ეწყვილებიან ერთ თხუნელას და მერე ისევ ცალ-ცალკე განაგრძობენ ცხოვრებას.

- ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ თხუნელა მავნებელი ცხოველია. თქვენ რას იტყვით? - ბუნებაში მავნებელი და სასარგებლო ცხოველები არ არსებობენ, თითოეულს აქვს თავისი როლი და დანიშნულება. ასეთი დაყოფა ადამიანებმა მოიგონეს. გლეხები ხშირად მიიჩნევენ თხუნელას მტრად, რადგან მან შეიძლება ბაღებსა და ბოსტნებს ზიანი მიაყენოს, მცენარეების ფესვები შეჭამოს და ნათესები დააზიანოს, მაგრამ აქ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტია გასათვალისწინებელი: ეს პატარა ცხოველები გამუდმებით თხრიან, რითაც აფხვიერებენ და ჟანგბადით ამდიდრებენ ნიადაგს. ამით მეტი სარგებლობა მოაქვთ. არის შემთხვევები, როცა მთელი მინდორი მოფენილია თხუნელების ამოთხრილი პატარა ორმოებით. მათ ძალიან ცოტა ხნით შეუძლიათ მზის სინათლეზე ამოსვლა და მერე კვლავ საკუთარ საცხოვრებელ გარემოს უბრუნდებიან. სხვათა შორის,

ბევრ ოჯახს მოშინაურებული თხუნელა ჰყავს. ზრდიან, უვლიან, თხუნელაც იოლად ეჩვევა პატრონს. მისი მოშინაურება არცთუ ძნელია. ისიც უნდა ვთქვა, რომ თხუნელა დიდხანს არ ცოცხლობს - მხოლოდ რამდენიმე წელიწადს, ისევე, როგორც სხვა პატარა ცხოველები.

- მონადირეებისთვის საინტერესო ცხოველია? - თხუნელას ბეწვი ძვირფასად არის მიჩნეული. ამის გამო მათ თითქმის ანადგურებდნენ. წარმოიდგინეთ, რა პატარაა ეს ცხოველი და ერთი ქურქის შესაკერად რამდენი თხუნელა უნდა მოეკლათ... ამით უზარმაზარი ზიანი ადგებოდა მთელ პოპულაციას. დღეს თხუნელებზე ასე დაუნდობლად აღარ ნადირობენ. ზოგჯერ მას მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ ბაღებსა და ნათესებს ზიანს აყენებს. ადამიანები ამის გამო ემტერებიან თხუნელას, თორემ ხორცის გამო მასზე არავინ ნადირობს.

- ცნობილია, რომ ჩვენს რეგიონში კავკასიური თხუნელაა გავრცელებული. რით გამოირჩევა ის სხვა სახეობებისგან? - მსოფლიოში არსებობს თხუნელას სხვადასხვა სახეობა. ჩვენთან გავრცელებული კავკასიური თხუნელა ბუჩქების ან ხის ქვეშ ბუდობს და წლის განმავლობაში ბეწვს სამჯერ იცვლის. ჩვენებური თხუნელაც ჭია-მატლებითა და მწერებით იკვებება და თავისი უცხოელი თანამოძმეებისგან მაინცდამაინც არ განსხვავდება.

ხათუნა ჩიგოგიძე