"გვყავს ორი კუ, ხუთი კატა, ერთი ძაღლი და... ხუთი შვილი" - კვირის პალიტრა

"გვყავს ორი კუ, ხუთი კატა, ერთი ძაღლი და... ხუთი შვილი"

"მინდა, ბავშვებმა ნახონ, როგორ იზრდება მიწიდან მცენარე, ხანდახან მათაც ვარგვევინებ. ახლა ლობიო აღმოაცენეს, ყველას თავისი ქოთანი აქვს და ვნახოთ, რომელი უფრო ჩქარა გაიზრდება"

ხუთი შვილის დედაა, შვილებზე ზრუნვასთან ერთად გარემოზე ზრუნვასაც ასწრებს, გულმოდგინედ უვლის საკუთარ ეზო-კარს როგორც თბილისში, ასევე გორში, უვლის მცენარეებს, ხეხილსა და ცხოველებს... პროფესიით მსახიობი, სცენაზეც ბოლომდე იხარჯება და სხვანაირი ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენია. მსახიობ ქეთა ლორთქიფანიძეს ჩვენი მკითხველი დღეს განსხვავებულ ამპლუაში იხილავს.

- მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა თუ ქოთნის მცენარეები დიდად არ უყვარდა მამაჩემს, ჩემმა არაჩვეულებრივმა ბაბუამ ლევან ლორთქიფანიძემ ბუნებასა და ნარგავებზე ზრუნვა შემაყვარა. ლაგოდეხში ძალიან კარგი ნაკვეთი ჰქონდა, სადაც იყო ვაზი, ხეხილი, მოგვყავდა ბადრიჯანი, პამიდორი და სხვადასხვა ბოსტნეული. პატარაობიდანვე მივიღე ამ საქმეში ცოდნა და გამოცდილება. მოკლედ, მე და ბაბუა დავდიოდით და ვუვლიდით ნაკვეთს. მერე დიდობაში ჩემი ყოფა ისე აეწყო, რომ ვერსად მოვახერხე მისწრაფების ასრულება და საბოლოოდ, რამდენიმე წლის წინ, ჩემი მეუღლის სახლში, გორში მომეცა შესაძლებლობა. გვაქვს ეზო და ვცდილობ ბავშვობის გახსენებას. მართალია, პამიდორი და ბადრიჯანი აღარ მოგვყავს, მაგრამ გვაქვს ხეხილი, სხვადასხვა ბუჩქი, ყვავილები. ვუვლით და ვალამაზებთ გარემოს. ბამბუკების მწკრივი პატარა ნიავის დროსაც სასიამოვნოდ შრიალებს და ჩვენს პატარა ეზოს იდუმალებას სძენს.

განსაკუთრებით ვარდი მიყვარს, გვაქვს კენკროვანი ბუჩქებიც, ვაზის ხეივანი, რომლის ქვეშაც მშვენიერი ჩრდილია ზაფხულში. მიყვარს ჩვენი შროშანები, ნარგიზები, სხვადასხვა ფერის ტიტები, ქრიზანთემები... ძირითადად, ბოლქვოვანები გვაქვს, პერიოდულად მიწიდან ვიღებთ ბოლქვებს, ვინახავთ და შემდეგ ხელახლა ვრგავთ.

- როგორც ვიცი, ცხოველებსაც უვლით. - კი, ჩვენთან ეზოში დასეირნობენ კატა, ძაღლი, კუები და ზღარბები. სადაც გადავაწყდებოდი, შინ მომყავდა. კუ, რომელსაც მარკო პოლო დავარქვი, ქუჩაში ვიპოვე, ხიდზე გადადიოდა. კუ დელტას სახელი ჩემმა შვილებმა დაარქვეს. ახლა ეზოში სეირნობენ. მიყვარს კუ, ზამთარში იძინებენ, გაზაფხულზე ვპოულობ და ძალიან მიხარია. ზამთარში ისე დაიკარგებიან, ხანდახან მგონია, რომ აღარც გამოვლენ...

მოკლედ, გვყავს ორი კუ, ხუთი კატა, ერთი ძაღლი. ძაღლს საინტერესო ისტორია აქვს. ჩემი დაბადების დღეზე მეგობრები თბილისში, კაფეში დავპატიჟე. წასვლის დროს ეზოში რომ გამოვედი, შემომეჩეხა გასაცოდავებული, მოუვლელი, მშიერი ძაღლი. ყურადღება მაშინვე მივაქციე, მეზობლებიც მომეხმარნენ, მათ შორის ჩემი არაჩვეულებრივი მეზობელი, მსახიობი ეკა ნიჟარაძე, და ძაღლს ფოტოები გადაუღო.

სოციალურ ქსელში მაშინვე ატვირთა, მაგრამ პატრონი არ გამოუჩნდა. გამოვიძახეთ `112~ იმ იმედით, რომ მასზე იზრუნებდნენ. მერე დავწერე თხოვნის წერილი, თუ პატრონი არ გამოჩნდებოდა, ძაღლი ჩემთან დარჩენილიყო. მას მერე 2 წელია, ჩვენს ოჯახში ცხოვრობს.

ბუნება ხომ ძალიან მიყვარს, ბოლო დროს კი ცხოველების გამრავლება-მოშენებას მივყავი ხელი. შინ მომყავს და მერე ვცდილობ პატრონიც გამოვუძებნო.

- დავუბრუნდეთ მიწას, რას გრძნობთ მუშაობისას? - დიდ ენერგიასა და სიმშვიდეს. ერთ ამბავს გავიხსენებ. მოგეხსენებათ, თეატრში მუშაობა სტრესია, სპექტაკლები, დამღლელი რეპეტიციები და როცა ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში ვმუშაობდი, იმ პერიოდში ბევრი მცენარე გავაშენე. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი, დიდი ვერანდა მქონდა და გავავსე ყვავილებით.

ყოველ ხელფასზე 4 ახალ ნარგავს ვყიდულობდი. თუ გადასარგავი იყო მცენარე, ვრგავდი და ამით ბედნიერი ვიყავი, და მშვიდ გარემოში ვცხოვრობდი შვილებთან ერთად.

პატარა ეზო თბილისშიც მაქვს, სადაც ასევე ბევრი მცენარე ხარობს. ოჯახს რესტორანიც გვაქვს, სადაც ნარგავებით გაზონები გავამწვანეთ. გვაქვს ხე პავლოვნია, იქვეა ჩემი უსაყვარლესი მცენარე დატურა. იასამნისფერია, გარდამავალი ფერის ყვავილები აქვს და სხვადასხვა ფორმის ბურთები. ყველა სტუმარი ჩერდება და მასთან სურათებს იღებს. ერთ-ერთი პოპულარული `გმირია~ ჩვენი რესტორნის რეალობაში.

ახლა მევენახეობაშიც მინდა ვცადო ბედი. მე და ჩემი მეუღლე ვარიანში ვაზის ჩაყრას ვაპირებთ. ხანდაზმული ნარგავები უკვე ამოვყარეთ. ძირითადად, ქართლის ჯიშებს მოვაშენებთ - დირბულას, ჩინურს, გორულ მწვანეს... მეღვინეობა-მევენახეობა უძველესი დარგია, ცოცხალი და უკვდავი, ამიტომ გვინდა ჩვენც ავითვისოთ. მით უმეტეს, ჩვენი ბუნება ამის საშუალებას იძლევა. მომავალში გორში საცხოვრებლად გადასვლაც მინდა, ალბათ, როცა ბავშვებს წამოვზრდი.

- მრავალშვილიანი ახალგაზრდა დედა ხართ, შვილებს თუ ასწავლით შრომას?

- უმცროსი ვაჟი, 8 წლის იოანე, დაინტერესებულია და ვცდილობ ამ საქმიანობაში ჩაერთოს, დანარჩენებში ჯერჯერობით დიდ ინტერესს ვერ ვხედავ... აქ, თბილისში, შინ ქოთანში ხან ხახვს ჩავრგავ, მწვანილს დავთესავ, რომ ნახონ ბავშვებმა, როგორ იზრდება მიწიდან მცენარე, ხანდახან მათაც ვარგვევინებ. ახლა ლობიო აღმოაცენეს, ყველას თავისი ქოთანი აქვს და ვნახოთ, რომელი უფრო ჩქარა გაიზრდება.

- ბევრ საქმეს აკეთებთ - ოჯახი, ბავშვები, მამულისა და ცხოველების მოვლა, თეატრი... როგორ აუდიხართ? - დედაჩემი ამბობს, რაც მეტი საქმე აქვს ქალს, მით მეტ რამეს ასწრებსო. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული საქმის კეთება, მაგრამ საქმე გადავანაწილე. თეატრის ცხოვრებითაც აქტიურად ვცხოვრობ. მაქვს რეპეტიციები, სპექტაკლები, მუდმივად დატვირთული ვარ, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, გორში გავრბივარ, რომ იქაც ვიმუშაო.

- რას ურჩევთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მოყვარულებს? - დღევანდელ სტრესულ გარემოში ეს არის ყველაზე დიდი გამოსავალი, რათა სულიერი სიმშვიდე მოიპოვონ. მიწას თუ მოვეფერებით, აუცილებლად დაგვიბრუნებს შედეგს. ნუ ვიტყვით ამაზე უარს და დამიჯერეთ, გარშემო ბევრი ღიმილიანი სახე გაჩნდება, სითბოთი აივსება სამყარო.